|
კითხვა: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკეები, რომდესაც ჩვილ ბავშვებს წმიდა მირონს სცხებენ არა უშუალოდ წმიდა ნათლისღების შემდეგ, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ? მიგება: არა, არ იქცევიან სწორედ. წმიდა ეკლესია მოციქულთა დროიდან ინახავს ტრადიციას ჩვილ ბავშვთა მირონცხებისა, იმწამსვე ნათლისღების შემდეგ. კითხვა: როგორ ასწავლიდნენ ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები? მიგება: წმიდა კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი (III ს.) წერდა: „ნათელღებულისათვის აუცილებელია აგრეთვე მირონცხება, რათა (მიიღებს რა ქარიზმას ე.ი. ცხებას) გახდეს ზეგარდამოცხებული და ჰქონდეს ქრისტეს მადლი“. ლაოდიკიის საეკლესიო კრების (IV ს.) დადგენილება: „ჯერ არს წმიდა ნათლისღებით განათლებულმა აგრეთვე იცხოს ზეციური ცხებით, რათა გახდეს ღვთის სასუფევლის თანაზიარი“ (კანონი 48). კითხვა: რატომ არის საჭირო ჩვილ ბავშვთა მონათვლის შემდეგ იმწამსვე მირონცხება? მიგება: წმიდა მირონცხების დროს, ადამიანს მიენიჭება ღვთიური ძალები, რომლებიც აღზრდიან და განამტკიცებენ მას სულიერ ცხოვრებაში. ბუნებირვია, რომ ეს ძალები განსაკუთრებით აუცილებელია იმ ადამიანისათვის, რომელიც ახლად იწყებს ახალ (სულიერ) ცხოვრებას და საჭიროებს დახმარებასა და განტკიცებას. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა: „თუ გარეშემოიზღუდავ საკუთარ თავს ბეჭდით (წმიდა მირონცხებისა), საუკეთესო და ჭეშმარიტი საშუალებით უსაფრთხოს გახდი შენს მომავალს, აღნიშნავ რა სულსა და სხეულს მირონცხებით და წმიდა სულით, როგორც ისრაელელებმა გადაარჩინეს პირველშობილი შვილები კარებზე სისხლის ნიშნით (გამოსვლათა 12, 1-14). კითხვა: შეიძლება წარმატებას მივაღწიოთ სულიერ ცხოვრებაში თუ არ გვექნება წმიდა მირონცხების ბეჭედი? მიგება: არა, არ შეიძლება. როგორც მოგვითხრობს წიგნი „საქმე მოციქულთა“, „ესმა რა უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალიმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუა ღმერთისა, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოანე. რომელნი იგი, ვითარცა მივიდეს. ლოცვა-ჰყუეს მათთვის, რათა მიიღონ სული წმიდა. რამეთუ მანამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნული სული წმიდა, გარნა ბანილ ხოლო იყუნეს სახელითა უფლისა იესოსითა (საქმე მოციქულთა 8, 14-16). კითხვა: ყოველთვის ჰქონდათ კათოლიკეებს ეს ჩვეულება – არ ეცხოთ ჩვილ ბავშვებისათვის წმიდა მირონი იმწამსვე ნათლისღების შემდეგ? მიგება: არა, თავიდან კათოლიკენი ისევე როგორც მართლმადიდებლები იმწამსვე ნათლისღების შემდეგ ასრულებდნენ წმიდა მირონცხებას ჩვილ ბავშვებზე. კითხვა: რა მიზეზით უარყვეს კათოლიკეებმა ეს უძველესი ტრადიცია? მიგება: ლათინი ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ ჩვილი ბავშვების მირონცხება უნდა მოხდეს მაშინ, როცა ისინი შეგნებულ ასაკს მიაღწევენ. კითხვა: სამართლიანია ეს მტკიცება? მიგება: არა, არ არის სამართლიანი. მაშინ ამ საფუძველზე ბავშვთა ნათლისღებაც შეგნებულ ასაკამდე უნდა გადავდოთ, მაგრამ ამას კათოლიკეები არ აკეთებენ. კითხვა: რა შეიძლება ითქვას კათოლიკეების ჩვეულებაზე. გადადონ ჩვილ ბავშვთა წმიდა მირონცხება შეგნებული ასაკის მიღწევამდე? მიგება: ეს ჩვეულება არაკანონიერია, რადგან ეწინააღმდეგება ძველ საეკლესიო გარდამოცემასა და სჯულის კანონს. კერძოდ ლაოდიკიის საეკლესიო კრების 48-ე კანონს.
|