მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი V – წმინდანთა საკმარისზე მეტი დამსახურებებისა და ინდულგენციების შესახებ


 

კითხვა: რაში მდგომარეობს კათოლიკური სწავლება წმინდათა საკმარისზე მეტი დამსახურებების შესახებ?


მიგება: უპირველეს ყოვლისა ეს სწავლება მდგომარეობს იმაში, რომ ვითომ წმიდანებს ჩადენილი აქვთ იმაზე მეტი კეთილი საქმეები, ვიდრე საჭიროა ცხონებისათვის, ზეციური სასუფეველის დამკვიდრებისათვის; მეორე, ვითომ რომის პაპს აქვს ძალაუფელბა მიანიჭოს ეს ზედმეტი დამსახურებანი იმათ, ვისაც აკლია კეთილი საქმეები.



კითხვა: სწორია თუ არა ეს სწავლება?


მიგება: არა, არ არის სწორი, რადგანაც ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას.



კითხვა: რაში მდგომარეობს ამ სწავლების მქადაგებელი კათოლიკების მთავარი შეცდომა?


მიგება: კათოლიკენი ფიქრობენ, რომ საუკუნო ნეტარება და ზეციური სასუფეველი სათნო ცხოვრებისათვის, ღვთისგან ადამიანებს მიენიჭებათ როგორც კუთვნილი, როგორც ისეთი რამ. რომელიც ადამიანს შეუძლია მოითხოვოს. სინამდვილეში კი ასე არ არის. როგორი წმიდა და მართალიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენი კეთილი საქმეც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული, მაინც არ შეუძლია თქვას, რომ დაიმსახურა ზეციური სასუფეველი. პირიქით, ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ მიენიჭა საუკუნო ნეტარება, ეს მოხდა არა მისი დამსახრუებისათვის, არამედ ღვთის აურაცხელი მოწყალებისა გამო. აი, რატომ წერდა წმიდა მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „რამეთუ საგზალი ცოდვილისა სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმერთისა ცხოვრება საუკუნო ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა“ (რომაელთა 6, 23).



კითხვა: რატომ არ შეუძლია ადამიანს მიიღოს საუკუნო ნეტარება როგორც მხოლოდ მის მიერ დამსახურებული რამ?


მიგება: უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ადამიანთა დამსახურებანი, მათი კეთილი საქმეები ზეციურ სასუფეველთან შედარებით საკმაოდ უმნიშვნელოა. (1. კორინთ. 2,9.1; იოან. 3,2), მეორეც, ადამიანი ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობს და კეთილ საქმეებს აკეთებს არამხოლოდ თავისი საკუთარი ძალებით, არამედ უპირველესად ღვთიური მადლის დამხარებით. ეს ჭეშმარიტება დაადასტურა თვით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ: „დაადგერით თქუენ ჩემთანა და მე თქუენთანა, ვითარცა იგი ნასხლევსა ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოსაღებად თავით თვისით, უკეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დადგრეთ ჩემთანა. მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი; რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მისთანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი; რამეთუ თვინიერ ჩემსა არა რა ძალ-გიძსთ ყოვად არცა ერთი“. (იოანე 15,4,5).



კითხვა: სახარების ასეთი სწავლება მოხსენიებული აქვთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებს?


მიგება: დიახ, წმიდა ირინეოსი, ლიონის ეპისკოპოსი (II საუკუნე) წერს; „როგორც მოურწყავი, მშრალი მიწა არ გამოიღებს ნაყოფს, ასევე ჩვენ ვერ გამოვიღებთ სათნო ცხოვრების ნაყოფს ზეგარდამო მადლიანი წვიმის გარეშე. ამიტომაც აუცილებელია ჩვენთივს ღვთის შეწევნა (როგორც ბიბლიური სამთა ყრმათათვის, რომლებიც გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს – აუცილებელი იყო ღვთის შეწევნა, ღვთიური ცვარი), რათა არ დავიწვათ და არ გავხდეთ უანყოფონი“.


წმიდა იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი (IV-V ს.) წერს: „დავარწმუნოთ ჩვენი თავი იმაში, რომ ათასჯერ რომ ვეცადოთ, ვერ შევძლებთ ღვთისთვის სათნო საქმეების კეთებას, ზეგარდმო მოწოდების გარეშე“.


ნეტარი ავგუსტინე, ჰიპონიის ეპისკოპოსი (IV-V ს) წერს: „როგორც ხორციელ თვალს არ შეუძლია რაიმეს დანახვა სინათლის გარეშე, ასევე ყოვლად მართალი ადამიანი ვერ იცხოვრებს ღვთისთვის სათნოდ, ჭეშმარიტების ნათლით ზეგარდამო დახმარების გარეშე“.



კითხვა: ამიტომ როგორ უნდა შეხედონ ადამიანებმა თავიანთ კეთილ საქმეებს?/em>


მიგება: სახარებაში წერია: „ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა: ჰსთქუათ ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად ვჰყავთ“. (ლუკა 17, 10).



კითხვა: არის თუ არა სახარებაში მითითება იმის შესახებ, რომ ზეციური სასუფეველი მიენიჭება ადამიანს არა კითილი საქმეების გარკვეული რაოდენობისათვის, არამედ ძირითადად ღვთის მოწყალებით?


მიგება: არის. ვენახში მომუშავე მონათა შესახებ იგავში მოთხრობილია, რომ მონები მუშაობდნენ სხვადასხვა დროის განმავლობაში, მაგრამ ღვთის მოწყალებით ერთნაირი სასყიდელი მიიღეს (მათე, 201, 15). ეს იმას მოწმობს, რომ ზეციური სასუფეველი მოიპოვება ადამიანის მიერ, არა გარკვეული რაოდენობის კეთილი საქმეებით, როგორც რაიმე კუთვნილი, არამედ უფალი ღმერთის გამოუთქმელი მოწყალებით.



კითხვა: სახარების რომელი ადგილიდან ჩანს, რომ წმინდანთა დამსახურებებს არ შეუძლიათ შეავსონ ჩვენი ნაკლოვანებანი?


მიგება: ეს ჩანს იგავიდან ათ ქალწულზე: „ხოლო სულელნი იგი (ქალწულნი) ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენი დაჰშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუ უკუე ვერ კმაგუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროსღა წავედით სავაჭროთ, და იყიდეთ თავისა თქუენისა“ (მათე. 25,8,9).



კითხვა: რა არის ინდულგენცია?


მიგება: სწავლება ინდულგენციების შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული ორ მცდარ კათოლიკურ სწავლებასთან: „ცოდვებისათვის ღვთის დაკმაყოფილების“ შესახებ და ე. წ. „სალხინებელის“ შესახებ. განვიხილოთ ისინი: სწავლების – „ცოდვებისათვის ღვთის დაკმაყოფილების შესახებ“ – ავტორია ლათინი არქიეპისკოპოსი ანსელმ კეტნერბეირელი (1033-1109 წ.). მან შემოიტანა ტერმინი „დაკმაყოფილება“ (სატისფაქცია). ანსელმი ყურადღებას ამახვილებს არა იმაზე, თუ რა ზნეობრივი ზიანი მოაქვს ცოდვას ადამიანისათვის, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა „აუნაზღაუროს“ „დააკმაყოფილოს“ ადამიანმა ღმერთი შეურაცხყოფისათვის რათა არ დაისაჯოს. ანსელმის შეხედულებით ცოდვის ჩადენა ნიშნავს წაართვა ღმერთს ის, რაც მას ეკუთვნის. ცოდვილმა უნდა დაუბრუნოს ღმერთს ის, რაც წაართვა, და დაუბრუნოს ზედმეტადაც, რათა „აღდგეს ღმერთის ღირსება“. ცოდვა არ შეიძლება შენდობილ იქნას ღვთის მოწყალებით ამ „ღირსების აღდგენის“ გარეშე. ცოდვების შენდობა სასჯელის გარეშე ნიშნავს წესრიგისა და კანონიერების არ არსებობას. ანსელმ კენტერბერიელი ადამიანისა და ღვთის ურთიერთობას ხედავს, როგორც შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის ურთიერთობას. იმისათვის, რათა მიიღოს საუკუნო ნეტარება, ადამიანი ვალდებულია ან არ ჩაიდინოს ცოდვები ან „აუნაზღაუროს“ ღმერთს ჩადენილი ცოდვებით მიყენებული ზიანი, „დააკმაყოფილოს“ ღმერთი ჩადენილი ცოდვებისათვის. (მართლმადიდებლობისათვის უცხოა ასეთი ალტერნატივა „ან-ან“ – ადამიანს მოეთოხვება ერთი რამ – სიწმინდე, არა იმიტომ, რომ ცოდვებით ადამიანი შეურაცხყოფს ღვთის ღირსებას, არამედ იმიტომ, რომ ბილწავს თავის თავს). კათოლიკური სწავლებით სასჯელისა ან „დაკმაყოფილების“ „ანაზღაურების“ (სატისფაქციის) მიღების გარეშე ღმერთს არ შეუძლია შეუნდოს მონანულს ცოდვები. „სასაცილოა მივაწეროთ ღმერთს ასეთი მოწყალება“ – წერს ანსელმ კენტერბერიელი – „შენდობა შესაძლებელია მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ვალი იქნება გადახდილი ცოდვის სიმძიმის მიხედვით“. როგორ უნდა „დააკმაყოფილოს“ ღმერთი ადამიანმა თავისი ცოდვებისათვის? როგორ უნდა „აუნაზღაუროს“ მისი ღირსებისთვის მიყენებული ზიანი? კათოლიკური სწავლების მიხედვით უფალი იესო ქრისტეს მსხვერპლი ყოველთვის არ ათავისუფლებს აღიარებული ცოდვებისათვის სასჯელისაგან. (ტრიდენტის კრება. სეხია XIV, კანონი 12). აღსარების საიდუმლოში ცოდვილი თავისუფლდება მარადიული სასჯელისაგან, ხოლო დროებითი სასჯელი მან უნდა მიიღოს ე.წ. „სალხინებელში“ ან უნდა „დააკმაყოფილოს“ ღმერთი ჩადენილი ცოდვებისათვის. ასეთი „დაკმაყოფილების“ ხერხებია: საეკლესიო სასჯელები, ლოცვა, მარხვა, მოწყალების გაცემა, სხვა კეთილი საქმეები (ტრიდენტის კრება. სესია XIV კანონო 13). აღსანიშნავია, რომ ლოცვა ე.ი. საუბარი უფალთან, აქ „დაკმაყოფილების“ საშუალებად, სასჯელად არის მიჩნეული.


