თავი 5
|
მოსემ და აარონმა შეკრიბეს უხუცესები და მათ წინაშე სასწაული აღასრულეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ. მოსეს ერწმუნენ, როგორც უფალმა ეს უთხრა, მერე ერთად წავიდნენ ფარაონთან და უთხრეს: (1) ამას იტყვის უფალი ღმერთი ისრაელისა: გამოავლინე ერი ჩემი, რაითა მმსახურებდენ მე უდაბნოსა ზედა. ფარაონმა, ან ერის უხუცესთა კრებულისადმი მოკრძალების მიზეზით, ან იმის გამო, რომ გაგონილი ჰქონდა მათ წინაშე მოსესა და აარონის მიერ აღსრულებული სასწაულები, ყოველგვარი სიმკაცრის გარეშე მიუგო: (4) რაისათვის თქუენ, მოსე და აჰრონ, გარდააქცევთ ერსა საქმისაგან მათისა? მაგრამ როცა არ მოეშვნენ და გაშვების თაობაზე თხოვნა მეტი დაჟინებით განაგრძეს, მეფე რისხვით აენთო და ნაცვლად იმისა, რომ ნიშან-სასწაული მოეთხოვა, მკაცრად მიმართა: (2) ვინ არს იგი (უფალი), რათა ვისმინო მისა მისისა? რადგანაც მისი სიტყვები ნიშნავდა, რომ ეს უფალი უნახავს არანაირი სახით, ამიტომ საჭირო გახდა, უფალი ხილული გამხდარიყო მისთვის ნიშან-სასწაულებში. ეჭვგარეშეა, რომ ფარაონმა უხეში შეკითხვით: „ვინ არს უფალი?“, თავს მოიწია შემდგომი სასჯელები. მისი გაქვავებული გულისთვის ამის გამოთქმა საკმარისი არ აღმოჩნდა და დაუმატა ის, რომ აკრძალა ებრაელებისთვის ბზის მიცემა, რითაც კიდევ უფრო დაუმძიმა შრომა და ეს იმ მიზნით, რომ დრო და მოსვენება აღარ ჰქონოდათ და არ ეფიქრათ ღმერთსა და ეგვიპტიდან გასვლაზე. (12) და განიბნია ერი იგი ყოველსა ქუეყანასა ეგვიპტისასა შეკრებად წუელისა ბზედ (ნამჯისა ბზის ნაცვლად). ებრაელები ძნელად პოულობდნენ ბზეს, რადგან ნისანის თვე იდგა, ყვავილობის დრო და არა - თამუზი ან ოვი, როცა ბზის დროა. ამიტომ (14) იტანჯებოდეს მწიგნობარნი იგი ნათესავისა მისგან ძეთა ისრაელისათა, რომელნი-იგი დაედგინნეს მათ ზედა ზედამდგომელთა მათ ფარაოისთა. მივიდნენ ისრაელიანთა გზირები და შეჰღაღადეს ფარაონს: „ასე რად ექცევი შენს მორჩილთ“? (17) ჰრქუა მათ ფარაო: გცალს და მოცალე ხართ და მისთვის იტყვით: განვიდეთ და ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა. დაინახეს ისრაელიანთა გზირებმა, რა ჭირშიც ჩაცვივდნენ, და დაიწყეს ჩივილი ღმერთთან მოსესა და აარონზე მათივე თანდასწრებით. მაშინ მოსემ უფალს უთხრა: (23) შევედ მე ფარაოსა სიტყუად სახელითა შენითა, მაგრამ არათუ არ აღსრულდა გაჭირვებისგან მათი გამოხსნა, რისი იმედიც ჰქონდათ, არამედ პირიქით, ამის შემდეგ ყოფა კიდევ უფრო დაუმძიმდათ. |