მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 3


 

მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თვისისათა (1) ქორების მთაზე და დაინახა (3) ანგელოზი ცეცხლითა ალისაითა მაყულოანით გამო. მოსე მიუახლოვდა მაყვლოვანს, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა. ამ დროს მას მოუწოდა არა ანგელოზმა, მანამდე რომ მოსემ იხილა, არამედ ღმერთმა, რომელიც თავიდან ანგელოზის სახით გამოეცხადა, ხოლო შემდეგ – საშინელ ხილვაში, და უთხრა: (5) ნუ მოეახლები აქა, როგორც ჩვეულებრივ ადგილს უახლოვდებიან. რამეთუ ადგილი ეგე, წმიდა არს, როგორც ის ადგილი, სადაც იაკობს ეძინა. ის ადგილი იმიტომ იყო წმინდა, რომ იქ იყო კიბე, რომელზეც იაკობის დასაცავად ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. ეს ადგილი კი იმ მიზეზით იყო წმინდა, რომ აქ გამოეცხადა მოსეს ღმერთი ცეცხლმოკიდებულ მაყვლოვანში. წარიხადენ ხამლნი ფერხთაგან შენთა, და წადი, დათრგუნე ეგვიპტელები, რადგან გავიდა უკვე ოცდაათი წელი, ეგვიპტური ყურძნის მოკრეფის დრო დადგა. როდესაც მოსეს წარმოუდგა თვალისათვის გაუსაძლისი ხილვა, მაშინ (6) გარემიიქცია პირი მისი რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა, თუმცა მანამდე ანგელოზს უმზერდა. მაყვლოვანი, რომელიც გამოუსადეგარი იყო მკვდარი ღმერთების გამოსაძერწად, გამოდგა იმისათვის, რომ მასში გამოსახულიყო ცოცხალი ღმერთის საიდუმლოება. და შენ, მოსე, ამის ნიშანი გეძლევა: როგორც ცეცხლში ღმერთი იხილე, ასევე ცეცხლით უნდა ემსახურო ცეცხლში დამკვიდრებულ ღმერთს.

(7) ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე ძვირი იგი ერისა ჩემისაი, რომელ არს ეგვიპტეს შინა, ოთხმოცი წლის განმავლობაში; (8) და გარდამოვედ განრინებად მათა შენი ხელით, რათა შევიყვანო ქანაანის ქვეყანაში, რომელიც მათ მამებს აღვუთქვი. (11) და ჰრქუა მოსე ღმერთსა: ვინ ვარ მე, და მივიდე მე ფარაოსა? მაშინაც არ ვიყავი ფარაონისთვის სათნო, როცა სამეფო გვარს ვატარებდი, ახლა კი, როცა მწყემსობამდე ვარ დამდაბლებული, ვინ შემიშვებს მასთან? რომც შევიდე, რა უნდა დაინახოს ჩემში ისეთი ამაღლებული, რომ ჩემი სიტყვები ირწმუნოს? (14) და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: (16) შეკრიბენ მოხუცებულნი, რომელთა (9) ღაღადებაი მოიწია ჩემდა, და (15) ესრე არქუ გავიხსენე მე ისინი. და შევიყვან მათ (17) ქუეყანასა მას ქანანელთასა. თუ შენ გეშინია, რომ არ მოგისმენენ, გეუბნები: (18) ისმინონ მისა შენისა. შედი ისრაელის უხუცესებითურთ ეგვიპტის მეფესთან და უთხარი: (18) განვიდეთ უკუე გზისა სამისა დღისასა უდაბნოდ, რათა ვჰმსახუროთ ღმერთსა ჩუენსა. მაგრამ რადგანაც ფარაონი ამას არ დათანხმდება, ამიტომ თავის ჯარით გამოგყვებათ ის სამი დღის სავალზე, და ვაქცევ მათ მხეცებისა და ფრინველების ნადავლად. ისინი დაიბუდებენ ზღვის ტალღებით გამორიყული მათს სხეულებში. როგორც გითხარი, რომ შენი ერის შვილები შენ მოგისმენენ, ასევე გეუბნები ფარაონის შესახებაც, რომ არ მოგისმენს, მაგრამ არა საკუთარი ძალისა და კერპების იმედით, არამედ ამპარტავნების მიზეზით, რისთვისაც (20) ვსცე ეგვიპტელთა ყოვლითა საკვრველებითა ჩემითა, რაოდენი იყო შორის, და ამისა შემდგომად განგიტევნეს თქუენ. ხოლო უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის, რომ ეგვიპტიდან ნამდვილად გამოხვალთ, (21) მოვსცე მადლი ერსა ამას, და გამდიდრდებიან ებრაელები ეგვიპტელების ხარჯზე, რითაც აღსრულდება აბრაამისთვის მიცემული ჩემი აღთქმა. ებრაელები კი, მას შემდეგ, რაც მიიტაცებენ და წაიღებენ ეგვიპტის მთელ საგანძურს, თავად ეგვიპტელებს თვალს ვეღარ გაუსწორებენ.



წინა - სარჩევი - შემდეგი