მოსემ იცოდა, რაოდენ გულსასტიკი იყო თავისი ერის ძენი, ამიტომ მათ დასარწმუნებლად ნიშან-სასწაული ითხოვა. (1) არა ჰრწმენეს ჩემი და არცა ისმინონ მისა ჩემისა, რამეთუ მრქუან მე, ვითარმედ: არა გეჩუენა შენ ღმერთი. პასუხად ღმერთმა უთხრა: იმის დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად ჩემგან ხარ წარგზავნილი, (3) მიაგდე ეგე (კვერთხი) ქუეყანასა! ხოლო მან დააგდო იგი ქუეყანასა ზედა და იქმნა გუელ. და ივლტოდა მოსე გუელისა მისგან. ერის დასარწმუნებლად მიცემული ნიშან-სასწაულით ღმერთმა თავად მოსეც დაარწმუნა: როგორც ფარაონის გეშინია, ისე შეგეშინდა ახლა გველის, მაგრამ შენი ძალა სასჯელებით გადაძლევს ფარაონის ძალას, როგორც დაძლიე საკუთარი თავი და მოჰკიდე ხელი კვერთხად ქცეულ გველს, შენ, ვისაც მანამდე გველადქცეული კვერთხის შეგეშინდა. (6) მერმე ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: შეყავ ხელი შენი წიაღსა შენსა. მოსემ ჩაიყო უბეში ხელი და ნახა, რომ ის კეთრისგან გაუთეთრდა. მერე ისევ ჩაიყო, ღვთის ბრძანებით, და, აჰა, დაინახა, ხორცისფერი დაბრუნებია ხელს. ღმერთმა მას უთხრა, რომ ჯერ გველის და მერე ხელის ნიშან-სასწაულით დაერწმუნებინა ხალხი, რომელიც მათს თვალწინ კეთრით დაიფარებოდა და იქვე გაიწმინდებოდა. „ფარაონი და მისი მხედრობა, გველზე მეტი სიმტკიცის არ არიან ჩემთვის, უთხრა უფალმა ღმერთმა, ამიტომ ჩემთვის ძნელი არ არის, შევცვალო ისინი, როგორც მინდა“. (9) უკუეთუ არა ჰრწმენეს ეგვიპტელებმა შენი ორთა ამათ სასწაულთა, რომელსაც აღასრულებ მისი და შენი ერის შვილების წინაშე, მაშინ მდინარის წყალი ხმელეთზე დაღვარე სისხლად იქცევა. მას შემდეგ, რაც მიიღო ის ნიშან-სასწაულები, რაც ითხოვა, მოსემ ღმერთს ბაგის გახსნაც შესთხოვა: (10) გევედრები შენ, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ გუშინდითგან და ძუღუანდითგან, არცა ვინაითგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ხმაწულილ და ენამძიმე ვარ მე. უფალმა მიუგო: „სწორედ ის წარმოგაჩენს დიდად, რითიც დამცირებული ხარ, რადგან შენ, როგორც მდუმარე ღმერთს, სიტყვის გასაცხადებლად წინასწარმეტყველი გეყოლება“. (12) მე აღვაღო პირი შენი, არა იმისათვის, რომ ენაბრგვილობა მოგაშორო და უფრო მკაფიო გავხადო შენი სიტყვა, არამედ დიდი საქმენი მოვაყოლო იმას, რასაც ენაბრგვილობით იტყვი.
ამის შემდეგ მოსე დაბრუნდა მადიამში და სიმამრს უთხა (18) წარვიდე და მივიქცე მე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგვიპტეს. თუმცა სამწუხარო იყო მოსესთან განშორება, მაგრამ ზეგარდამო გამოცხადებული ღვთის ნებით, იგი არ დააკავეს. მოსეს ეშინოდა, რომ ეგვიპტელი დიდებულები, რომელთა წინააღმდეგაც გამოდიოდა ის ებრაელთა შევიწროების გამო, ახალ ფარაონსაც ისევე აღძრავდნენ მის წინააღმდეგ, როგორც ძველი აღძრეს. ამიტომ ღმერთმა დაამშვიდა: (19) მოწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა. მაშინ შესხა მოსემ სახედრებზე თავისი ცოლი და შვილები და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. მადიამიდან გამოსვლის წინ ღმერთმა უბრძანა ფარაონისთვის ეთქვა: (22) ამას იტყვის უფალი: ძე ჩემი პირმშო არს ისრაელი (23) გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე, ხოლო თუ დააკავებ და არ გამოუშვებ, თუმცა შენ ეს არ ხელგეწიფება, მაშინ მე მოვკლა ძე შენი პირმშოი, რაც მე ნამდვილად ხელმეწიფება. ამრიგად, ყველა სხვა სასჯელზე ადრე ღმერთი ფარაონს ამ სასჯელით ემუქრება: „მოვკლა ძე შენი პირმშოი“, რაც ყველა სხვა სასჯელზე მეტი იყო, ამასთან, აჩვენებს გველის სასწაულს, ყველა სასწაულთა შორის უმცირესს.
(24) იყო: გზასა ზედა სავანესა მას შეემთხვია მას ანგელოზი უფლისაი და ეგულვა მოკლვა. მისი, წინადაცვეთის უგულებელყოფისათვის, რამეთუ მადიამის ქვეყანაში დაბადებული მისი ერთ-ერთი ძე წინადაუცვეთელი დატოვა, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ქორების მთაზე ღმერთს ესაუბრა, თავისი ცოლი მას მადიამიდან გამოსვლამდე ნანახი არ ჰყავდა. სეფორა კი შეაწუხა აზრმა იმის შესახებ, რომ რაკი სრულად არ ირწმუნა ქმრის სიტყვების ჭეშმარიტება, თავად გახდა დამნაშავე. თუმცა მოსეც დამნაშავედ მიიჩნევდა საკუთარ თავს, რადგან არ წინადაცვითა შვილი. ამ ფიქრებში იყვნენ ისინი, როცა გამოეცხადათ ანგელოზი და აუწყა, რომ ითხოვდა წინადაცვეთას, რათა ებრაელებთან მისული მოსე დასაცინი არ გამხდარიყო იმის გამო, რომ იმყოფებოდა რა უსაფრთხოებაში, უგულებელყო წინადაცვეთა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეში მყოფი ებრაელები, მიუხედავად ესოდენ დიდი მწუხარებისა და შვილების დახოცვისა, წმინდად იცავდნენ წინადაცვეთას. ანგელოზი მოსეს რისხვით გამოეცხადა, რითაც შეაგონა, თუ ვისი მოშიშება უნდა ჰქონოდა მას: ღმერთისა, რომელმაც წინადცვეთა დაუდგინა, თუ ნეკნისა, რომელმაც წინადაცვეთა აუკრძალა. სეფორამ დაინახა, რომ მოსეს სიკვდილი ემუქრებოდა იმის გამო, რომ თვითონ უგულებელყო წინადაცვეთა, რაზეც წინა საღამოსაც იკამათეს და ანგელოზის ხილვით შეშინებულმა (25) მოიღო სეფორა ქასრი და წინა-დასცვითა წინა-დაცუეთილობა. ძისა თვისისაი; მერე მიატოვა გასისხლიანებული შვილი, ანგელოზს ფეხებზე მოეხვია და უთხრა: „სისხლის სიძე ხარ ჩემი. არ შეგვამთხვევ მწუხარებას წინადაცვეთით ქორწინების დღეს, რადგან დიდი სიხარული ჰქონდა აბრაამს იმ დღეს, როდესაც იაკობს წინადაცვითა. სისხლის სიძევ ჩემო, არ შეგვამთხვევ მწუხარებას ჩემი გულისთვისაც, რომელმაც საკუთარი ხელით წანადავცვითე, არც მოსეს გულისთვის, არც იმის ხათრით, ვინც წინადაცვეთის მცნება მოგვცა, რაც ამჟამად უკვე აღსრულებულია“. მაშინ დატოვა ისინი ანგელოზმა. მოსეს საშუალება მიეცა, სეფორასთვის ეთქვა: „თუ შენ ერთ წამში აღივსე შიშით, როდესაც ანგელოზი დაინახე, მაშინ რაოდენ კეთილკრძალულად და წმინდად უნდა დავიცვა მე სული ღვთის წინაშე, რომელიც განუწყვეტლივ მიცხადებს თავის თავს, ჩემი ხელით სასწაულებს აღასრულებს, გზაზე დამაყენა ამ კვერთხით და ექვსასი ათასი კაცის გამოსახსნელად წარმგზავნა?“ უთხრა ეს და მამამისთან დააბრუნა, უპირველესად იმიტომ, რომ ახლახან წინადაცვეთილ ძეს დიდ გზაზე ჭრილობა არ გართულებოდა, მეორეც, იმიტომ, რომ გაუმართლებელი იქნებოდა სეფორას ეგვიპტეში წაყვანა შვილებითურთ მაშინ, როცა მთელი ისრაელი ეგვიპტიდან უნდა გამოსულიყო. ამასობაში უფალი გამოეცხადა აარონს და შეაგონა, ძმის შესაგებებლად გასულიყო, რათა მისთვის თქმულში დარწმუნებით, ერწმუნა ისიც, რაც შემდგომში უნდა აღსრულებულიყო.
წინა - სარჩევი - შემდეგი