მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი II – რომის პაპის შეუმცდარობის (უცდომელობის) შესახებ


 

კითხვა: მართალია თუ არა კათოლიკების მტკიცება იმის შესახებ, რომ რომის პაპი არ შეიძლება შეცდეს, როცა სარწმუნოების შესახებ ქადაგებს?


პასუხი: არა, არ არის მართალი, რადგან იყვნენ პაპები, რომლებიც ცდებოდნენ რწმენის საკითხებში.



კითხვა: რომელი პაპების შესახებ არის ცნობილი, რომ ცდებოდნენ სარწმუნოების საკითხებში?


მიგება: ცნობილია პაპი ვიტქორი (192 წ.), რომელიც ერთ ხანს უთანაგრძნობდა მონტანისტურ მწვალებლობას; ცნობილია პაპი ლიბერიუსი, რომელიც დაეთანხმა წმინდა ათანასე ალექსანდრიელის განკვეთას და დროებით მიიღო არიანელობა, რათა დაებრუნებინა საეპისკოპოსო კათედრა (458 წ.); მეექვსე მსოფლიო კრებამ მონოთელიტური მწვალებლობის მიღებისათვის განკვეთა რომის პაპი ჰონორიუსი (625 წ.) ცნობილია პაპი ვიგილიუსი, რომელიც არ იყო მტკიცე მონოფიზიტებთან ბრძოლაში; რომის პაპმა ბენედიქტე VIII ჯერ კიდევ 1-14 წელს შეიტანა დამატება („და ძისაგან“) სარწმუნოების სიმბოლოში, რაც შეეხებოდა სული წმინდის ძისგან გამომავლობის საკითხს.



კითხვა: კიდევ რატომ არ შეიძლება ვაღიაროთ რომის პაპის შეუმცდარობა სარწმუნოების საკითხებში?


მიგება: იმიტომ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მხოლოდ მთელ ეკლესიას მიანიჭა შეუმცდარობა (უცდომელობა); ცალკეული ადამიანი კი ყოველთვის შეიძლება შეცდეს და გამოთქვას არასწორი შეხედულება.



კითხვა: როგორ გვამცნო ამის შესახებ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ?


მიგება: წმიდა სახარებაში წერია: „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმა იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაი, რათა პირითა ორისა და სამისა მოწმისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუა, ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა (ეკლესიას); ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მათე 18, 15-17).



კითხვა: რატომ მიანიჭა უფალმა სარწმუნოების საკითხებში შეუმცდარობა მთელ ეკლესიას და არა რომელიმე ცალკეულ პიროვნებას?


მიგება: იმიტომ რომ პავლე მოციქულის სწავლების მიხედვით მხოლოდ ეკლესია, არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (1 ტიმ. 3,15). გარდა ამისა ზოგიერთ პაპს ჰქონდა მძიმე ცოდვები, ამას პაპისტებიც არ უარყოფენ, ასეთი ადამიანები კი ვერ შეიცნობენ ღვთის ჭეშმარიტებას.



კითხვა: საიდან ჩანს ეს?


მიგება: ეს ჩანს იქიდან, რომ როდესაც გამოჩნდებოდნენ მწვალებლები და იწყებოდა არეულობა, ეკლესია არასდროს არ ეყრდნობოდა ცალკეული პიროვნების აზრს, არამედ იწვევდა მსოფლიო კრებებს.



კითხვა: იქნებ მსოფლიო კრებებს ხელმძღვანელობდნენ რომის პაპები?


მიგება: არა, პაპები არასდროს დასწრებიან მსოფლიო კრებას, ისინი აგზავნიდნენ წარმომადგენლებს, რომლებიც უპირატესობით არასოდეს სარგებლობდნენ.



კითხვა: ვინ იყვნენ მსოფლიო კრებების თავმჯდომარეები?


