რაკი ფარაონი ამ ამბავმაც ვერ დაარწმუნა, მაშინ კვლავ (6) განირთხა აჰრონ ხელი წყალთა მათ ზედა. კვერთხში ჯვრის სახე ჩანს: მისით დაიწყო ყველა სასჯელი, როცა მან გველები შთანთქა, იმის ნიშნად, რომ მომავალში ყველა კერპი დაემხობოდა და მისით დასრულდა ეს სასჯელები, როდესაც ზღვა განიპო და ეგვიპტელები წყალმა შთანთქა, რაც იქცა ქანაანელთა დაღუპვის წინასახედ. (6) აღმოხდა მყუარი (გომბეშო) და დაფარა ქუეყანაი ეგვიპტისა. (7) ყვეს გრძნეულთა მათ ეგვიპტისათა გრძნებითა მათითა. მოგვებს რომ ეგვიპტე ჰყვარებოდათ, მაშინ მოსეს ნამდვილ გომბეშოებს არ დაუმატებდნენ თავიანთ საოცნებო გომბეშოებს. ამიტომაც ვერ კურნავდნენ ისინი ეგვიპტეს, რადგან არ შეეძლოთ მოსეს მიერ ჭაობებიდან ამოსხმული გომბეშოების განადგურება, თუმცა არც ვნებდნენ ამით საკუთარ ქვეყანას, რადგან გომბეშოების ნაცვლად მათს აჩრდილებს აჩვენებდნენ. ისინი არც ვნებდნენ და არც კურნავდნენ, რამეთუ მხოლოდ ოცნებებს წარმოსახავდნენ. გადაშენდა ერთი სახე – თევზები, გაჩნდა მეორე – გომბეშოები, რათა ისინი, ვინც თევზების ამოწყვეტამ გონს ვერ მოიყვანა, ახლა უკვე ცოცხალი გომბეშოებისგან გამწარებულიყვნენ. (13) მოწყდა მყუარი (14) და შეკრიბა იგი ზვინად-ზვინად, რათა ეგვიპტელებს არ ეფიქრათ, რომ ეს ნამდვილი გომბეშოები კი არა, აჩრდილები იყო, მაგრამ, როდესაც (15) ეცა მას (ქვეყანას) ლხინება, განიფიცხა გული მისი (ფარაონმა) და არა ისმინა მათი.
აარონმა თავისი კვერთხი (17) სცა მიწასა ქუეყანისასა და იყო მუმლი ყოველსა ქუეყანასა ეგპტისასა, (18) კაცთა ზედა და ოთხფერთა. ამჯერად გრძნეულებმა (მოგვებმა) თავიანთი ჯადოსნობა გამოიყენეს არა მუმლის გასამრავლებლად, როგორც ამას წინა სასჯელების დროს აკეთებდნენ, არამედ მის გამოსადევნად, მაგრამ ვერ შეძლეს. ამიტომ, როცა მათი ხელოვნება დაკნინდა და მისი ამაოება გამოვლინდა, მათ აღიარეს (19) თითი ღმრთისაი არს ესე, მაგრამ ფარაონი ვერც მოსემ დაარწმუნა და ვერც მისმა მოგვებმა. ამიტომ ასე კი არ არის ნათქვამი: ღმერთმა გაასასტიკა მისი გული, არამედ: განიფიცხა გული თვისი ფარაო და არა ისმინა მათი, ვითარცა–იგი ეტყოდა მათ უფალი. იმ სასჯელებისგან, რომლებიც ღმერთმა ეგვიპტეს დაატეხა თავს: წყლის სისხლად გარდაქცევა, გომბეშოები და მუმლი, ამ ქვეყანასთან ერთად გესემიც იტანჯებოდა, – ქვეყანა, რომელიც ისრაელიანებით იყო დასახლებული. ამიტომ, როცა ეგვიპტელებს ახალ წყლულს უგზავნიდა, კერძოდ, ბუზანკალებს, ღმერთმა ამჯერად ეს ორი ქვეყანა განყო: ეგვიპტეს მოუვლინა, გესემს არა. ფარაონმა მოსესა და აარონს უთხრა: (25) წარვედით უშიშრად და როგორც გენებოთ ჰმსახურეთ ღმერთსა თქუენსა ქუეყანსა მაგასავე ზედა. მოსემ მიუგო: ჩვენ ხბოებსა და ცხვრებს მსხვერპლად ვწირავთ ღმერთს, თქვენ კი მათ ეთაყვანებით. თუკი ეგვიპტელთა თვალწინ მათ ღმერთებს მსხვერპლად შევწირავთ, მაშინ (26) ქვითა განვიტვინნეთ. ამიტომ (27) გზასა სამისა დღისა სავალსა განვიდეთ უდაბნოდ და შევწიროთ უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარცა-იგი მრქუა ჩუენ.
(28) და თქუა ფარაო: მე განგიტევნე თქუენ და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა უდაბნოს, არამედ არა შორად განსწურთეთ უდაბნოდ განსლვად. ილოცეთ ჩემთვის უფლისა მიმართ. მაგრამ როგორც კი მოსეს ვედრებით სალმობა შეწყდა და ძაღლის მწერი (ბუზანკალი) მოისპო, ფარაონმა მაშინვე დაარღვია მიცემული სიტყვა და არ გაუშვა ებრაელი ერი.
წინა - სარჩევი - შემდეგი