ამის შემდეგ ღმერთმა სასიკვდილო ჭირი მოუვლინა საქონელს, მაგრამ ისე, რომ მხოლოდ ეგვიპტელების საქონელი გაწყდა, ებრაელებისა კი არა. როცა ვერც ამ წყლულმა დაარწმუნა ფარაონი. მაშინ (10) მოიღო მოსე მტუერი იგი სახუმილისაი წინაშე ფარაოსა და აღაფქურია ცად. და იყო ფაქლი მტკუეფლვარე გამოსხმით კაცთა ზედა და ოთხფერხთა. (11) და ვერ შეძლო გრძნეულთა მათ დადგომად წინაშე მოსესა გუემისა მისგან, რადგან ვერ შეძლეს ებრაელების სხეულებზე მუწუკების გაჩენა და არც საკუთარ სხეულებზე შეეძლოთ მსგავსის გაკეთება, რადგან იმდენი გამონაყარი ჰქონდათ, რომ თავისუფალი ადგილიც კი არ მოუჩანდათ.
შემდეგ ღმერთმა ფარაონისთვის გადასაცემად მოსეს უთხრა: (14) მე მიუტეო ყოველი შესამთხუეველი ფარაონის სახლსა და მის ერს და დასძინა: (16) ამისთვის დაგმარხე შენ მოაქამდე, – იმიტომ არ მოგსრე წინანდელი სასჯელებით, რომ გიჩვენო ჩემი ძალა იმ სასჯელების სახით, რომლებსაც შენს ქვეყანას ამიერიდან დავატეხ თავს. (18) აჰა ეგერა, ვაწვიმებ მე ამას ჟამსა ხვალე სეტყუასა ფრიად სასტიკსა, (19) აწ უკვე სწრაფით უბრძანე შემოკრებად საცხოვრისა, – რაც გადაურჩა ჭირს, რათა არ დაისეტყვოს და მოისპოს. აღსანიშნავია, რომ ღმერთს არ სურდა ეგვიპტის მოოხრება. ეს ცხადია იქიდან, რომ წინასწარ აუწყა სასჯელის სახე, რათა ეგვიპტელებს შეენანათ და არ ეწვნიათ სასჯელი, აგრეთვე იქიდან, რომ გააფრთხილა, წადით და მიხედეთ საქონელსო. მაგრამ საქონელი რომ შეეკრიბათ, როგორც მათ ეთქვათ, მაშინ რაღა საჭირო იქნებოდა დასეტყვა? სეტყვა იმიტომ უნდა წამოსულიყო, რომ სასწაული ეხილათ, როცა ურწმუნოთა პირუტყვი მოისპობოდა, ხოლო საქონელი იმიტომ უნდა შეეკრიბათ, რომ გამოჩენილიყო მონანულთა ხვედრი. ამრიგად, ერთად წამოვიდა ციდან სეტყვა და ცეცხლი და არც პირველი აქრობდა მეორეს, არც მეორე ნთქავდა პირველს. პირიქით, ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვისგან, როგორც შენთებული ფიჩხისგან და სეტყვა ვარვარებდა ცეცხლისგან, როგორც რკინა ღუმელში, მაგრამ ხეებს არ წვავდა; ასწლოვანი ხეების სიმაგრე სეტყვით იმუსრებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელში მოგიზგიზე ცეცხლი არ ეხებოდა ბაღებს, ვენახებსა და ღობეებსაც კი.
და უთხრა ფარაონმა მოსეს: (27) ვცოდე აწ, მაგრამ განა მანამდე არ შეუცოდავს ფარაონს, როდესაც გული გაისასტიკა? რა თქმა უნდა, მანამდეც შესცოდა, თუმცა არა იმდენად, როგორც ახლა: მას აფრთხილებდნენ, ეუბნებდნენ, რომ საქონლისთვის მიეხედა, მაგრამ არ შეისმინა და ამისთვის დიდად დაისაჯა, უფრო მეტად, ვიდრე მანამდე, რადგან მისი უგუნურება სულ უფრო იზრდებოდა.
(33) გამოვიდა მოსე გარე ქალაქით ფარაოისგან და განიპყრნა ხელნი უფლისა მიმართ. ქუხილი იგი დასცხრა და სეტყუაი და წვიმაი არღარა დასწუთა ქუეყანასა ზედა, – ან ჰაერში გაქრა, ან ღრუბლებში ავიდა, ვინაიდან ღმერთს ადვილად შეეძლო, როგორც ღრუბლებიდან მათი გამოშვება, ისე მათი ღრუბლებში დაბრუნება. თუმცა ამის შემდეგაც გასასტიკდა ფარაონისა და მისი მონების გულები და არ გაუშვეს ებრაელი ერი.
წინა - სარჩევი - შემდეგი