ამის შემდეგ უფალმა მოსეს უთხრა: თუ ფარაონი ნიშან-სასწაულს მოგთხოვს, (9) მიიღე კუერთხი ეგე და მიაგდე ქუეყანასა წინაშე ფარაოისსა და წინაშე მსახურთა მისთა და იქმნას იგი ვეშაპ. მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. (11) მოუწოდა ფარაო ბრძენთა მათ ეგვიპტისათა და გრძნეულთა. და ყვეს გრძნეულთა მათ ეგვიპტისათა გრძნებითა მათითა ეგრევე, ანუ რაღაც მსგავსი. თუკი წერია, რომ „გრძნებითა მათითა“, ეს არ ნიშნავს, რომ რამე უჩვეულო გააკეთეს, რადგან ისინი, ჩვეულებრივ, საკუთარ ხელოვნებას იყენებდნენ. თუკი იფიქრეს, რომ დაამარცხეს მოსე, რადგან, თითქოსდა, მის მიერ აღსრულებულის მსგავსი რამ გააკეთეს, მაშინ ისინი მიუტევებელ ცოდვაში ჩაცვივდნენ. (12) და შთანთქა კუერთხმან მან მოსესეულმა კუერთხები იგი მათი. იმათ, ვინც ფიქრობდა, რომ საგნებისთვის ბუნების შეცვლა შეუძლია, თავისი კვერთხიც კი ვერ გადაარჩინა მოსეს კვერთხისგან. კვერთხმა შთანთქა კვერთხები, რათა სიკვდილს არ შთაენთქა ეგვიპტელი პირმშოები. კვერთხების შთანთქმა ეგვიპტელებისთვის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, რომ, თუ ისინი არ შეინანებდნენ, ასევე დაიღუპებოდნენ მათი პირმშოები. ეუწყათ მათ ეს წინასწარ, რათა მოსალოდნელი უბედურება სინანულით თავიდან აეცილებინათ. ამიტომაც იქნა ბოლოსთვის დანიშნული ის სასჯელი, როგორც უმძიმესი, რათა პირველი სასჯელებით შეგონების შემთხვევაში, აღარ დასჯილიყვნენ პირმშოების მოკვდინებით, რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე საშინელი სასჯელი იქნებოდა ყველა სხვა სასჯელთა შორის.
(14) ჰრქუა უფალმან მოსეს: დამძიმებულ არს გული ფარაოისი არაგამოვლინებად ერისა ჩემისა. უფალს არ უთქვამს: „მე დავამძიმე (გავასასტიკე) მისი გული და ამიტომ არ უშვებს ჩემს ერს“. აგრეთვე, უფალმა მოსეს უთხრა: მიდი და დადექი (15) მდინარის კიდესა მას. ფარაონი გამოვიდა მდინარესთან ან იმ განზრახვით, რომ დილაადრიან მსხვერპლი შეეწირა მდინარისთვის, ან საკუთარი ჩვეულების თანახმად — ყოველ დილას გაგრილებულიყო სანაპიროზე. ადვილად სარწმუნოა, რომ მოგვებზე მინდობილ ეგვიპტელ მეფეს ეგვიპტის მდინარისათვის მსხვერპშეწირვა აღესრულებინა. მის შესახვედრად გამოვიდა მოსე და ღმერთის სახელით უთხრა, რომ გაეშვა ებრაელები, მაგრამ ის არ დათანხმდა. მაშინ მოსემ აიღო კვერთხი (რიგ შემთხვევებში ღირსი ეფრემ ასური აარონის მოქმედებას მოსეს მიაწერს, რადგან ღმერთის ბრძანებით სწორედ მოსე მოქმედებდა აარონის მეშვეობით) და (20) სცა წყალსა მას მდინარისასა და წყლები, რომლებიც წინანდელმა ფარაონმა დამხრჩვალი ჩვილების სისხლით შებილწა, სისხლად გარდაიქცა. (21) და თევზნი მდინარისანი, რომლებიც მანამდე ჩვილთა ხორცით იკვებებოდნენ, მოწყდეს. ეს სასჯელიც მხოლოდ შესაშინებლად მოუვლინა მათ ღმერთმა, რათა პირმშოების ნაცვლად თევზები დახოცილიყვნენ. ვინაიდან ეგვიპტელები თევზების ამოწყვეტამ ვერ დაარწმუნა, მაშინ ისინი თავიანთი პირმშოების ამოწყვეტას უნდა დაერწმუნებინა. (22) ყვეს ეგრეთვე გრძნეულთა მათ ეგვპტისათა გრძნებითა მათითა. მოსეს მოგვები არ შეუკავებია. მათ რომ მოსეს საწინააღმდეგო რამ ჩაედინათ, იგი მყისვე შეაჩერებდა, როგორც შეაჩერა და გააქცია, როცა წყლულებით დაფარა. მაგრამ ისინი მასთან შესაბამისობაში იყვნენ და თავისიანების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ამიტომ არ შეეწინააღმდეგა, მასთან ერთად მოეოხრებინათ ეგვიპტე. ასეა, გული, რომელიც მზაკვარია და ღმერთის წინააღმდეგ ილაშქრებს, საკუთარი თავის ერთგულიც არ არის. მოგვები იმის წინააღმდეგ უნდა წასულიყვნენ, ვინც მათ და მათს ერს ებრძოდა, მაგრამ ამის საპირისპიროდ აკეთებდნენ იმას, რასაც ის აკეთებდა: ვნებდნენ საკუთარ თავსა და ეგვიპტელებს, ამიტომ არ აკავებდა მათ. ისინი ცდილობდნენ ეგვიპტის ჭრილობების შეხორცებას, მაგრამ საკუთარი მოქმედებით ამ ჭრილობებს კიდევ უფრო აფართოვებდნენ. მოგვები მიხვდნენ, რომ არ შეეძლოთ საგნებისთვის ბუნების შეცვლა, თუმცა ეჩვენებოდათ, რომ შეეძლოთ. წყლის სისხლად გარდაქცევა ეგვიპტელებისათვის მძიმე და მტანჯველი იყო; სისხლის წყლად გარდაქცევა მოსესთვის უსიამოვნო, ხოლო მოგვებისთვის კი სასიხარულო იქნებოდა, მათ არ გაუკეთებიათ, რადგან არ შეეძლოთ. მათ მხოლოდ ის მოიმოქმედეს, რაც მათი ხელოვნებისთვის იყო დამახასიათებელი. წმინდა წერილი ამის შემდეგაც არ ამბობს, რომ უფალმა გაასასტიკა ფარაონის გული, არამედ: განიფიცხა გული თვისი ფარაო და არა გამოავლინა ერი იგი, ვითარცა ჰრქუა მას უფალმან. შემდეგ (23) მიიქცა ფარაო და შევიდა სახიდ თვისა. არა დააყენა გონებაი თვისი არცა ამას ზედა.
წინა - სარჩევი - შემდეგი