მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

მათეს სახარება

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 14 

 

1. იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა;

 

2. და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში.

 

3. ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლის გამო.

 

4. რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი.

 

5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

 

6. ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე.

 

7. ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო.

 

8. ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი.

 

9. შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა.

 

10. წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში.

 

11. მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს.

 

12. იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს.

 

13. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.

 

14. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი.

 

15. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად.

 

16. მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი.

 

17. ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა?

 

18. იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ.

 

19. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს.

 

20. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.

 

21. ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.

 

22. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.

 

23. ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.

 

24. ხოლო ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, ვინაიდან პირქარი ქროდა.

 

25. და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.

 

26. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.

 

27. მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.

 

28. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: უფალო, თუ მართლა შენა ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთან.

 

29. მანაც უბრძანა: მოდი! და გადმოვიდა პეტრე ნავიდან, რათა ზღვაზე სვლით მისულიყო იესოსთან.

 

30. მაგრამ რა იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, ჩაძირვა იწყო და შეჰღაღადა: უფალო, მიხსენ მე!

 

31. მყისვე გაუწოდა ხელი იესომ, ჩასჭიდა მას და უთხრა: მცირედ მორწმუნეო, რამ შეგაეჭვა?

 

32. და ავიდნენ თუ არა ნავზე, მაშინვე ჩადგა ქარი.

 

33. ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.

 

34. ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს.

 

35. და იცნეს იგი იქაურებმა, ხალხი დაგზავნეს მთელს მხარეში და მიჰგვარეს ყველა სნეული.

 

36. ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო; და ვინც შეახო, განიკურნა.

 

 14