1. იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა.
2. და შემოკრბა მის ირგვლივ დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავში შევიდა და დაჯდა, ხოლო მთელი ხალნი ნაპირზე იდგა.
3. ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.
4. ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, და მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი.
5. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
6. მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
7. ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; იზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.
8. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი.
9. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
10. მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?
11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია.
12. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.
14. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.
15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ.
17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს.
18. მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:
19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.
20. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას.
21. მაგრამ ფესვი არა აქვს მასში, და ამიტომ უდღეურია; და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდება.
22. ხოლო ეკალ-ბარდებში დათესილი ის არის, ვინც ისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
23. პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდეც შეიგნებს სიტყვას, და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი; ერთი ასად, ერთი სამოცად თუ ერთი ოცდაათად.
24. სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში.
25. ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.
26. როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და თავთავი დაისხა, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.
27. მივიდნენ მონები ყანის პატრონთან და უთხრეს: ბატონო, შენ ხომ საღი თესლი დათესე ყანაში: საიდანღა აქვს ღვარძლი?
28. ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა ქნა ეს. მონებმა კი უთხრეს: თუ გნებავს, მივალთ და გავმარგლავთ ყანას.
29. მაგრამ მან თქვა: არა, რათა მარგვლისას ღვარძლს ჯეჯილიც არ მიაყოლოთ.
30. აცადეთ, ერთად იზარდონ მკამდე; ხოლო მკისას ვუბრძანებ მომკალთ: თავდაპირველად შეკრიბეთ ღვარძლი, ძნებად შეკარით და ცეცხლი წაუკიდეთ, ხორბალი კი შეინახეთ ჩემს ბეღელში.
31. სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;
32. ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.
33. მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.
34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
35. რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
38. ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.
39. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები.
40. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.
41. რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ.
42. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
43. მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.
45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს.
46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას.
47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს;
48. ხოლო როცა გაივსება, ნაპირზე გამოათრევენ, დასხდებიან და ვარგისით გოდრებს დაავსებენ, ხოლო უვარგისთ გადაჰყრიან.
49. ასე იქნება ქვეყნის დასასრულსაც: მოვლენ ანგელოზები და მართალთაგან განაშორებენ უკეთურთ;
50. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
51. ჰკითხა მათ იესომ: გესმით თუ არა ყოველივე ეს? და მათ მიუგეს: დიახ, უფალო.
52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.
53. და როცა დაასრულა იესომ ეს იგავნი, იქაურობას გაეცალა.
54. მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა?
55. განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?
56. და განა ჩვენს შორის არ არიან მისი დები? ვინ მისცა ყოველივე ეს?
57. და ცდებოდნენ მასში. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არის წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში და თავის სახლში.
58. და არა მოუხდენია იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.