1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი მწიგნობრები და ფარისევლები და უთხრეს:
2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.
3. ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით?
4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, -
6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.
7. თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა:
8. ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან.
9. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს.
10. მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ:
11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.
12. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?
13. ხოლო მან პასუხად თქვა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.
14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან.
15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ეს იგავი.
16. ბოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა?
17. ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.
18. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.
19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
20. ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს.
22. და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან.
23. ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის.
24. ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს.
25. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე!
26. ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.
27. ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს.
28. მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.
29. წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას, მთაზე ავიდა და იქ დაჯდა.
30. და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი, თან მოიყოლეს კოჭლნი, ბრმანი, ყრუნი, საპყარნი და სხვანიც მრავალნი, ფერხთით დაუსხეს იესოს და მანაც განკურნა ისინი;
31. ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში.
33. უთხრეს მას მოწაფეებმა: სადა გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ?
34. ჰკითხა მათ იესომ: მაინც რამდენი პური გაქვთ? და მათ მიუგეს: შვიდი, და ცოტაოდენი თევზი.
35. მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს.
36. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.
37. ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.
38. ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასი კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა.
39. და გაისტუმრა ხალხი, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვარს.