თავი 21
|
კაცი ბრმა და მკელობელი (18). ბრმის სახით აქ წარმოდგენილია ადამიანი, რომელსაც სულიერი თვალები დაბრმავებული აქვს დროებითისა და მსწრაფწარმავალის მოპოვების სურვილით. გინა ცხვირმოკლე. ამით კი ის ადამიანი გამოიხატება, რომლის სულიერი ყნოსვა საძაგელი ავსუნიანი ვნებებისათვის ღიაა, ხოლო უფლის ხსენების კეთილსურნელების მისაღებად დახშულია. გინა ყურკუეთილი. ამით უწყებულია ისეთ ადამიანზე, რომლის სმენაც სრულყოფილად ვერ აღიქვამს საღვთო მცნებების შესახებ მოსმენილ ქადაგებას, რადგან ბოროტ საზოგადოებასთან მიჯაჭვულობის მიზეზით მალევე ივიწყებს კეთილმაუწყებელ სიტყვას. (20) ანუ ზურგტეხილი. ეს ის არის, ვინც გაურბის ზეციურზე ფიქრს და მხოლოდ მიწის მკვდარი შვილების საქმითაა დაკავებული. ანუ თუალთა ლბილი. ამას ის ადამიანი ემსგავსება, რომელსაც საიდუმლოთა გაცხადებით შინაგანი თვალები - აეხილა, მაგრამ ამის მერე საერო საზრუნავით დაიზიანა და დაკარგა მკაფიო ხედვა. გინა მეფხანი. აქ იგულისხმება, რომ მღვდელი ვერ იქნება ის, ვინც დატვირთულია მკვდარ საქმეებზე ზრუნვით. ანუ ერთკაკაი. ამით იკრძალება სასულიერო ხარისხში ისეთი ადამიანის აყვანა, რომელიც ნასწავლად ითვლება, მაგრამ თავისი საქმეებით არ აჩვენებს იმას, რასაც სხვებს ასწავლის. კეთროვან ანუ თუ თესლმდინარე (ლევ. 22:4). ეს ნიშნავს, რომ სამსხვერპლოში მსახურებიდან განიყენება ის პირი, ვისშიც შენარჩუნებულია ძველი კაცის ბოროტმახსოვრობა და შურიანობა. (19) გინა კაცი, რომელსა განტეხილ ედგას ხელი ანუ ფერხი. ფეხმოტეხილია, ვინც თავისი აზრიდან ზეციურზე ფიქრი განდევნა; ხელმოტეხილია, ვინც აღარ ზრუნავს კეთილსა და ზეციურზე და დიდებისმეტყველებისთვის ბაგე დაიხშო. (20) ანუ თუ ტანდაბალი. (წმინდა წერილის ქართულ თარგმანში არ გვხვდება.) ამით აშკარად მითითებულია ადამიანზე, რომელსაც არ სურს სულით ამაღლება, რადგან შეიყვარა მიწაზე ხოხვა და რომლისთვისაც შეუძლებელია სწორ მდგომარეობაში სიარული, რამეთუ თავის სტომაქს დაემონა. ვისაც წარბზე თმა არა აქვს. (წმინდა წერილის ქართულ თარგმანში არ გვხვდება.) ეს ის ადამიანია, ვინც უბიწოება დაკარგა, უწესოდ ცხოვრობს, უსირცხვილოდ ცოდავს და არც კი წითლდება. ვინც ვერ ხედავს ღია თვალებით. (წმინდა წერილის ქართულ თარგმანში არ გვხვდება.) აქ ის პირი იგულისხმება, ვისაც ცოდვის ნისლმა სულიერი მხედველობა დაუბნელა. |