მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 1


 

ესე სახელები არს ძეთა ისრაელისათა, რომელნი შესრულ იყვნეს ეგვიპტედ იაკობის თანა (1)(5) და იყო ყოველი სული იაკობისითგანი სამეოც და ათხუთმეტ.

ამით ნაჩვენებია, რომ ჭეშმარიტად აღსრულდა ღმერთის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმა, რადგან ეგვიპტეში სამოცდაათი სული შევიდა საცხოვრებლად, ხოლო როცა ორას ოცდახუთწლიანი მონობის შემდეგ იქიდან მათი შთამომავლობა გამოდიოდა, (ბიბლიური მონაცემით ებრაელები მონობაში 430 წელი იმყოფებოდნენ), მათ რიცხვში, გარდა ოცი და ნაკლები ასაკის ადამიანებისა, ექვსასი ათასი მეომარი იყო. იოსების, მისი ძმებისა და მთელი იმ თაობის სიკვდილის შემდეგ, ეგვიპტეში ახალი მეფე ავიდა ტახტზე, რომელმაც ებრაელი ჩვილების მოკვდინება ბრძანა. ამ ბრძანების გასაცემად ფარაონს გარკვეული მიზეზები ჰქონდა. რაკი აბრაამისთვის წინასწარ ნაუწყები ოთხასი წელი გავიდა, სატანას უნდოდა, ჩვილების ამოწყვეტით ებრაელთა მხსნელიც მოეკლა. თავად ფარაონმა კი დაინახა, რომ ებრაელი ერი ძალიან გამრავლდა, ერთგვარად გამოღრღნილი იყო მისგან მთელი ეგვიპტე, და შეშურდა ებრაელების სიმრავლისა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ებრაელთა მტრებს სურდათ თავიანთი თავი წინასწარმცოდნეობაში დაერწმუნებინათ, სრულდებოდა რა იმ წლების რიცხვი, რომელიც განსაზღვრული იყო ეგვიპტეში ებრაელთა ცხოვრებისათვის, ისინი მათ მალე წასვლას იუწყებოდნენ. მაშინ ფარაონმა ბრძანა მოეკლათ ჩვილები, ხოლო მშობლები ამაო შრომით დაეტვირთათ და მიზნით ბეღლების მშენებლობაზე დაეყენებინათ, რომელთა აშენების საჭიროება სრულებითაც არ არსებობდა, რადგან თუკი იოსების მიერ აშენებული ბეღლები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შვიდწლიანი შიმშილობის პერიოდში მათში პურის მარაგი შეენახათ ეგვიპტელების, ქანაანელებისა და ამორეველებისათვის, მაშინ, რა თქმა უნდა, მარტო ეგვიპტელებისთვის არსებული ბეღლების მოცულობა საკმარისზე მეტი იქნებოდა. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობდა ფარაონი ებრაელი ჩვილების ამოწყვეტას, მით უფრო იზრდებოდა ახალშობილთა რიცხვი, და რაც უფრო ცდილობდა მეფე ებრაელების შევიწროებას, მით უფრო აწუხებდა მას ამ ერის გამრავლება. ამიტომ ებრაელები თვით ევიპტელებმაც შეიძულეს.

ფარაონს თავისი მდინარის ბედი აწუხებდა, რომ არ გაფუჭებულიყო მისი წყლები მასში ჩამხრჩვალი ჩვილების სხეულებისგან. ამიტომ ბებიაქალები გამოიძახა და უბრძანა, მკვლელებად ქცეულიყვნენ, ანუ თავისი ხელმწიფებით აიძულებდა მათ ემოქმედათ საკუთარი სახელწოდების საწინააღმდეგოდ – მკურნალებისგან მკვლელები გამხდარიყვნენ. მაგრამ ბებიაქალებმა არ შეისმინეს მეფის ბრძანება, თუმცა კი დაჰპირდნენ. იმის ნაცვლად, რომ მეფის ბრძანებისამებრ ჩვილებისთვის სიცოცხლე წაერთმიათ, ისინი მზად იყვნენ მათ გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაეწირათ. ბებიაქალები ელოდნენ, რომ ამისთვის აღმსარებლობის გვირგვინს მიიღებდნენ, მაგრამ ამ დროს ღმერთმა მათ ბაგეებს ბრძნული სიტყვა მისცა (გამოს. 1:19) და ამით სიკვდილს გადაარჩინა. (20) კეთილსა უყოფდა ღმერთი ყრმის აღმქუმელთა მათ, - ბებიაქალებს ეგონათ, რომ უამრავი ჩვილის გადარჩენის გამო ფარაონი მათ სიკვდილით დასჯიდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ღმერთმა მათი სახლები ბარაქით აავსო.

როდესაც მეფე დედაკაცების დასაცინი გახდა, თუმცა მან ეს არ იცოდა, მაშინ გადაწყვიტა ჩვილების სისხლით შეებილწა მდინარის წყლები და მათი ხორცით თევზები გამოეკვება. მაგრამ ვერც ამით მიაღწია წარმატებას, რადგან ებრაელების რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. მართალია, ჩვილთა გვამებით მდინარე აავსო, როგორც მას სურდა, მაგრამ იმავდროულად ეგვიპტეც ებრაელებით გაივსო, რაც ნამდვილად მისი სურვილის საწინაღმდეგოდ ხდებოდა. როცა ხედავდა, რომ მდინარე ჩვილების ცხედრებით იხრწნებოდა, ფარაონი ხარობდა, თუმცა იმასაც ამჩნევდა, რომ ებრაელები, ერთგვარად, ხრავდენ მთელ ეგვიპტეს, რაც მას ძალიან აწუხებდა. ამდენად, ფარაონის ბრძანება არ გაუქმებულა, მაგრამ შესრულებითაც არ სრულდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ მდინარის ნაპირებზე, მსგავსად კალიების სიმრავლისა, უამრავი ჩვილის გვამი მოჩანდა, ფარაონის საუბედუროდ ეგვიპტის ქუჩებშიც საკმაოდ ხმამაღლა და მრავლად ისმოდა ებრაელი ყრმების ხმა.



წინა - სარჩევი - შემდეგი