ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 9


1. და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძეები და უთხრა მათ: აღორძინდით და გამრავლდით, და აავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას.

2. და თქვენი შიში და ძრწოლა ექნება მიწის ყველა მხეცს და ცის ყველა ფრინველს და ყველაფერს, რაც მოძრაობს და ზღვის ყველა თევზს; თქვენ ხელქვეშ მოგეცით.

3. და ყველაფერი მოძრავი, რაც ცოცხალია, თქვენთვის იქნება საჭმელად; როგორც ბალახეული მწვანილი, მოგეცით თქვენ ყველაფერი.

4. მხოლოდ ხორცი სულიერისა სისხლით არ ჭამოთ;

5. და რადგან თქვენს სისხლს თქვენი სულებისას მოვიკითხავ, ყველა მხეცის ხელს მოვკითხავ მას, და კაცის ძმის ხელს მოვკითხავ კაცის სულს.

6. ვინც დაღვრის კაცის სისხლს, სანაცვლოდ მისი სისხლი დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შევქმენი კაცი.

7. ხოლო თქვენ აღორძინდით და გამრავლდით, და აავსეთ ქვეყანა და გამრავლდით მასზე.

8. და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად და თქვა:

9. აჰა, მე აღვადგენ ჩემს აღთქმას თქვენთვის და თქვენი თესლისთვის თქვენ შემდეგ

10. და ყოველი ცოცხალი სულისთვის თქვენთან ერთად, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან, და მიწის ყველა მხეცისთვის, რაც არის თქვენთან ერთად; ყველასთან, რომლებიც გამოვიდნენ კიდობნიდან.

11. და დავდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, და აღარ მოკვდება არცერთი ხორციელი წარღვნისგან, და აღარ იქნება წარღვნა მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.

12. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს: ეს არის აღთქმის ნიშანი, რასაც მე ვდებ ჩემსა და თქვენ შორის და ყოველ ცოცხალ სულს შორის, რომელიც არის თქვენთან საუკუნო მოდგმაში.

13. ჩემს ცისარტყელას ვდებ ღრუბელში, და იქნება აღთქმის ნიშნად ჩემსა და ქვეყანას შორის.

14. და იქნება, როცა მოვავლენ მე ღრუბლებს ქვეყანაზე, გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში,

15. და გავიხსენებ ჩემს აღთქმას, როემლიც არის ჩემსა და თქვენ შორის და ყოველ ცოცხალ სულს შორის, ყოველ ხორციელში, და აღარ იქნება წყალი წარმღვნელი არცერთი ხორციელის აღსახოცად.

16. და იქნება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, და ვიხილავ საუკუნო აღთქმის გასახსენებლად ჩემსა და ყოველ ცოცხალ სულს შორის, ყოველ ხორციელში, რომელიც არის ქვეყანაზე.

17. და უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც არის ქვეყანაზე.

18. და იყვნენ ნოეს ძეები, რომლებიც გამოვიდნენ კიდობნიდან: სემი, ქამი, იაფეთი; ქამი იყო ქანაანის მამა.

19. ეს სამნი არიან ნოეს ძეები; მათგან გავრცელდნენ მთელს ქვეყანაზე.

20. და დაიწყო ნოემ, კაცმა მიწათმოქმედმა, და გააშენა ვენახი.

21. და დალია ღვინო და დათვრა, და გაშიშვლდა თავის სახლში.

22. და დაინახა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და გამოვიდა და გააგებინა თავის ორ ძმას გარეთ.

23. და აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსი და დაიდეს თავის ორ მხარზე, და წავიდნენ ზურგშექცევით და დაფარეს თავისი მამის სიშიშვლე, და მათ პირი მიბრუნებული ჰქონდათ, და თავისი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

24. და გამოფხიზლდა ნოე ღვინისგან და გაიგო, რაც გაუკეთა მას თავისმა ჭაბუკმა ძემ,

25. და თქვა: წყეულია ქანაანი; ყრმა მონა იქნება თავისი ძმებისა.

26. და თქვა: კურთხეულია უფალი ღმერთი სემისა, და იქნება ქანაანი მისი მონა.

27. განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დამკვიდრდეს სემის სამყოფლებში, და გახდეს ქანაანის მისი მონა.

28. და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.

29. და იყო ნოეს ყველა დღე ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი