მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი III – სული წმინდის გამომავლობის შესახებ


 

კითხვა. მართალია თუ არა კათოლიკების მტკიცება იმის შესახებ, რომ სული წმიდა გამოდის არა მხოლოდ „მამისაგან“ არამედ ძისაგანაც?


მიგება: არა, არ არის მართალი. წმიდა წერილში არის ადგილები, რომლებიც ნათელყოფენ, რომ სული წმიდა გამოდის მხოლოდ მამისაგან.



კითხვა: წმინდა წერილის სახელდობრ რომელი სიტყვებიდან ჩანს, რომ სული წმიდა გამოდის მხოლოდ მამისაგან?


მიგება: უფალმა იესო ქრისტემ უთხრა მოციქულებს: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს, მან ჰსწამოს ჩემთვის“. (იოანე 15,26). აქ პირდაპირ და ცხადად არის ნათქვამი, რომ სული წმიდა გამოვალს, მხოლოდ მამისაგან.



კითხვა: მაგრამ ხომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სული წმიდა მორწმუნეებზე გარდამოვალს ძისაგანაც?


მიგება: არა, მაცხოვრის სიტყვები არ გვაძლევენ უფლებას ასე ვიფიქროთ. „და მე“, თქვა მაცხოვარმა, „ვჰკითხო მამასა ჩემსა და სხუა ნუგეშინის მცემელი მოგივლინოს თქუენ, რათა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე“ (იოანე 14,16). ამ სიტყვებიდან ნათელია, რომ სული წმიდა მორწმუნეებზე გარდამოვალს მხოლოდ მამისაგან, ძე ღვთისა კი არის მეოხი წინაში თვისი ზეციური მამისა.



კითხვა: ამიტომ როგორ უნდა ვასწავლოთ სული წმიდის გამომავლობის შესახებ?


მიგება: უნდა ვასწავლოთ, რომ სული წმიდა გამოდის მამისაგან, ძე ღვთისას, იესო ქრისტეს ლოცვით, როგორც თივთონ თქვა მოციქულებთან საუბარში: „ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმინდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან“. (იოანე 14,26).



კითხვა: თუ სული წმინდა არ გამოვალს ძისაგან, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები სული წმინდის შესახებ: „მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ (იოანე 16, 13-14)?


მიგება: ქრისტეს სიტყვებიდან ჩანს, რომ სახარების ეს ადგილი პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ასე განმარტა თვითონ მაცხოვარმა, როცა თქვა: „ყოველი რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს, და ამისთვის გარქუ თქუენ, რამეთუ ჩემგან მიიღოს (სული წმიდამ) და გითხრას თქუენ“ (იოანე 16,15). ეს ნიშნავს, რომ სული წმინდა იღებს ჭეშმარიტებას მამისაგან, მაგრამ რადგან ყველაფერი, რაც აქვს მამას, აქვს ძესაც, შესაძლებელია ითქვას, რომ სწავლება, რომელსაც სული წმიდა განაცხადებს მამისაგან, არის იგივე, რომელიც განაცხადა ძე ღვთისამ.



კითხვა: მაგრამ თუ ყველაფერი, რაც მამას ეკუთვნის, ეკუთვნის ძესაც, არ შეიძლება ითქვას, რომ სული წმიდის გამომავლობა ხდება როგორც მამისაგან, ასევე ძისაგანაც?


მიგება: არანაირად არ შეიძლება, რადგან ძეს ყველაფერი აქვს მამისაგან გარდა უშობელობისა (ძე შობილია უწინარეს ყოველთა საუკუნეთა), და სული წმიდის გამომავლობისა; ისევე როგორც სული წმინდას აქვს ყველაფერი მამისაგან, გარდა არგამომავლობისა და ძის შობისა. (მხოლოდ მამა არის დაუსაბამო, რა გამომავალი არსაიდან, და მხოლოდ მამამ შვა ძე უწინარეს ყოველთა საუკუნეთა) ამიტომაც, როგორც შეუძლებელია ითქვას, რომ ძე შობილია მამისაგან და სული წმიდისაგან, ასევე შეუძლებელია ითქვას, რომ სული წმიდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან.



