მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
ებრაელთა მიმართ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 9 

 

1. თუმცა პირველ აღთქმასაც ჰქონდა მართლგანაწესი მსახურებისა და ამქვეყნიური საწმიდარი,

 

2. რადგანაც პირველი კარავი ისე იქნა გამზადებული, რომ შიგ იყო სასანთლე, ტაბლა და საწირავი პური; ხოლო სახელი მისი იყო „წმინდა“.

 

3. მეორე ფარდის მიღმა კი იყო კარავი, რომელსაც ერქვა „წმიდათაწმიდა“.

 

4. და ჰქონდა მას ოქროს სასაკმევლე, მთლიანად ოქროთი მოჭედილი კიდობანი აღთქმისა, რომელშიც იდგა მანანით სავსე ოქროს ჭურჭელი, აარონის კვერთხი, რომელიც განედლდა, და აღთქმის ფიცარნი.

 

5. ხოლო მათ ზემოთ - ქერუბიმნი დიდებისა, სალხინებლის საჩრდილობლად, თუმცა აქ დაწვრილებით ვერ ვილაპარაკებთ მათზე.

 

6. ამნაირად გამართულ პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღვთისმსახურების აღსასრულებლად.

 

7. მეორეში კი წელიწადში ერთხელ შედის მღვდელმთავარი, მაგრამ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი თავისა და ხალხის ცთომილებათა გამო.

 

8. ამით სული წმიდა გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა საწმიდრის გზა, ვიდრე დგას პირველი კარავი.

 

9. ესაა ნიმუში აწმყო დროისა, როცა სწირავენ მსხვერპლსა და შესაწირავს, რასაც არ ძალუძს სრულყოს შემწირველის სინიდისი.

 

10. რადგანაც ესაა მხოლოდ სასმელ-საჭმელი, სხვადასხვაგვარი განბანა და ხორციელ წესთა აღსრულება, გამოსწორების დრომდე დადგენილი.

 

11. ხოლო ქრისტე, მომავალ სიკეთეთა მღვდელმთავარი, მოვიდა უფრო ვრცელი, უფრო სრულყოფილი და ხელთუქმნელი, ესე იგი, არა იმნაირად შექმნილი კარვით.

 

12. კაცთა და ზვარაკთა სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით ერთხელ შევიდა საწმიდარში და მოგვიპოვა საუკუნო გამოხსნა.

 

13. ვინაიდან თუ ვაცთა და ზვარაკთა სისხლი, ან დეკეულის ფერფლი, პკურებით გაწმენდს შებილწულთ, რათა წმიდა იყოს ხორცი,

 

14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?

 

15. ამიტომაც არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა სიკვდილით, რომლითაც აღესრულა, გამოესყიდა პირველი აღთქმისას ჩადენილი დანაშაულნი და, ამრიგად, საუკუნო მემკვიდრეობისთვის ხმობილთ მიეღოთ აღთქმული.

 

16. ვინაიდან სადაც არის ანდერძი, იქ აუცილებელია მეანდერძის სიკვდილი.

 

17. რადგანაც ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, და არა მანამ, სანამ ცოცხალია მეანდერძე.

 

18. ამიტომ არც პირველი აღთქმა დამტკიცებულა სისხლის გარეშე.

 

19. რადგანაც მოსემ, ყველა მცნება რჯულისამებრ რომ წარმოსთქვა ხალხის წინაშე, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი, წყალთან, მეწამულ მატყლსა და უსუპთან ერთად, და ასხურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხსაც,

 

20. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, ღმერთმა რომ გამცნოთ თქვენ“.

 

21. თვით კარავსა და საღვთისმსახურო ჭურჭელსაც ასხურა სისხლი.

 

22. ასე რომ, რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება.

 

23. ამრიგად, ზეციერთა ხატებანი ამით უნდა იწმიდებოდნენ, ხოლო თვით ზეციერნი - ამაზე უკეთესი მსხვერპლით.

 

24. რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმიდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა, არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს,

 

25. იმიტომ კი არა, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც მღვდელმთავარი ყოველწლიურად სხვისი სისხლით შედის საწმიდარში,

 

26. თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.

 

27. და როგორც ადმიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა,

 

28. ასევე ქრისტეც, ერთხელ რომ შესწირა თავი, რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა, - მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად.

 

 9