მიგება: პირველი მსოფლიო კრების თავმჯდომარე იყო ეპისკოპოსი ოსია კორდუბელი. მეორე მსოფლიო კრებისა – მელეტი ანტიოქიელი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტიმოთე ალექსანდრიელი და ნექტარიოს კონსტანტინეპოლელი; მეექვსე მსოფლიო კრებისა – იმპერატორი კონსტანტინე პოგონატი (668-685), მეშვიდე მსოფლიო კრებისა წმინდა ტარასი კონსტანტინეპოლის პატრიარქი.



კითხვა: დასავლეთის ძველი ეკლესია აღიარებდა პაპების შეუმცდარობას?


მიგება: არა, არ აღიარებდა. დასავლეთის მსოფლიო ეკლესიიდან გამოყოფის შემდეგაც რომის ეკლესია და მათი კრებები არ აღიარებდნენ პაპების შეუმცდარობას. მაგ. პაპი ადრიანე VI (1521-1523) ამტკიცებდა, რომ პაპი შესაძლოა შეცდეს სარწმუნოების საკითხებში და თავისი დეკრეტებით გაავრცელოს მწვალებლობა. ლათინთა კრებები ასამართლებდნენ და განკვეთდნენ რომის პაპებს. პიზის კრებამ (1409 წ) გადააყენა პაპი გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII; კონსტანციის კრებამ (1414-1418) ხარისხი აჰყარა პაპ იოანე XXIII.



კითხვა: როდის მიიღეს კათოლიკეებმა დოგმატი პაპის შეუმცდარობის შესახებ?


მიგება: ეს მოხდა ვატიკანის პირველ კრებაზე, რომში 1870 წელს. პაპი იყო პიუს IX (1846-1878) ერიკაცობაში გრაფი ჯოვანი – მარია მასტაი – ფერეტი, მინორიტების ორდენის წევრი, მისიონერი ჩილეში, კარდინალი. ვატიკანის I კრების დოგმატიკურ კონსტიტუციაში ნათქვამია: „ვასწავლით და ღვთივგამოცხადებული (?) დოგმატით განვაცხადებთ, რომ რომის მღვდელმთავარი, როდესაც ლაპარაკობს ex cathedra ე.ი. როდესაც ასრულებს ქრისტიანთა მოძღვრისა და მასწავლებლის ფუნქციას, განსაზღვრავს რწმენისა და ზნეობის შესახებ სწავლებას, რომელიც უნდა მიიღოს მთელმა ეკლესიამ, ფლობს იმ შეუმცდარობას, რომელიც მაცხოვარმა მიანიჭა თავის ეკლესიას, რის შედეგადაც რომის მღვდელმთავრის ეს განსაზღვრებები, თავისთავად, და არა ეკლესიის თანხმობით, გარდაუვალია“. როგორც ვხედავთ წმინდა ეკლესიის ფუნქცია მინიჭებული აქვს მღვდელმთავარს. ვატიკანის II კრებამ (1962-1965 წ.) დოგმატურ კონსტიტუციაში „ეკლესიის შესახებ“ კატეგორიულად დაადასტურა ეს დოგმატი.


პაპის შეუმცდარობის შესახებ სწავლება შუა საუკუნეებიდან წარმოიშვა დასავლეთში. მას იზიარებდა თომა აქვინელიც, ამ დოგმატის გამოცხადებამ გამოიწვია პროტესტი კათოლიკურ სამყაროში. გამოეყვნენ კათოლიკურ სარწმუნოებას მორწმუნენი, რომლებიც ძველ კათოლიკებს უწოდებდნენ თავიანთ თავს, ისინი არ აღიარებდნენ ახალ დოგმატს, მისი ხელმძღვანელები იყვნენ ღვთისმეტყველების პროფესორები დელინგერი, შულტე, რეინკენსი და სხვები. „ძველ კათოლიკეთა ეკლესია“ ახლაც არსებობს და მისი ხელმძღვანელია უტრეტის მთავარეპისკოპოსი მარინუს კოკი.



კითხვა: რა შეიძლება ითქვას სწავლებაზე რომი პაპის შეუმცდარობის შესახებ?


მიგება: ეს სწავლება ახლადგამოგონილია და ეწინააღმდეგება წმინდა წერილსა და ეკლესიის გარდამოცემას.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი