მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 12


 

ესე თუე არს თქუენდა დასაბამად თუეთა (1) (2) ათსა ამის თვისასა მოიბინ კაცად-კაცადმან კრავი სახლად-სახლად. (6) და იყოს თქუენდა დამარხულ ვიდრე მეათოთხმეტ დღედმდე თუესა ამას და დაკალნ იგი ყოველმან სიმრავლემან კრებულისა ძეთა ისრაელისათამან მიმწუხრი. (7) და მოიღოს სისხლისა მისისაგანი და სცხოს ორთავე წყირთლთა და ზღურბლსა კარისასა სახლსა შინა, რომელსა-იგი ჭამდენ მუნ. კრავი ჩვენს უფალს გამოხატავს, რომელიც ნისანის მეათე დღეს ქალწულის წიაღში შთავიდა. სწორედ იმიტომ უთხრა ანგელოზმა ყოვლადწმიდა ქალწულს: ესე მეექუსე თუე არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ (ლუკა 1, 36), ზაქარიამ იოანეს შობასთან დაკავშირებული კეთილუწყება მეშვიდე თვის მეათე დღეს მიიღო, ხოლო ექვსი თვის შემდეგ ანგელოზმა მარიამს პირველი თვის მეათე დღეს ახარა. ამგვარად, მეათე დღეს კრავი დაამწყვდიეს, ხოლო უფალი ჩაისახა. მეთოთხმეტე დღეს კრავი დაიკლა, როგორც ჯვარზე გაკრული უფლის წინასახე, ხოლო მწარე ბალახთან ერთად ხმიადების ჭამა გამოხატავს უფლის ახალ საიდუმლოს, რომელსაც სიმწრითა და მწუხარებით იღებენ მისი თანაზიარნი. (11) წელნი თქუენნი მორტყმულ იყვნენ და ხამლნი თქუენნი ფერთა თქუენთა. ეს გამოხატავს მოწაფეთა ახალ კრებულს, რომელიც მზად არის, წავიდეს და სახარება იქადაგოს. კუერთხი ხელთა თქუენთა. ეს არის ჯვრები მოციქულთა მხრებზე და ჭამეთ იგი სწრაფით (სათარგმნ წყაროში: ფეხზე დგომით - стоя на ногах ваших), რადგან შეუფერებელია ცოცხალი სხეულის მიღება მჯდომარე მდგომარეობაში. (45) მწირმან … არა ჭამოს მისგანი. რადგან მოუნათლავი (ქრისტეს) სხეულს არ ეზიარება. (10) ძუალი არა შეჰმუსროთ. მართალია, უფლის ხელ-ფეხი სამსჭვალებით იყო განმსჭვალული, ფერდიც – ისრით განგმირული, მაგრამ მისი ძვალი არ შემუსრულა.

შუაღამისას ყველა ეგვიპტელი პირმშო მოკვდა და თითოეული ეგვიპტელი თავის სახლში საკუთარ პირველ ვაჟს დასტიროდა. როგორც მდინარე აივსო ებრაელი პირმშოებით, ისე აივსო კუბოები ეგვიპტელი პირმშოებით. და მოიხმო ფარაონმა მოსე და მისი თანმხლები პირნი და უთხრა: (32) ვიდოდეთ და წაიღეთ, რასაც ფლობთ, და მაკურთხეთ მეცა. მოსე ფარაონის მონებზე ამბობდა, რომ შესთხოვდნენ მას ქვეყნიდან გასვლას, მაგრამ სინამდვილეში უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე მან თქვა: მონების ნაცვლად თვით ფარაონი სთხოვდა, რომ წასულიყვნენ, აიძულებდა კიდეც და არა იმიტომ, რომ შეინანა, არამედ შიშის გამო, რათა არ დაღუპულიყო ეგვიპტელი პირმშოებივით. (37) წარმოვიდეს ძენი ისრაელისანი რამესით სოქოთად ექუსას ათასი მამაკაცი მკვირცხლი. (40) ხოლო მწირობაი ძეთა ისრაელისათაი, რავდენ მწირობდეს იგინი მამანი მათნი ქუეყანასა ეგვიპტისასა და ქუეყანასა ქანაანისასა, ოთხას ოც და ათ წელ. წლების ეს რიცხოვნობა იქიდან კი არ უნდა დავთვალოთ, რაც იაკობი ეგვიტეში შევიდა, არამედ იქიდან, როცა ღმერთმა აბრაამთან აღთქმა დადო. ებრაელმა ერმა თან წამოიღო ეგვიპტური ანგარება, მოსემ კი იოსების ნეშტი და გამოვიდნენ ეგვიპტიდან შეიარაღებულნი. იმ დროიდან მოყოლებული ღმერთი მათ გზას დღის განმავლობაში ღრუბლებით უნათებდა, დაღამებულში კი ცეცხლის სვეტით.



წინა - სარჩევი - შემდეგი