თავი 11
|
ყოველი საცხოვარი ორ-განყოფილი ჭლიკითა და ფრცხენით მფრცხენალი ორითა ფრცხილითა და აღმომღებელი ნაცოხლისაი, საცხოვართა შორის ესე ჭამეთ (3). ამ ცხოველებში იგულისხმება სულები, რომელთა საქმენიც სიტყვის შესაბამისია, რომლებიც ერკვეოდნენ სწავლებაში და სიტყვას განსჯით წარმოთქვამდნენ. ასეთი სულები გაპობილი ჩლიქით არიან წარმოდგენილნი, რადგან ადვილად იცილებდნენ თავიდან ხორციელი გულისთქმების უწმინდურებას. ამასთან, რჯული მოუწოდებდა ისეთი ცხოველების ჭამას, როგორებსაც ეგვიპტეში აღმერთებდნენ, რათა ებრაელები, როდესაც ამ ცხოველებს დაკლავდნენ, დარწმუნებულიყვნენ, რამდენად უაზრო იყო მათდამი თაყვანისცემა. რჯული კრძალავდა, ასევე, ღორის სისხლისა და ხორცის ჭამას, რადგან ებრაელები ხარბად ჭამდნენ მას ეგვიპტეში, ასევე ხარბად მიღება მოისურვეს უდაბნოშიც. ფრინველები, რომელთაგან თავშეკავებასაც რჯული მოითხოვდა, შემდეგია: არწივი, სვავი, ფსოვი, ძერა, ქორი, ყორანი, სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო, ყარყატი, ოფოფი, ღამურა და, საერთოდ, ყოველგვარი ფრინველი, რომელსაც წვეტიანი ბრჭყალები აქვს. ამ ფრინველებით მტაცებელი ადამიანებია გამოხატული, რომლებიც სხვებზე ძალადობენ და თავიანთ საქმეს ღამის სიბნელეში ასრულებენ, რამეთუ ასეთია ჩამოთვლილი ფრინველების თვისება. (21) ხოლო სჭამდეთ ფრინველთა, რომელნიც მიწაზე დადიან: კალია და მისი გვარისანი ხარგოლი და მისი გვარისანი. ამით რჯული, თითქოსდა, მიანიშნებს იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავიანთი სიყვარული მიწიერისგან მიაქციეს და მხოლოდ აუცილებელი სახმარით სარგებლობენ, სხვა ყველაფერს კი გლახაკებს ურიგებენ. (29) ესეცა თქუენდა არაწმიდა არს ქუეწარმავალთაგანი, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა: კვერნა, თაგვი, ხვლიკი, ზღარბი, ბაყაყი, კუ, ლოკოკინა და თხუნელა. (32) და ყოველსა, რომელსა შთავარდეს მკუდარი ამათგანი, არაწმიდა იყოს. ამ ქვეწარმავლების სახით წარმოდგენილია სულიერი სიბილწე ადამიანებისა, რომლებიც სულიერ სიბრმავეში იმყოფებიან. რჯული, წმინდა ცხოველების ჩამოთვლისას, მათს რიცხვს ქურციკსა და ირემსაც ათვლის, თუმცა კრძალავს მათს მსხვერპლად შეწირვას, როგორც თაფლის შემთხვევაში იყო. ყოველსა, რომელსა შთავარდეს მკუდარი ამათგანი, არაწმიდა იყოს, მაგრამ თუ სხეული უნებურად შეგვებილწება, სულში მაინც უნდა შევინარჩუნოთ მთელი მისი სიწმინდე. ცნობილია, რომ წმინდანებს სხეულიც წმინდა ჰქონდათ. ასეთი იყო ელისეს სხეული, რომელიც სიკვდილის შემდგომ სასწაულებით განდიდდა; მოსესაც მიჰქონდა იოსების ძვლები და თვითონ იქნა ღვთისგან დამარხული; სამსონმაც ძვლებით გაითქვა სახელი; ელიაც არ შებილწულა, თუმცა შეეხო სარეფთელი ქვრივის ძის ცხედარს. |