მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
ებრაელთა მიმართ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 11 

 

1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.

 

2. რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ.

 

3. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს.

 

4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს.

 

5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს.

 

6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.

 

7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.

 

8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა.

 

9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.

 

10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.

 

11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.

 

12. ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.

 

13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.

 

14. რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.

 

15. ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას.

 

16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.

 

17. რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი,

 

18. რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“.

 

19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.

 

20. რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის.

 

21. რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.

 

22. რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე.

 

23. რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას.

 

24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,

 

25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.

 

26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.

 

27. რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა.

 

28. რწმენით აღასრულა პასექი და სისხლის პკურება, რათა პირმშოთა მომსრველს ხელი ვერ ეხლო მათ პირმშოთათვის.

 

29. რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ.

 

30. რწმენით დაემხო იერიხონის გალავანი შვიდდღიანი ალყის შედეგად.

 

31. რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდთბით მიიღო მსტოვარნი.

 

32. მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,

 

33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,

 

34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.

 

35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.

 

36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.

 

37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),

 

38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.

 

39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,

 

40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

 

 11