მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი VIII – უარის თქმა საეროთათვის ქრისტეს წმიდა სისხლით ზიარებაზე


 

კითხვა: რამდენად მართებულია კათოლიკეთა საქციელი, როცა საეროთაგანს არ აზიარებენ ქრისტეს სისხლს?


მიგება: რა თქმა უნდა, არ არის მართებული ასეთი საქციელი, ზიარებისას უნდა ვბაძავდეთ მაცხოვარს, რადგან თვით უფალი მოგვიწოდებს: „ამას ჰყოფდით, მოსახსენებელად ჩემდა“ (ლკ. 22,19); სახარებიდან ვხედავთ, რომ ქრისტემ აზიარა მოციქულები არა მხოლოდ ხორცით, არამედ სისხლითაც: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაი თავთა შორის თქუენთა, ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი და მე აღვადგინო იგი უკანაისკნელსა მას დღესა (იოანე. 6. 53-54).



კითხვა: კათოლიკეები ამბობენ, როდესაც ვეზიარებით ქრისტეს ხორცს, თავისთავად სისხლსაც ვეზიარებით, რადგან სადაც ხორცია, იქ სისხლიც არისო, რამდენად მართალია მათი მსჯელობა?


მიგება: ასე ხდება მხოლოდ ნამდვილ სხეულში, მაგრამ ზიარებისას ქრისტეს სისხლსა და ხორცს ჩვენ ვღებულობთ ღვინისა და პურის სახით. ასე დაადგინა თვით მაცხოვარმა საიდუმლო სერობის ჟამს, როცა ცალ-ცალკე მისცა მოციქულებს ხორცი თვისი და სისხლი თვისი და ამიტომაც ორივეს ღებულობენ ზიარებისას კათოლიკე მღვდლები.



კითხვა: როგორ არის სახარებაში ნათქვამი ამის შესახებ?


მიგება: „მოიღო იესო პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და რჰქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი და მიიღო სასმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა (მ. 26, 26-28).



კითხვა: თუ თვითონ მაცხოვარმა აზიარა მოციქულნი ხორცითა და სისხლით, მაშ კათოლიკეები რატომ არ მალავენ მას?


მიგება: ისინი ამბობენ, რომ მაცხოვრის მიერ მოციქულთა ზიარება არ ეხებათ საეროთ, არამედ მხოლოდ სამღვდელოებას, როგორც მოციქულთა მემკივდრეებს.



კითხვა: ასეა ნამდვილად?


მიგება: არა. მოციქულთა ზიარების მაგალითს უნდა მიჰყვებოდნენ არა მხოლოდ სამღვდელონი, არამედ საერონიც და საერთოდ ყველა ქრისტიანი. წმ. მოც. პავლე ბრძანებს: „რავდენ გზისაც სჭამდეთ პრუსა ამას და ჰსუმიდეთ სასმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მოუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს“. (1 კორ. 11,26).



კითხვა: არასდროს არ აზიარებდნენ საერო ხალხს კათოლიკურ ეკლესიაში ქრისტეს სისხლით?


მიგება: როგორ არა; კათოლიკურ ეკლესიაში ისევე ხდებოდა ზიარება, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში XV საუკუნემდე და მხოლოდ ამ პერიოდიდან იკრძალებოდა ეს რომაულ ეკლესიაში.



კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ კათოლიკეთა ეს ჩვეულება?


მიგება: როგორც თვითნებური და წინააღმდეგი მაცხოვრისა და მოციქულთა სწავლებისა და საეკლესიო გარდამოცემისა.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი