მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი IV – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ


 

კითხვა: მართალი არიან თუ არა კათოლიკები, როცა ამტკიცებენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვას (მსგავსად იესო ქრისტეს ჩასახვისა), საიდანაც ფაქტიურად გამოდის რომ ღვთისმშობელი მარიამი თავისუფალი იყო პირველქმნილი (იგულისხმება ადამისა და ევას მიერ სამოთხეში ჩადენილი ცოდვა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოდის დღემდე მათ შემდგომ თაობებზე და მხოლოდ ნათსლიღებისას ხდება განწმენდა ამ ცოდვისაგან) ცოდვისაგან იესო ქრისტეს მომავალი ღვაწლის გამო?


პასუხი: არა, არ არიან მართალნი. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ჩვენი წინაპარის, ადამის, პირველქმნილი ცოდვა გადადის ყველა ადამიანზე. „ამისთვის, ვითარცა იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდუა სოფლად შემოჰხდა, და ცოდვისა ძალით სიკუდილი მოიწია, რომელთა ყოველთა შეჰსცოდეს“. (რომაელთა 5, 12). ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი წარმოშობილი ადამისაგან ბუნებრივი გზით, იშვება „ცოდვასა შინა“, რადგან წმიდა მოციქული პავლეს სწავლებით, ადამში შესცოდა მთელმა კაცობრიობამ.



კითხვა: არ შეიძლებოდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამონაკლისი ყოფილიყო?

მიგება: არა, არ შეიძლებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ ის ჩაისახა არაჩვეულებრივი გზით – სულისაგან წმიდისა; ქრისტეს შესახებ მოციქული პავლე პირდაპირ ამბობს, რომ – „ღმერთმა ძე თვისი მოავლინა მსგავსად ხორცთა მათ ცოდვისათა“ (რომ. 8,3) ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე კი ასეთი რაიმე წმიდა წერილში არ არის ნათქვამი.



კითხვა: ხომ არ ვამცირებთ ყოვლამდწმიდა ღვთისმშობლის ღვაწლს მისი უბიწოდ ჩასახვის უარყოფით?


მიგება: არა, რადგან ჩვენ თაყვანს-ვსცემთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, როგორც უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, მაგრამ ეს დიდება მას ჰქონდა არა ჩასახვიდან, არამედ მას შემდეგ, როცა უბიწოდ მუცლად-იღო და შვა ძე ღვთისა.



კითხვა: საიდან ჩანს ეს?


მიგება: ეს ჩანს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიტყვებიდან, რომელიც წარმოსთქვა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მუცლად იღო იესო ქრისტემ „ამიერითგან (ე. ი. ამ დღიდან) მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“. (ლუკა 1, 48).



კითხვა: თუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჩასახვისას არ იყო თავისუფალი პირველმქნილი ცოდვისაგან, მაშინ როგორ გავიგოთ საღვთისმსახურო წიგნის ეს გამონათქვამები: „ყოვლადქებულსა მუცლად–ღებასა ღვთისმშობლისა ნათლად ვდღესასწაულეობთ“; „თაყვანი ვსცეთ წმიდასა მუცლადღებასა მისსა“ (9 დეკემბერი ძვ. სტ.);


მიგება: ამ გამონათქვამებში არ არის მითითება, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ჩასახვისას თავისუფალი იყო პირველქმნილი ცოდვისაგან. ეს გამონათქვამები წარმოადგენს მოწიწებით განდიდებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლად-ღებისა, რადგან წმიდა იოაკიმე და ანნა დიდი ხნის მანძილზე უნაყოფონი იყვნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლად-ღება წმიდა ანნას მიერ ღვთის ნებით მოხდა მათი დიდი ხნის მხურვალე ლოცვა-ვედრების შემდეგ.



კითხვა: რითი შეიძლება დავამტკიცოთ ეს ყველაფერი?


მიგება: იმით, რომ ასეთივე გამონათქვამები გამოყენებულია წმიდა იოანე ნათლისმცემელის მუცლად-ღების განდიდებისთვისაც, რომელსაც წმიდა ეკლესია დღესასწაულობს 23 სექტემბერს (ძვ. სტ.) წმიდა იოანე ნათლისმცემელის მუცლადღებას წმიდა ელისაბედის მიერ ეწოდება ყოვად პატიოსანი და ღვთიური.



კითხვა: როდის განჩნდა კათოლიკებთან სწავლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ?


მიგება: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ დასავლეთში გაჩნდა აზრი XII საუკუნეში. ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ბერნარდ კრელვოსელი და თომა აქვინელი. 1854 წლის 8 დეკემბერს პაპმა პიუს IX-მ ეს სწავლება დოგმატად გამოაცხადა.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1950 წელს პაპმა პიუს XII-მ გამოაცხადა ახალი დოგმატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ზეცად ხორციელი ამაღლების შესახებ. ჩვენ მართლმადიდებლებს გვაქვს წმიდა გარდამოცემა იმის შესახებ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სხეული დაფლვის (დაკრძალვის) შემდეგ, ერთი გადმოცემით, მესამე დღეს, ხოლო მეორე გადმოცემით უფრო მოგვიანებით, ღვთის მიერ სასწაულებრივად ამოღებულ იქნა საფლავიდან და ამაღლებულ იქნა ზეცად; მაგრამ ჩვენ არ აგვყავს ეს გარდამოცემა დოგმატამდე, რადგან პირველი ოთხი საუკუნის წმიდა მამებთან ამგვარი სწავლებაზე არავითარი მინიშნება არ არის; ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ ღვთისმშობლის ხორციელად ამაღლების შესახებ სწავლებას იზიარებდნენ ყველგან და ყოველთვის.



 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი