თავი 16
|
და დაასხნეს აარონ ორთავე ზედა ვაცთა წილნი: წილი ერთი უფლისაი, და წილი ერთი - განმავლინებელისაი (8). მოიყვანოს უფლის ვაცი (9) და შეწიროს ცოდვისათვის. (10) და ვაცი, რომელსა ზედა მივიდა მას ზედა წილის განმავლენელისაი, განუტევოს იგი უდაბნოდ. ვაცი ღმერთს ეწირება, როგორც შემოქმედსა და მაცხოვარს, რომელმაც ებრაელები უდაბნოდან გამოიყვანა. ამიტომ იკვლებოდა ის სამსხვერპლოსა და ყოველივე იმის განსაწმენდად, რაც მასშია, მაგრამ არა ცოდვებისაგან, რადგან სამსხვერპლო და მისი ჭურჭლები ცოდვის თანაზიარი ვერ იქნებოდნენ. ისინი ხშირად, მეცნიერებით თუ უმეცრებით, სამსხვერპლოში შედიოდნენ ყოველივე იმისგან გაუწმენდავნი, რისგან გაწმენდასაც რჯული მოითხოვდა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცოცხალ ვაცს აკისრებდნენ ერის ცოდვებს, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტი მსხვერპლი, რომელიც ხის ჯვარზე ნებაყოფლობით ავიდა, მთელი სამყაროს განმწმენდია. ვაცი ხალხის მხოლოდ იმ უწმინდურებას იღებდა თავზე, რომელიც ამ ხალხზე მისი ყოველდღიური განბანვის შემდეგ რჩებოდა და მიჰქონდა ისინი ქუეყანად მიმართ უვალად, – მათგან შეუბილწავ ადგილას. უფლის ვაცი ღვთის სიმტკიცის ნიშანი იყო, ხოლო მეორე წარიგზავნებოდა ღვთის სიმართლესთან, რომელმაც უდაბნოში მრავალი ათასი ადამიანი მოაკვდინა. ხოლო, რადგანაც ორივე ვაცი აარონს მიჰყავდა შესაწირად, ერთს კლავდა. მეორეს კი განსატევებლად უშვებდა, ამიტომ დაკლული ვაცი ჩვენთვის მოკლულ ქრისტეს გამოხატავდა; ხოლო უდაბნოში გაშვებული – იმავე ქრისტეს, მისი ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ, როცა იტვირთა რა მრავალთა ცოდვა, ამქვეყნიდან ცოცხალი და უკვდავი განვიდა. |