და უბრძანოს მღდელმან და მოიყვანონ ორნი ქათამნი ცოცხალნი წმიდანი და ძელი ნაძვისაი და შესთული მეწამული და უსუპი (4) და (5) დაკლას ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა წყალსა ზედა ცხოველსა (6) და დააწოს იგი და ქათამი იგი ცოცხალი სისხლსა მას ქათმისა დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა (7) და აპკუროს განწმედილსა მას. ორი ქათამი, რომლებიც კეთროვანის განსაწმენდად იყო დაწესებული, ღვთის მიერ უარყოფილ სინაგოგის სახეს წარმოადგენს. წყაროს წყალზე ფრინველის დაკვლა იმ სისხლის წყაროს გამოხატავს, რომელიც დაღვარა ჯვარცმულმა უფალმა – განწმენდის წყარომ. წყაროსთან დაკლული ფრინველი ემანუელია და გამოხატავს მის განკაცებას, რითაც მან, თითქოსდა, წარმართ ხალხებს ძარღვებში სისხლი ჩაუსხა.
ესაუბრა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: „როდესაც შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, რომელსაც სამკვიდრებლად გაძლევთ და კეთრის წყლულს გავაჩენ თქვენი სამკვიდრებელი ქვეყნის სახლში, მივიდეს სახლის პატრონი მღვდელთან და შეატყობინოს, წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში“. (44) და შევიდეს მღდელი და იხილოს: უკუეთუ განეფინა ნიში სახლსა შინა, კეთროვნება დადგრომილი არს სახლსა შინა, არაწმიდა არს. ამით ნაჩვენებია ჭეშმარიტი ღვთის წინაშე მსახურების უპირატესობა კერპების წინაშე მსახურებაზე, რომელსაც წარმართები აღასრულებდნენ. გარდა ამისა, გაუწმიდურებული სახლი ისრაელის ხალხსაც გამოხატავს; ხოლო კეთრით დაფარული ქვები უწმინდურ ჯვარმცმელებს წარმოადგენს. ხილული კეთრის გაწმენდაში აშკარად არის წარმოდგენილი წარმართი ხალხების გაწმენდა. როგორც ერთი ფრინველის დაკვლის შემდეგ მეორეს მის სისხლს აპკურებოდნენ და მინდორში უშვებდნენ, ასევე, ცხოველმყოფელი სხეულის მოკვდინებით წარმართთა პკურებული სხეულები იღებენ ცხოვრებას და, მინდორში გაფრენილი ფრინველის მსაგვსად, სამოთხეში აღიტაცებიან.
წინა - სარჩევი - შემდეგი