მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 10


 

ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მივედ შენ ფარაოისა (1) და ნუ შეგეშინდება მისი სიამაყის. ხოლო მე განვაფიცხო გული ფარაოისი. ხელში ჩაგიგდებ მას, რათა გამოვიკვლიო მისი სინანული არა იმიტომ, რომ ჩემთვის უცნობია მისი სიცრუე (რადგან წინასწარ გითხარით, რომ ფარაონი არ მოგისმენთ), არამედ იმიტომ, რომ მასზე აღსრულდეს ის სასწაულები, რომელთა შესახებაც თქვენი შთამომავლები ისაუბრებენ. და უთხრა მოსემ ფარაონს: (4) უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად ერისა ჩემისა, აჰა ესერა, მე მოვავლინო ხვალე, ამასავე ჟამსა ოდენ, მკალი დიდძალი ფრიად ყოველთა საზღვართა შენთა. (5) და შეჭამოს ყოველი ნეშტი ქუეყანისაი, – რაც სეტყვას გადაურჩა. (7) ჰრქუეს მსახურთა ფარაოისთა ფარაოს: ვიდრემდე იყოს ესე ჩუენ ზედა ტანჯვაი? განუტევენ კაცნი ესე, რათა ჰმსახურონ უფალსა ღმერთსა მათსა. ანუ არა უწყი, რამეთუ წარწყმდა ეგვიპტე? მაშინ დაუძახა ფარაონმა მოსეს და უთხრა: (8) განვედით, მაგრამ თუ თქვენს ქონებას წაიღებთ თან, მაშინ ვშიშობ, რომ რომელიმე მეფე ბოროტებას შეგყრით. რა უნდა ვუპასუხოთ ამაზე? - შენ რომ ამ ხალხს ბოროტებისგან იცავდე, მაშინ არ დასჯიდი მას შენს საკუთარ მიწაზე; შენ რომ მას სიყვარულით აკავებდე, არ დაუმძიმებდი მდგომარეობას გაუსაძლისი უღლით, როცა აკრძალე მშრომელებისთვის ბზის მიცემა. რა თქმა უნდა, ერს, რომელსაც სასწაულთმოქმედი ღმერთი იცავს, არ ეშინია ადამიანთან ბრძოლისა. მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და შეესია კალია მთელ ეგვიპტეს, მთლიანად გადაჭამა ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. სასწრაფოდ მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: (16) ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენდა მიმართ. (17) აწ ესე ხოლო ცოდვაი თავს-იდევით და ილოცეთ ჩემთვის უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა და აღიღეთ ჩემგან სიკუდილი ესე. ფარაონი რომ გასასტიკებული ყოფილიყო, ამ სიტყვებს არ იტყოდა, რადგან ფიცხელი გულისთვის უცხოა სინანული. ხოლო თუ დამთრგუნველი ითხოვს, გამომხსნელი კი ჯიუტობს, ეს ნიშნავს, რომ ის თავისუფალია: ერთიც და მეორეც მოწმობს, ის საკუთარ თავზე ბატონობს.

მოსეს ლოცვებით კალია გაქრა, როგორც კი ფარაონმა შეინანა; მაგრამ, რადგანაც მან მერყეობა დაიწყო საკუთარ განზრახვაში, ამიტომ ღმერთმა, მოსეს მეშვეობით, მთელ ქვეყანას ბნელი მოუვლინა, რომელიც სამ დღე-ღამეს გრძელდებოდა. ხოლო ებრაელებისთვის (23) იყო ნათელი, რათა შრომის შემდეგ დაესვენათ და ქვეყნიდან გასასვლელად მომზადებულიყვნენ. და უთხრა ფარაონმა მოსეს: (24) განვედით თქვენი ცოლ-შვილით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ოღონდ იმის დასამოწმებლად, რომ აუცილებლად დაბრუნდებით, დატოვეთ თქვენი საქონელი და ქონება. მოსემ მიუგო, რომ მათ მცირე საქონელი ჰყავდათ იმისათვის, რომ ღმერთისთვის მსხვერპლად შეეწირათ, ამიტომ „შენც უნდა მოგვცე საკლავი და აღსავლენი, რომ ჩვენს უფალს, ღმერთს შევწიროთ, თუკი, რა თქმა უნდა, რამე დაგრჩა. (26) რამეთუ ჩუენ არა ვიცით, რაი შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, სანამ ღმერთი თავად არ გამოირჩევს თავისთვის სათნოს ჩვენი ფარიდან. (27) განუფიცხა უფალმან გული ფარაოს და არა ინება გამოვლინებაი მათი. როცა ღმერთი გულს ასასტიკებს, მაშინ ასეთ გულში ცვლილება ვერ მოხდება. თუკი ფარაონი, რომელიც სასჯელებს განიცდიდა, ამბობს: „გაგიშვებთ“, მაგრამ სასჯელის გავლის შემდეგ აღარ უშვებს ებრაელებს, ეს ნიშნავს, რომ მისი გულის გასასტიკება ღმერთისგან არ ყოფილა, არამედ შინაგანი განწყობისგან, რომლის მიხედვითაც სასჯელის დროს მზად არის, დაიცვას მცნება, ხოლო როცა შვებას იღებს, მაშინვე არღვევს კანონს.



წინა - სარჩევი - შემდეგი