კითხვა: წმიდა სახარების რომელი ადგილიდან ჩანს, რომ სული წმიდა არ გამოვალს ძისაგან?


მიგება: წმიდა სახარების მოთხრობიდან მაცხოვრის ნათლისღების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სული წმიდა „გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა“ (მათე 3,16; მარკოზი 1,10; ლუკა 3,22; იოანე 1, 33). თუკი სული წმიდა გამოვალს ძისაგან, მაშინ რატომ გარდამოვიდოდა მასზე მამისაგან?



კითხვა: თუ სული წმიდა არ გამოვალს ძისაგან, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ წმიდა წერილის ის ადგილები, სადაც ლაპარაკია ძის სულზე (გალატელთა 4,6) და იესო ქრისტეს სულზე (ფილიპეთა 1, 19; რომაელთა 8,9)?


მიგება: მოყვანილ ადგილებში ლაპარაკია არა ღმერთზე – სული წმიდაზე, არამედ იმ სულიერ ნიჭებზე, რომლებიც უნდა ახასიათებდეს მორწმუნე ქრისტიანებს. ასე მაგალითად, წმიდა მოციქული პავლე წერდა: „რამეთუ არ მიგიღებიეს სული იგი მონებისა, რათამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისა, რომლითა ვღაღადებთ: „აბბა, ამამო!“ (რომაელთა 8,16).



კითხვა: თუ შეიძლება რომ ვასწავლოთ ძისაგან სული წმიდის გამომავლობის შესახებ, მაცხოვრის სიტყვების საფუძველზე: ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“?


მიგება: არა, არ შეიძლება. როდესაც მაცხოვარმა თქვა „მე მოვავლინო“ იქვე დაუმატა „მამისა ჩემისა მიერ“ და ამით აჩვენა, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს;


თუ სული წმიდის გამომავლობას განვიხილავთ მხოლოდ სიტყვების „მე მოვავლინო“ საფუძველზე, მაშინ იძულებული ვიქნებით, ვთქვათ სული წმიდისაგან ძის გამომავლობაზე, რადგან წმიდა წერილში არის ადგილები, სადაც ნათქვამია ძის წარმოგზავნაზე სულით წმიდით (ისაია 48,16; 61,1; ლუკა 4,18).



კითხვა: როგორ ასწავლიდა ძველი ეკლესია სული წმიდის გამომავლობის შესახებ?


მიგება: ძველი ეკლესია ასწავლიდა, რომ სული წმიდა მხოლოდ მამისაგან გამოვალს, მეორე მსოფლიო კრების წმიდა მამებმა დაადგინეს: „და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს“. ასევე არის შესული სარწმუნოების სიმბოლოში – მრწამსში.



კითხვა: შეეძლოთ თუ არა ქრისტიანებს მეორე მსოფლიო კრების ამ დადგენილებაში შეეტანათ რაიმე დამატება, როგორც ეს კათოლიკეებმა გააკეთეს, დაუმატეს რა სიტყვები „და ძისაგან“?


მიგება: არა, არ შეეძლოთ. „ხოლო ვინც პირველთქმული კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტირალებას, შეჩვენებულ იყოს ზემოთ მოხსენებული წმიდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი როგორც უცხონი გაძევებულ და გაგდებულ უნდა იქნენ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ ჩვენს თავზე; ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას. (მეექვსე მსოფლიო კრების 1 კანონი).



კითხვა: როდის გაჩნდა კათოლიკებთან სარწმუნოების სიმბოლოში დამატება „და ძისაგან“?


