|
მოსეს ხუთწიგნეულის მეორე, გამოსვლის, წიგნში ჩამოთვლილია სამოცდაათი სული, ვინც ეგვიპტეში იაკობთან ერთად შევიდა; მოთხრობილია, რომ გარდაიცვალნენ იოსები და მისი ტომის სხვა ძენი, რომ ტახტზე ახალი მეფე ავიდა და კლავდა ებრაელ ჩვილებს, მოსე კი კიდობანში გადარჩა და იგი ფარაონის ასულმა იშვილა; როგორ მივიდა მოსე თავის ძმებთან იმ აზრით, რომ მისი ხელით მიეცემოდათ მათ გამოხსნა (საქმ. 7:25); მოკლა ეგვიპტელი, უსაყვედურა თვისტომს და მისგან იქნა დადანაშაულებული; ნაუწყებია იმის შესახებ, რომ გაიქცა ის მადიამის ქვეყანაში, დაჯდა ჭასთან, დაიცვა დაჩაგრული ქალიშვილები, შევიდა იოთორის სახლში და დაქორწინდა მის ასულ სეფორაზე; რომ მოკვდა ფარაონი და ისრაელიანებმა შვებით ამოისუნთქეს. მოთხრობილია, რომ ებრაელები ლოცულობდნენ და ღმერთმა შეისმინა, აგრეთვე – როგორ გამოეცხადა ღმერთი მოსეს მაყვლოვანში, კვერთხი როგორ იქცა გველად, ხელი კეთრით დაეფარა და განეწმინდა, როგორ დაბრუნდა მოსე ეგვიპტეში, შეხვდა მას ანგელოზი და მოკვლით დაემუქრა, როგორ შევიდა მოსე ეგვიპტეში და შეხვდა მას აარონი, როგორ აღასრულა მოსემ სასწაული უხუცესების წინაშე და მათ ირწმუნეს მისი; როგორ მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან, მაგრამ მან არ მოინდომა ებრაელების გაშვება, გაუზარდა სამუშაო და აკრძალა მათთვის ბზის მიცემა. მოთხრობილია, როგორ - იქცა კვერთხი გველად, მდინარის წყლები — სისხლად. როგორ მოევლინა ეგვიპტელებს სასჯელის სახით გომბეშოები, ჭირი, მუმლი, ჩირქიანი წყლული, ცეცხლი და სეტყვა, კალია, წყვდიადი და პირმშოების სიკვდილი; ნისანის მეთოთხმეტე დღეს როგორ დაკლეს და ჭამეს ებრაელებმა კრავი, როგორ სასწრაფოდ გავიდნენ ეგვიპტიდან შეიარაღებულნი და შემკობილნი ეგვიპტელებისგან აღებული ოქროთი, ვერცხლითა და სამოსლით; შემდეგ აღწერილია მეწამული ზღვის გაყოფა, ებრაელთა გადასვლა და ეგვიპტელთა ჩაძირვა; როგორ აღუვლინა მარიამმა ღმერთს სადიდებელი გალობა ზღვის პირას; როგორ მიდიოდნენ ებრაელები სამი დღე და არ ჰქონდათ წყალი; ხის ძელით როგორ დატკბა მერრის მწარე წყლები; როგორ მოდიოდა ციდან მანანა და მიეცათ საჭმელად მწყერი; როგორ გადმოადინა მოსემ ქორებში წყალი კლდიდან; როგორ მოვიდნენ ამალეკელები და ებრაელებს ბრძოლა გამოუცხადეს; როგორ მოვიდა მოსესთან მისი სიმამრი იოთორი; როგორ მიეცათ ებრაელებს რჯულისკანონი სინას მთაზე; როგორ გარდამოხდა სინას მთაზე ღმერთი; როგორ მიეცათ იქ კანონები და მსჯავრი; როგორ ავიდა მოსე მთაზე და ჩამოიტანა იქიდან ფიქლები და მიიღო ღმერთისგან მცნება, თუ როგორ და რისგან დაემზადებინა მოწმობის კარავი; როგორ ჩამოასხა ხალხმა კერპი, როდესაც მოსე მთაზე დაყოვნდა; როგორ დაბრუნდა მოსე და მეორედ ავიდა მთაზე მიიღო ახალი ფიქლები და იშუამდგომლა ღმერთთან დამნაშავე ერისთვის; როგორ შეევედრა ღმერთს, რომ მას თავად ევლო ისრაელიანებთან ერთად და სთხოვა: მიჩუენე დიდებაი თავისა შენისაი. და გულისხმა-ვყო (33:18, 13); როგორ გამოეცხადა ღმერთი მოსეს და შეაგონა, რომ დაიცვან მიცემული მცნებები და კერპისადმი თაყვანისცემის შემდეგ გამოუცხადა რჯული. ბოლოს, აღწერილია მოწმობის კარავი და ყველა მისი ჭურჭელი და ასევე პირველი თვის პირველ დღეს მისი დადგინება; აგრეთვე ნაუწყებია, დღის განმავლობაში როგორ ეფინებოდა მოწმობის კარავს ღრუბელი და აუწყებდა ისრაელიანებს გზაზე დადგომის ჟამს. მოსე ყოველივე ამას ასე აღწერს გამოსვლის წიგნში. |