მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



ლევიტელთა


თავი 10


 

და გამოხდა ცეცხლი ღმრთისა მიერ და შეწუნა (2) ნადაბი და აბიჰუდი, აარონის ძენი. „გამოხდა ცეცხლი“ არა იმიტომ, რომ წმინდა ცეცხლი ჩაქრა, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, რამეთუ იმავე დღეს ცეცხლი გამოხდა... საკურთხეველსა მას ზედა (ლევ.9:24), არც იმიტომ, რომ ნადაბი და აბიჰუდი მთვრალები იყვნენ, როგორც სხვები ამბობენ, ვინაიდან ისინი მარხულობდნენ და ლოცულობდნენ, სანამ ღვთისმსახურებას შეუდგებოდნენ. მართალია, მღვდლებად ისინი კარვის დადგმის პირველივე დღეს აკურთხეს, მაგრამ მსხვერპლს არ სწირავდნენ. ნადაბი და აბიჰუდი მრავალი დანაშაულის გამო იყვნენ დასჯილნი, როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ: უპირველესი მათი დანაშაული ის იყო. რომ შეიტანეს უცხო ცეცხლი მაშინ, როდესაც ცეცხლი უკვე გარდამოსული და მსხვერპლზე მოკიდებული იყო; მეორე – მათ უგულებელყვეს მოსე და აარონი და მათი ნებართვის გარეშე აკმიეს საკმეველი; მესამე – უწესრიგობა შექმნეს თავიანთი მსახურებისას, კერძოდ, არასათანადო დროს კმევით; მეოთხე – შიდა კარავში შევიდნენ იმ ადგილას, სადაც წელიწადში ერთხელ მათი მამა, აარონი, შედიოდა. ხოლო სიტყვებით: მოიღეს ცეცხლი უცხოი, გამოიხატება შემდეგი: უცხო ცეცხლად იწოდება ადამისა და ევას ნება, რომლებმაც გაღმერთება მოისურვეს. როდესაც უფალი ბრძანებდა, რომ ყოვლად დასაწველის ცეცხლი დილამდე არ ჩამქრალიყო, ამით აღინიშნება, რომ რჯულის ცეცხლი სამსხვერპლოზე არ ჩაქრებოდა დილამდე, ემანუელის გამოჩენამდე.

(4) და მოუწოდა მოსე მისადეს და ელისაფანს, ძეთა ოზიელისთა, ძეთა მამის ძმისა აჰრონისთა, და უბრძანა, სამოსლიანად გაეტანათ ნადაბისა და აბიჰუდის ცხედრები. აქედან ჩანს, რომ წმინდა ზეთით ცხებული მათი სამოსლები, როგორც ცოდვაში უდანაშაულო, არ დამწვარა ასევე ცხებულ, მაგრამ ცოდვილ სხეულებთან ერთად; ცეცხლმაც არ გააშიშვლა შემცოდენი მათი წინადაცვეთის გამო. ამგვარად, ცეცხლმა დაწვა უცხო ცეცხლის შემომწირველნი და ღმერთის განმრისხველნი, მაგრამ დაინდო მათი სამოსელი, რათა ამ განსაკუთრებულ ნიშანს კიდევ უფრო გაეკვირვებინა ამ მოვლენის თვითმხილველნი.

უთხრა მოსემ: აიღეთ დარჩენილი (13) უცომოი იგი წინაშე საკურთხეველსა ... და ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ შჯულად შენდა ეგე არს და შჯულად ძეთა შენთა (14) მოგეცა შესაწირავთაგან ცხორებისათა. (16) და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე, და საყვედურობდა, რომ ხმევის ნაცვლად დაწვეს. აარონი კი თავსაც იმართლებდა და შვილებსაც ამართლებდა: „დღეს შესწირეს მათ ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი მსხვერპლი უფლის წინაშე და, აჰა, რა შემემთხვა. რომ მივიღო, ვაითუ არ მოეწონოს უფალს? ასე რომ, თუკი რისხვის დღეს ტრაპეზს შემოუსხდებოდნენ, დაიწყებდნენ ჭამა-სმას და მხიარულებას, იქნებოდა თუ არა ეს მოსაწონი უფლისთვის ან შენთვის, მოსე? ამიტომ გავაკეთეთ ეს – ღვთის გულის მოსალბობად და არა რჯულის უგულებელსაყოფად“.

რას გამოხატავს რჯული წითელი დეკეულის (რიცხ. 19:2) მსხვერპლად შეწირვით? გამოხატავს ქრისტეს სიკვდილის საიდუმლოს, ხოლო შესაწირავის ფერი სისხლზე მიანიშნებს; ის, რომ მსხვერპლად შეწირულ დეკეულს უღელი არ სდგმია, ნიშნავს, რომ ქრისტე არ დაქვემდებარებია უღელსა და ცოდვას. დეკეული გამოირჩა სამსხვერპლოდ ღვთის ბუნების წინაშე ადამიანური ბუნების უძლურების საჩვენებლად.



წინა - სარჩევი - შემდეგი