მიგება: პირველად მხოლოდ ესპანეთის ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე ტოლედოში 589 წელს გააკეთეს ეს დამატება „და ძისაგან“ (filiogve). მიზეზი მდგომარეობდა შემდეგში: ამ კრებაზე გადაწყვიტეს ვესტ-გუთების მოქცევა არიანული წვალებიდან მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე. რადგანაც არიანული მწვალებლობის მთავარი სწავლება, არ იზიარებს წმიდა მამისა და ძის თანასწორობას, ესპანელმა ღვთისმეტყველებმა გადაწყვიტეს დაემატებინათ „და ძისაგან“, რათა მამა და ძე თანასწორი ყოფილიყვნენ სული წმიდის მიმართ, რითაც მეორე მწვალებლობაში ჩავარდნენ. რომის პაპმა ლეონ III-მა არ მიიღო ეს დამატება მიუხედავად იმპერატორ კარლოს დიდის მოთხოვნისა. მან გააკეთებინა ორი ვერცხლის დაფა, რომლებზეც ბერძნულ და ლათინურ ენებზე იყო დაწერილი მართლმადიდებლური მრწამსი. ეს დაფები ლეონ III-მ წმიდა პეტრეს ტაძარში დაადებინა, რათა დაემოწმებინა რომის ეკლესიის ერთგულება მართალი სარწმუნოებისადმი – მართლმადიდებლობისადმი. შემდგომში რომის ეკლესია მწვალებლობისაკენ გადაიხარა და 1014 წელს პაპმა ბენედიქტე VIII დამატება „და ძისაგან“ შეატანინა სარწმუნოების სიმბოლოში, რაც ეწინააღმდეგება მსოფლიო ეკესიის სწავლებას. დასავლეთში მიღებულია შეხედულება დოგმატების განვითარების შესახებ, რის შედეგადაც იგონებენ და აცხადებენ მსოფლიო ეკლესიისათვის უცნობ ახალ დოგმატებს, ამით კი მრავლდება მწვალებლობა.



კითხვა: ზემოთქმულის საფუძველზე რა შეიძლება ითქვას სული წმიდის გამომავლობის კათოლიკეებისეული სწავლების შესახებ?


მიგება: ეს სწავლება ახლადგამოგონილია, ეწინააღმდეგება წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემას და ამიტომ ერეტიკულია – მწვალებლურია. მრავალი წმიდა მამა წერდა სული წმიდის გამომავლობის შესახებ. მსოფლიო ეკლესიისგან დასავლეთის გამოყოფის შემდეგ 1054 წელს, ამ დამატების შესახებ წერდნენ წმიდა გრიგოლ პალამა – თესალონიკის მთავარეპისკოპოსი („სული წმიდის გამომავლობის შესახებ მხოლოდ მამისაგან“) წმიდა მარკოზ ევგენიკოსი – ეფესოს ეპისკოპოსი („საუბარი ბერძენსა და ლათინებს შორის სარწმუნოების სიმბოლოზე დამატების შესახებ“).


ცნობილია, რომ იმპერატორ მიქაელ პალეოლოგის ზეობისას (1260-1281 წლები) კათოლიკე ჯვაროსნებმა დაიპყრეს ათონის მთა. ლათინური მწვალებლობის მხილებისათვის მათ სასტიკად დაარბიეს ივერიის მონასტერი, ნაწილი ქართველი ბერებისა დახოცეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. მათ ხსენებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 13 მაისს აღასრულებს.


აღსანიშნავია, რომ საეკლესიო კანონიების მიხედვით (მოციქულთა 7, მეექვსე მსოფლიო კრებების 9) ეკლესიაში კატეგორიულად აკრძალულია ძალისმიერი ზემოქმედების გამოყენება. მკვლელობა (თუნდაც უნებლიე) ადამიანს განაყენებს მღვდლობის მადლისაგან (წმიდა გრიგოლ ნოსელის მე-5 კანონი). ამიტომაც თავის დროზე კონსტანტინეპოლის პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი წერდა ლათინური სასულიერო პირების მიერ იარაღის ტარებისა და ხმარების წინააღმდეგ. მართლმადიდებლობიდან განდგომის შემდეგ, პაპები ყურადღებას არ აქცევდნენ სჯულის კანონს და მწვალებლების წინააღმდეგ ბრძოლაში დაშინების მეთოდს იყენებდნენ. მწვალებელთათვის სიკვდილით დასჯა დაადგინა ლატერანის პირველმა კრებამ, რომელიც კათოლიკებს მსოფლიო კრებად მიაჩნიათ (25-ე კანონი 113? წ.) პაპი ინოკეტი II (XIII ს), რომელიც განსაკუთრებით ფართოდ იყენებდა ფიზიკურ ძალას მწვალებლებთან საბრძოლველად, თავის თავს უწოდებს უკვე არა პეტრე მოციქულის მოადგილეს, არამედ თვით ქრისტეს მოადგილეს (vicarius Christi).

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი