მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 2


 

იმ დროს, როდესაც ესოდენ შევიწროებულნი იყვნენ ებრაელები, დაიბადა მოსე. დედამისმა დაინახა, თუ რა მშვენიერი იყო, მალავდა მას, სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდა, რითაც სასიკვდილო საფრთხეში იგდებდა თავს, ვინაიდან ფარაონის ბრძანების უგულებელყოფისათვის შეიძლება მოეკლათ ისიც, მთელი მისი ნათესაობა და, ცხადია, არც მოსეს დატოვებდნენ ცოცხალს. შეხედე, ეგვიპტელები იმდენად მკაცრად უთვალთვალებდნენ ებრაელებს, რომ დედას აღარ შეეძლო დიდხანს დაემალა ჩვილი მოსე თავისთან. ამასთან, იმასაც მიაქციე ყურადღება, რომ ღვთის მადლი ისეთი მზრუნველობით იცავდა ებრაელებს, რომ ეგვიპტიდან ისინი ექვსასი ათასი კაცის რაოდენობით გამოვიდნენ. დედამისმა მოსე ლერწმის კიდობანში ჩასვა და მდინარის (ნილოსის) ნაპირზე დატოვა. თვითონ კი შინ დაბრუნდა, მუხლი მოიდრიკა და ლოცვაში აბრაამის ღმერთის წინაშე მწარე ცრემლებით ფარაონზე ჩიოდა: „შენ ჩვენი ერი აკურთხე, რომ გამრავლებულიყო, და, აი, ის მრავალრიცხოვანია, შენი კურთხევისამებრ. მაგრამ ფარაონმა ბოროტება ჩაიფიქრა, რომ ჩვილების განადგურების შემდეგ მიწა მიწათმოქმედების გარეშე დარჩენილიყო და შობილთა ამოწყვეტით გამქრალიყო შენ მიერ ნაკურთხი მოდგმა“.

მარიამი, მოსეს და, ნაპირზე იჯდა (4) და ჰხედვიდა, რა მოუვიდოდა კიდობანში დატოვებულ ჩვილს. მას ღმერთის სასოება ჰქონდა და ბავშვის სილამაზეც აძლევდა იმის იმედს, რომ პირველივე, ვინც კი კიდობანს დაინახავდა, აიყვანდა მას და სიკვდილისგან გადაარჩენდა. ამ დროს დღის სიცხემ ფარაონის ქალიშვილი აიძულა, მისთვის უჩვეულო ჟამს წასულიყო მდინარეზე (5) ბანად. თუმცა, როგორც ჩანს, ის თავისი ნებით გამოვიდა, პაპანაქება სიცხის მიზეზით, მაგრამ, რადგანაც ეს მისთვის უჩვეულო ჟამს გააკეთა, ამიტომ ეს თავისი ნებით არ მომხდარა. ამდენად, მისმა საკუთარმა ნებამ იგი მდინარესთან მიიყვანა, რათა ამოეყვანა იქიდან ის, ვისაც მომავალში შური უნდა ეძია მდინარეში დამხრჩვალი ჩვილებისათვის მათი მკვლელების ზღვაში დახრჩობით. დაინახა რა ჩვილის მშვენიერება, ფარაონის ქალიშვილმა ვის მხევლებთან ერთად განსაჯა, რომ ეგვიპტელმა ღმერთებმა მისი უნაყოფობის გამო განუმზადეს მას მდინარეში ძე, როგორც ნუგეში და შვება. იგი განმტკიცდა იმ აზრში, რომ თუ მას შვილად აიყვანდა, ამით გათავისუფლდებოდა სირცხვილისა და გაკილვისგან, რაც უშვილობის თანმდევი იყო; თვითონ დიდ ნუგეშს მიიღებდა, მამამისი კი ტახტის მემკვიდრეს შეიძენდა. ამ დროს მასთან მივიდა მარიამი – არც მწუხარე ჩანდა და არც გახარებული, რადგან არ ამჟღავნებდა თავის შინაგან განწყობას, რათა მშვიდი გარეგნობით თავისი ნამდვილი განზრახვა დაეფარა. (7) ჰრქუა ასულსა ფარაოსსა დამან მის ყრმისამან: გნებავს, მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა, რომელსაც რძეც სუფთა ექნება და გულიც წრფელი, და რომელიც ამ თვისებებით საკმაოდ გამოადგება თქვენს სამეფო აღმატებულებას? დასტურის შემდეგ მარიამი საჩქაროდ წავიდა სახლში (8) და უწოდა დედასა მის ყრმისასა. მოვიდა მოსეს დედა შესაფერის სამოსში და დიდი გასამრჯელოს ფასად დათანხმდა, ძიძად დასდგომოდა საკუთარ შვილს. ის, ვინც მთელ სახლს მისცემდა მოსესთვის, რომ იგი მდინარეში არ გადაეგდოთ, ახლა, როდესაც მოსე მას აღსაზრდელად მისცეს, არ უნდოდა გასამრჯელოს გარეშე გაეზარდა. ბოლოს, მიჰყავდა თავისი შვილი კიდობნით და ვინც მწუხარებით გამოჰყავდა სახლიდან, ახლა უკვე სიხარულით შეჰყავდა სახლში; ვინც ღამის სიბნელეში გამოიყვანა, ის ახლა ღიად მიჰყავდა ქუჩებში და სახლში სანთლით შეჰყავდა. დედისთვის შესაძლებელი გახდა, თავისუფლად ეხილა თავისი ნაშობი, რომელსაც სამი თვე მალავდა, რომ არავის დაენახა. ამდენად, მდინარეში იხილა ნათელი იმან, ვინც სინათლის დაკარგვის მიზნით იყო იქ ჩაგდებული.

მოსეს აღზრდა-განათლება როდესაც დასრულდა, იგი ფარაონის სასახლეში მიიყვანეს. მისი სილამაზე მშობლებს ახარებდა, თუმცა ამწუხრებდა მისი ენაბრგვილობა. მოსემ, თავისი წინადაცვეთილობით და, განსაკუთრებით, დედისა და დის მონათხრობით, იცოდა, რომ იოქაბედის შვილი იყო. ახლოვდებოდა აღთქმული ოთხასი წლის დასასრული და მოსე მივიდა თავის ძმებთან, რათა გამოეცადა, თუ მოხდებოდა მისი ხელით ებრაელების გამოხსნა. იქ მან ეგვიპტელი ზედამხედველი დაინახა, რომელიც ფარაონის ყველა სხვა ზედამხედველს სისასტიკით აღემატებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ მოსე ხშირად საყვედურებოდა მას ებრაელი ხალხისადმი მხეცურად მოპყრობის გამო, იგი მაინც თავისას განაგრძობდა. ახლაც იმავე შემთხვევას შეესწრო მოსე: ეგვიპტელი ცემდა ებრაელს, მოსეს თვისტომს. მოსემ მოკლა იგი და ქვიშაში ჩაფლო. ამგვარად, ქვიშაში დამარხა ის, ვინც ავიწროებდა იმ ნათესავს, რომელიც, ღვთის კურთხევით, ზღვის ქვიშაზე მეტად უნდა გამრავლებულიყო; მდინარის ქვიშაში დაფლა ის მოსემ მის იმ თანამოძმეებზე ადრე, რომლებიც შემდგომში ზღვას უნდა გამოერიყა სანაპიროს ქვიშაზე. (13) ხოლო გამო-რა-ვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, იბრძოდეს. მოსეს, როგორც მეფის ძეს, უფლება ჰქონდა სიკვდილითაც კი დაესაჯა ისინი, მაგრამ არ უსარგებლია თავისი ხელმწიფებით, მხოლოდ სამართლიანდ გაკიცხა მჩაგვრელი. მაგრამ ამ მჩაგვრელმა, იმის ნაცვლად რომ საყვედური მიეღო, ყველას თანდასწრებით მკვლელობაში ამხილა მეფის ძე და უთხრა: (14) ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? როგორ ეუბნები შენ, უსირცხვილობამდე თვითნებური ადამიანი, მეფის ძეს: „ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა?“ ის იმ ზედამხედველების მთავარიც არის, რომელიც შენზე ზედამხვედველობს. მაშ, როგორ არ არის შენი მთავარი? თუმცა, უნდა ითქვას, რომ მოსე შეძრწუნდა, რადგან სრულებითაც არ ელოდა ამ საქმის გამომჟღავნებას. კვლელობაში მას სხვა ებრაელი ამხელდა, და არა ის, ვინც იხსნა. თუკი საყვედური უსამართლო იყო, ესე იგი, მოსეს მის გამო არ მოუკლავს ეგვიპტელი. ეგვიპტელისგან დაცული ებრაელი ისევე იყო დაჩაგრული, როგორც ჭასთან – მღვდლის ასულები. ეგვიპტელის მოკვლით მოსეს სურდა, ადგილობრივებისგან შევიწროებული ებრაელებისთვის შვება მოეტანა. მაგრამ იმან, ვისაც იგი დაეხმარა, მეორე ებრაელს ეს მეგობრულად გაუმხილა; ამ მეორემ კი, გაგულისებულმა, მოსე დაადანაშაულა. ასე რომ, ეს ამბავი ფარაონმაც შეიტყო, ხოლო მხედარმთავრებსა და მთავრებს, ვინც გულღვარძლიანნი იყვნენ მოსეს მიმართ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი მათ ებრაელების მიმართ ულმობლობაში ადანაშაულებდა, ახლა უკვე მასზე ჩივილის საბაბი მიეცათ. ფარაონი იმდენად განრისხდა, რომ მზად იყო შვილობილის სისხლში გაესვარა ხელი და ტახტის მემკვიდრე სასიკვდილოდ გაემეტებინა. მოსე მოერიდა, დაემწუხრებინა თავისი ნამდვილი მშობლები (ფარაონის ასული), როცა გამზრდელი მშობლები მას საწამებლად გადასცემდნენ და ამიტომ მადიამის ქვეყანაში გაიქცა.

(15) დაჯდა იგი ჯურღმულსა მას ზედა. იქვე დაინახა, რომ ზარმაცმა მწყემსებმა თავხედურად წაართვეს ქალწულებს წყალი. სამართლიანი მოსე ადგა და გამოესარჩლა მათ და ფარაც დაურწყულა. როდესაც ასულები სახლში მივიდნენ და მამამ ადრე მისვლის მიზეზი გამოჰკითხა, მათ უამბეს მოსეს სამართლიან და თანამგრძნობ საქციელზე. მამამ დააძახებინა და თავისი ქალიშვილების დამცველი პურის საჭმელად სახლში შეიპატიჟა, სადაც დააჯილდოვა იგი იმ კეთილმოქმედებისათვის, რომელიც მოსემ ჭასთან გამოიჩინა ასულებთან მიმართებით. ამ დროს მოსე დაკავებული იყო იმაზე ფიქრით, თუ საით წასულიყო და სად გაჩერებულიყო. და, აი, როდესაც მღვდელმა კაცი გამოუგზავნა და სახლში მიიწვია, ის მიხვდა, რომ იმან, ვინც მდინარეში სიკვდილისგან იხსნა ფარაონის ასულის მეშვეობითა და ფარაონის ხელიდან მის თვალთაგან გაქცევით, ახლა წმინდა აზრი მიაწოდა მღვდელს, მიეწვია იგი თავისთან და საკუთარ ქალიშვილზე დაექორწინებინა. ამრიგად, ღმერთმა მოსე იხსნა მოგვებისგან და მიიყვანა მღვდელთან. მოსეს არც მღვდლის ეშინოდა და არც მოგვების: თუ სარგებელი არ მიუღია მათგან, ყოველ შემთხვევაში, არც ზიანი განუცდია. აარონი და მარიამი ახლა იმის მდგომარეობით წუხდნენ, ვისითაც მანამდე ამაყობდნენ. იოთორმა, დაინახა რა მოსეს სილამაზე და ერთგულება, განსაკუთრებით კი მასთან ღმერთის მყოფობა, დაარწმუნა იგი ცოლად მოეყვანა თავისი ასული – სეფორა, რათა ისე, როგორც იაკობმა გაათავისუფლა ლაბანის ასულები სამწყემსო შრომისგან, ასევე გაეთავისუფლებინა მასაც (მოსესაც) სეფორა და მისი დები მსგავსი ხვედრისგან. დაქორწინდა მოსე სეფორაზე და უშვა მან ორი ძე; პირველს მან წინადაცვითა, მეორესთვის სეფორამ ამის ნება არ მისცა, თავისი მამისა და ძმების იმედით. სეფორა კი გათხოვდა მოსეზე, მაგრამ არ უნდოდა, მისი სარწმუნოება გაეზიარებინა: როგორც სამსხვერპლო ხორცზე გაზრდილი მღვდლის შვილი, მიჩვეული იყო მრავალღმერთიანობას. ამიტომ არ მისცა უფლება, ორივე ძე წინადაეცვითა, მაგრამ არც ორივეს წინადაუცვეთელობა მოუთხოვია: დაუთმო ერთი, რათა მასზე აღსრულებულიყო აბრაამისეული წინადაცვეთა და უარი უთხრა მეორეზე, რათა მასში გაგრძელებულიყო თავისი მამისეული სახლის წანადაუცვეთელობა. მაგრამ სახელების დარქმევისას, მოსემ არც ცოლს დაუთმო და არც სიმამრს: პირველს მისცა სახელი მოსაგონებლად თავისი გადასახლებისა, რაც ღმერთისთვის დაითმინა, მეორეს კი – ფარაონისგან თავის დაღწევის გასახსენებლად. მადიამის ქვეყანაში მოსეს ორმოცწლიანი ცხოვრების შემდეგ გარდაიცვალა ებრაელების შემჭირვებელი ფარაონი, რამაც ებრაელთა მონური ცხოვრება დაამშვიდა. ამ დროს გაიხსენეს მათ ღმერთის აბრაამთან დადებული აღთქმა და ისიც, რომ დათქმული დრო უკვე მიიწურა, მეტიც, ოცდაათი წელი გადაცდა. დაიწყეს ლოცვა და იქნენ შესმენილნი ღვთისგან. (15) და მოჰხედა ღმერთმან ძეთა ისრაელისათა, ნახა მათი სალმობა და შეუდგა კურნებას.



წინა - სარჩევი - შემდეგი