„ჩადენილი ცოდვებისათვის ღმერთის დაკმაყოფილების“ შესახებ კათოლიკურ სწავლებას საფუძვლად უდევს ადამიანური წარმოდგენა ღვთიური სამართლიანობის შესახებ. კათოლიკეების აზრით ეს „დაკმაყოფილება“ არის „ღმერთის ინტერესების დასაცავი“ საშუალება. სინამდვილეში უფალს და მის სამართლიანობას ასეთი განსაზღვრებები არ მიესადაგება. ყოვლადმოწყალე უფალი „არ იცავს თავის ინტერესებს“, არ მოითხოვს სინანულში მყოფი ცოდვილისაგან რაღაც „კომპენსაციას“. ბიბლიაში „იობის წიგნი“ არის უარყოფა ღვთის სამართლიანობის შესახებ ადამიანური წარმოდგენისა. დაბრუნებული უძღები შვილისაგან მამამ არ მოითხოვა არავითარი „დაკმაყოფილება“. „თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს, სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს არ მოკვდება. არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს (იეზეკიელ წინასწარმეტყველი 18,21, 22).


კათოლიკები „სალხინებელს“ უწოდებენ იმქვენყად დროებითი ტანჯვის ადგილს. კათოლიკური შეხედულებით „სალხინებელში“ ხდება არა იმდენად ცოდვებისაგან განწმედა, არამედ ცოდვებისთვის ღმერთისთვის ვალის გადახდა. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ არსებობს, მხოლოდ სამოთხე და ჯოჯოხეთი. კათოლიკებს თავისი სწავლების დასამტკიცებლად მოყავთ მაგალითი ძველი აღთქმიდან, როდესაც იუდა მაკაბელი და მისი თანამებრძოლები ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთს ომში დაღუპული მეომრებისათვის, მაგრამ აქ არსად არ არის მინიშნებული „სალხინებელის“ არსებობის შესახებ. აგრეთვე არანაირად არ გულისხმობს „სალხინებელს“ წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ლაპარაკობს ადამიანების კეთილი და ბოროტი საქმეების ცეცხლით გამოცდის შესახებ (I კორინთელთა 3, 12-15).


კათოლიკური სწავლებით, თუ მიწიერ ცხოვრებაში ადამიანი ვერ „დააკმაყოფილებს“ ღმერთს ჩადენილი ცოდვებისათვის, იგი მიიღებს (მეორე მაკაბელთა 12, 39-45) სატანჯველს ე.წ. „სალხინებელში“. ამ სატანჯველისაგან გათავისუფლება შესაძლებელია ინდულგენციების საშუალებით. სიტყვა ინდულგენცია ნიშნავს – შეღავათს. კათოლიკურ სამყაროში ინდულგენცია ეწოდება ღვთის წინაშე აღსარებაში შენდობილი შეცოდებებისთვის დროებითი სასჯელისაგან გათავისუფლებას (რადგან კათოლიკური სწავლებით ცოდვის შენდობა არ გულისხმობს სასჯელისაგან მთლიანად გათავისუფლებას. ე.წ. „დაკმაყოფილების“ (სტისფაქციის) გარეშე. გამოთქმა „ღვთის წინაშე“, ნიშნავს, რომ ინდულგენცია ათავისუფლებს სატანჯველისაგან „სალხინებელში“. „დაკმაყოფილებად“ კი ადამიანს ეთვლება გარკვეული რაოდენობა დამსახურებებისა, კეთილი საქმეებისა, რომლებიც წმინდანებმა საკმარისზე მეტი გააკეთეს. აი, ასეთია კათოლიკური სწავლება. პირველი ინდულგენცია მისცა პაპმა ურბან II-მა 1095 წელს პირველ ჯვაროსნულ ომში მონაწილე რაინდებს. პირველი ინდულგენცია გარდაცვლილისათვის დააწესა პაპმა კალლისტე III-მ 1457 წ. პირველად ინდულგენციის მიღებისათვის აუცილებელი პირობა იყო ჯვაროსნულ ომში მონაწილეობა, ხოლო შემდეგ უბრალოდ მათი გაყიდვა დაიწყეს. ინდულგენიცები დღესაც არსებობს კათოლიკეთა პრაქტიკაში.



კითხვა: ზემოთქმულიდან გამომდინარე რა შეიძლება ითქვას ამ სწავლებათა შესახებ?

მიგება: ეს სწავლებები კათოლიკეებისა ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას და ამიტომ მწვალებლურია.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი