1. რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი.
2. ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა.
3. მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას.
4. რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით.
5. ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე.
6. სრულდასაწველრ და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე.
7. მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“.
8. ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო,
9. შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს.
10. სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
11. რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას.
12. მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
13. მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ.
14. რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი.
15. ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია:
16. „ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, - ამბობს უფალი, - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ.
17. აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“.
18. ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება.
19. ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
20. ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით,
21. და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში,
22. მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
23. მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.
24. ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი.
25. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას.
26. რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.
27. არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.
28. თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,
29. როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?
30. რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“.
31. მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში!
32. გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი;
33. როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ.
34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.
35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.
36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.
38. მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.
39. მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად.