ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 8


1. და გაახსენდა ღმერთს ნოე და ყველა მხეცი და ყველა პირუტყვი და ყველა ფრინველი და ყველა ქვეწარმავალი, რაც იყო მასთან ერთად კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა სული ქვეყანაზე, და დაიკლო წყალმა,

2. და ჩაიკეტა უფსკრულის წყაროები და ცის სარკმლები, და შეწყდა წვიმა ციდან.

3. და უკუიქცეოდა წყალი, რომელიც მოედინებოდა მიწიდან, უკუიქცეოდა და მცირდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღის შემდეგ.

4. და დადგა კიდობანი მეშვიდე დღეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, არარატის მთაზე.

5. და წყალი, რომელიც მოდიოდა, მცირდებოდა მეათე თვემდე. ხოლო მეთერთმეტე თვეს, თვის პირველ დღეს, გამოჩნდა მთების მწვერვალები.

6. და იყო, ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ კარი კიდობნისა, რომელის გააკეთა,

7. და გაგზავნა ყორანი, რათა ენახა, დაიკლო თუ არა წყალმა; და გავიდა და არ დაბრუნდა, ვიდრე არ დაშრა წყალი მიწიდან.

8. და გაგზავნე მტრედი მას შემდეგ, რათა ენახა, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის ზედაპირიდან;

9. და ვერ იპოვა მტრედმა დასასვენებელი თავისი ფეხებისათვის და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი იყო მთელი ქვეყნის მთელს ზედაპირზე; და გაიწოდა თავისი ხელი და აიყვანა იგი და შეიყვანა იგი თავისთან კიდობანში.

10. და დაიცადა კიდევ სხვა შვიდი დღე და კვლავ გაგზავნა მტრედი კიდობნიდან;

11. და დაბრუნდა მასთან მტრედი მწუხრისას, და ჰქონდა მას პირში ზეთისხილის რტო ფოთლით, და მიხვდა ნოე, რომ დაიკლო წყალმა მიწიდან.

12. და დაიცადა კიდევ სხვა შვიდი დღე და კვლავ გაგზავნა მტრედი, და მეტად აღარ დაბრუნებულა მასთან.

13. და იყო, ნოეს ცხოვრების ექვსასმეერთე წელს, პირველ თვეს, შეწყდა წყალი მიწიდან; და აჰხადა ნოემ სახურავი კიდობანს, რომელიც გააკეთა, და ნახა, რომ შეწყდა წყალი მიწის ზედაპირიდან.

14. ხოლო მეორე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, გაშრა მიწა.

15. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს და თქვა:

16. გამოდი კიდობნიდან შენ, და შენი ცოლი და შენი ძეები და შენი ძეების ცოლები შენთან ერთად,

17. და ყველა მხეცი, რომელიც არის შენთან ერთად, და ყველა ხორციელი ფრინველიდან პირუტყვამდე, და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, გამოიყვანე შენთან ერთად; და აღორძინდით და გამრავლდით ქვეყანაზე.

18. და გამოვიდა ნოე, და მისი ცოლი და მისი ძეები და მისი ძეების ცოლები მასთან ერთად,

19. და ყველა მხეცი და ყველა პირუტყვი და ყველა ფრინველი და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, თავისი გვარის მიხედვით გამოვიდნენ კიდობნიდან.

20. და აუგო ნოემ სამსხვერპლო ღმერთს და აიღო ყოველი წმინდა პირუტყვისგან და ყოველი წმიდან ფრინველისგან და შესწირა ყოვლადნაყოფებად სამსხვერპლოზე.

21. და იყნოსა უფალმა ღმერთმა სუნი კეთილსურნელებისა, და თქვა უფალმა ღმერთმა და განსაჯა: მეტად აღარ დავწყევლი ქვეყანას ადამიანთა საქმეების გამო, რადგან სიჭაბუკიდან გულმოდგინედ მიდრეკილია ადამიანის აზრი ბოროტებისაკენ; ამიტომ მეტად აღარ მოვსპობ არცერთ ცოცხალ ხორციელს, როგორც გავაკეთე.

22. დღენიადაგ ქვეყანაზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და გაზაფხული დღე და ღამე არ შეწყდება.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი