1. ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა
2. და საჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა, არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.
3. და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე, რაცა ყოს, წარემართოს მას.
4. არა ესე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.
5. ამისთჳს არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა;
6. რამეთუ უწყის უფალმან გზაჲ მართალთა და გზაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.
1. რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?
2. შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.
3. განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი.
4. რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყუნეს იგინი
5. მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი.
6. ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა
7. თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ.
8. ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი.
9. ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი.
10. და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი
11. ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით.
12. მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა,
13. რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი რომელნი ესვენ მას.
1. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.
2. მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4. ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო,
7. რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8. უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი. დიდება...
1. ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა. ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, მიწყალე მე და ისმინე ლოცვისა ჩემისა.
2. ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ? რად გიყუარს ამაოება და ეძიებთ სიცრუესა?
3. გულისჴმა-ყავთ, რამეთუ საკჳრველ-ყო უფალმან წმიდაჲ თჳსი; უფალსა შეესემინ ჩემი ღაღადებასა ჩემსა მისა მიმართ.
4. განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ; რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ.
5. შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა. მრავალთა თქუან: ვინ გჳჩუენოს ჩუენ კეთილი?
6. გამოჩნდა ჩუენ ზედა ნათელი პირისა შენისა, უფალო. მოეც სიხარული გულსა ჩემსა,
7. ნაყოფისაგან იფქლისა და ღჳნისა და ზეთისა მათისა განმრავლდეს.
8. მშჳდობით მას ზედა დავწვე და დავიძინო,
9. რამეთუ შენ, უფალმან, მხოლო სასოებით დამამკჳდრე მე.
1. სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი,
2. მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო;
3. რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.
4. განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაჲ;
5. არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა;
6. მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა.
7. ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
8. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი.
9. რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო,
10. სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო.
11. და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.
12. რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ.
1. უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; განმკურნე მე, უფალო, რამეთუ შემიძრწუნდეს ძუალნი ჩემნი.
3. და სული ჩემი შეძრწუნდა ფრიად; და შენ, უფალო, ვიდრემდის?
4. მოიქეც, უფალო, იჴსენ სული ჩემი, მაცხოვნე მე წყალობისა შენისათჳს,
5. რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიჴსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ.
6. დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვო.
7. განრისხდა გულისწყრომითა თუალი ჩემი, განვჰკფდი მე ყოველთა ზედა მტერთა ჩემთა.
8. განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი,
9. რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა.
10. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ ყოველნი მტერნი ჩემნი, მართლუკუნიქცედ და ჰრცხუენოდედ ფრიად და მსთუად. დიდება...
1. უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.
2. ნუ სადა წარიტაცოს ვითარცა ლომმან სული ჩემი, არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ.
3. უფალო ღმერთო ჩემო, უკუეთუ ვყავ ესე, ანუ არს უსჯულოებაჲ ჴელთა ჩემთა,
4. ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი;
5. დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს და დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს.
6. აღდეგ, უფალო, რისხვითა შენითა, ამაღლდი მოსრულებად მტერთა შენთა და განიღჳძე, უფალო ღმერთო ჩემო, ბრძანებითა მით, რომელ ამცენ.
7. და კრებული ერთა გარემოგადგეს შეუ და ამისათჳს მაღლად მოიქეც.
8. უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.
9. აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.
10. შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
11. ღმერთი მართლმსაჯულ, ძლიერ და სულგრძელ, რომელმან არა მოავლინის რისხვა მისი მარადღე.
12. არა თუ მოიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს, მშჳლდსა მისსა გარდაუცუამს და განუმზადებიეს იგი;
13. და მის თანა განუმზადებიან ჭურნი სიკუდილისანი; ისარნი მისნი შესაწველთათჳს ქმნნა.
14. აჰა, ესერა, ელმოდა სიცრუჱ, მუცლად-იღო სალმობაჲ და შვა უსჯულოებაჲ.
15. ჴნარცჳ თხარა და აღმოჰკუეთა და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა.
16. მიექცეს სალმობაჲ მისი თავსა მისსა და სიცრუჱ მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდეს.
17. აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
1. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა.
2. პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართათა დაამტკიცე ქებაჲ მტერთა შენთათჳს, რათამცა დაიჴსნა მტერი იგი და შურისმგებელი.
3. რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ.
4. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?
5. დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი.
6. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა,
7. ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე,
8. მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა.
9. უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა. დიდება...