ებრაელებს შემდეგი დღესასწაულები ჰქონდათ: პირველი, (6) დღესასწული უცომოთაი უფლისა, ეგვიპტიდან გამოსვლის მოსახსენებლად; მეორე - პირველმოწევნული ძნის შეწირვა, მკის დაწყება, რომელიც გამომკვებავი ღვთისადმი მადლიერების ნიშანია; მესამე – ახალი წლის დღესასწაულია; მეოთხეა მარხვისა და დამცირების დღესასწაული, რომელიც კერპთთაყვანისცემის გამო აღინიშნება. (იგულისხმება ებრაელთა მიერ უდაბნოში ხბოს კერპის აღმართვა.) ამ უკანასკნელს უერთდება მსგავსი დღესასწაულები, რომლებსაც ბაბილონის ტყვეობამდე აღნიშნავდნენ. მეხუთე იყო კარვობის დღესასწაული იმის პატივსაცემად და მოსახსენებლად, ვინც მათ ღრუბლით ჩრდილავდა. ღვთისმსახურების წესი ებრაელებთან ასეთი იყო: გუნდრუკის ყოველდღიური კმევა, ლამპრის ანთება საღამოდან დილამდე, ერთ სასანთლეზე ჩაუქრობელი ცეცხლის დაცვა და წინადაგების პურის შეწირვა შაბათიდან შაბათამდე, რომლის ჭამაც მხოლოდ მღვდლებს შეეძლოთ.
(24) თთუესა მეშვიდესა, ერთსა მის თთვისასა იყავნ თქუენი განსუენებაი, სახსენებელი საყვირთა დაბერვისაი, (27) მეათესა დღესა თთვისა ამის მეშვიდისასა, (32) შაბათი შაბათთაი (40) რაითა იხარებდეთ თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა. ამით ღმერთი თავის ხალხს მოუწოდებდა, ემარხულათ და განეჭვრიტათ ყველა გონიერი არსება. (40) მოიღოთ დღესა მას პირველსა ნაყოფი ხისაი შუენიერი და ფურცელი დანაკისკუდისა და რტოები ხეთა ბორობანთაი და ძეწნისა და ტირიფისაგან, რტოები ხევთაგან. ოთხი სახის ტოტი გამოხატავს მჭვრეტელთა ოთხ დასს, რაც სხვა ადგილას გამოხატულია ოთხი ეტლითა და ოთხი ცხოველით. ჰადარის ხის ტოტებში ცის აღმოსავლეთ კარვებში პირველი დასი იხილება, ფინიკის რტოებში – მეორე დასი სამხრეთ კარვებში, ძეწნის ტოტებში – მესამე დასი დასავლეთში, ტირიფის ტოტებში – მეოთხე დასი ჩრდილოეთში. ამასთან, იცოდე, რომ ეს კარვები ხელთუქმნელია და იქ მყოფი წმინდანთა დასები არ იცვლიან თავიანთ ადგილებს.
წინა - სარჩევი - შემდეგი