მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე
ებრაელთა მიმართ

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 8 

 

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას.

 

2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

 

3. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი.

 

4. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს,

 

5. და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“.

 

6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.

 

7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?

 

8. ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.

 

9. იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი.

 

10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

 

11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები.

 

12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს.

 

13. ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.

 

 8