კაცმან, რომელმან ჭამოს წმიდაი იგი უმეცრებით (14), ანუ მეათედი ან აღთქმით შეწირული, დაურთოს ნახუთალი მისი მას ზედა და მისცეს მღდელსა მას წმიდაი იგი.
(23) ხბოი ანუ თუ ცხოვარი, ყურკუეთილი. ხბო ან ყურმოკვეთილი ცხვარი არის ღმერთისთვის საძულველი დაუმორჩილებლობის გამომხატველი სახე. ანუ თუ კუდმოკლე. ეს გამოხატავს ადამიანს, რომელიც მზად არის, ყოველთვის იკამათოს და ცბიერებას მიმართოს. (24) გამოტეხილი და შეჭყლემული და მოკუეთილი და აღმოტაცებული არა შესწიროს ღმრთისა. ეს ის ადამიანია, ვინც მიჩვეულია საკუთარ სულში დაფაროს სათნოება და აკლებს მას ნაყოფიერებას იმით, რომ სიკეთეს არ იქმს, რადგან ვისაც სათესლე დაჭყლეტილი აქვს, შვილებს ვერ გააჩენს, ღვთის მიერ დაწესებული კანონის თანახმად. და მოკუეთილი. ეს საჭურისია, რომელმაც უარყო და თავისგან ამოანთხია სულიერი სწავლებისა და ღვაწლის ნაყოფიერება და, მის ნაცვლად, უქმი ცხოვრება და სიზარმაცე შეიყვარა. და აღმოტაცებული. ეს ის ადამიანია, ვინც საკუთარ თავში დააზიანა მართალი და კეთილი აზრების დასაბამი და როდესაც სამოღვაწეოდ გამოდის, ძალა არ შესწევს, აღასრულოს ჩაფიქრებული, და განზრხვა საქმით ვერ მოჰყავს სისრულეში.
წინა - სარჩევი - შემდეგი