ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 7
1. და უთხრა უფალმა ღმერთმა ნოეს: შედი შენ და მთელი შენი სახლი კიდობანში,
რადგან შენ გნახე მართალი ჩემ წინაშე ამ მოდგმაში.
2. და წმინდა პირუტყვთაგან შეიყვანე შენთან შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, ხოლო
არაწმინდა პირუტყვთაგან - ორ-ორი, მამალი და დედალი,
3. და ცის წმინდა ფრინველთაგან - შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, და არაწმინდა
ფრინველთაგან - ორ-ორი, მამალი და დედალი, თესლის შესანახად მთელს ქვეყანაზე;
4. რადგან კიდევ შვიდი დღე და მე მოვავლენ წვიმას ქვეყანაზე ორმოცი დღე და
ორმოცი ღამე, და აღვგვი ყველა აღმდგომს, რაც შევქმენი, მიწის პირიდან.
5. და გააკეთა ნოემ ყველაფერი, რაც უბრძანა მას უფალმა ღმერთმა.
6. ხოლო ნოე იყო ექვსასი წლისა, და წარღვნა მოხდა ქვეყანაზე.
7. და შევიდა ნოე, და მისი ძეები და მისი ცოლი და მისი ძეების ცოლები მასთან
ერთად კიდობანში წარღვნის გამო;
8. და წმინდა ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და არაწმინდა პირუტყვთაგან და ყოველი
ქვეწარმავლისგან, რაც ქვეყანაზეა,
9. ორ-ორი შევიდა ნოესთან კიდობანში, მამალი და დედალი, როგორც უბრძანა მას
ღმერთმა.
10. და იყო, შვიდი დღის შემდეგ წარღვნა იყო ქვეყანაზე.
11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს; ამ დღეს
გამოხეთქა უფსკრულის ყველა წყარომ, და ცის სარკმელები გაიხსნა,
12. და იყო წვიმა ქვეყანაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
13. ამ დღეს შევიდა ნოე, სემი, ქამი, იაფეთი - ნოეს ძეები, და ნოეს ცოლი და მისი
ძეების სამი ცოლი მასთან ერთად კიდობანში.
14. და ყველა მხეცი გვარის მიხედვით და ყველა პირუტყვი გვარის მიხედვით და ყველა
ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, გვარის მიხედვით და ყველა ფრინველი თავისი
გვარის მიხედვით
15. შევიდნენ ნოესთან კიდობანში, ორ-ორი ყოველი ხორციელისგან, რომელშიც არის
სიცოცხლის სული.
16. და რომლებიც შედიოდნენ, მამალი და დედალი ყოველი ხორციელისგან, შევიდნენ,
როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს. და დაუკეტა უფალმა ღმერთმა გარედან მას კიდობანი.
17. და იყო წარღვნა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ქვეყანაზე, და იმატა წყალმა და
ასწია კიდობანი, და ამაღლდა მიწიდან.
18. და ძლიერდებოდა წყალი და მატულობდა ძლიერ ქვეყანაზე, და დაცურავდა კიდობანი
წყლის ზედაპირზე.
19. ხოლო წყალი ძლიერდებოდა მეტისმეტად ქვეყანაზე, და დაფარა ყველა მაღალი მთა,
რომელიც იყო ცის ქვეშ;
20. თხუთმეტ წყრთაზე ამაღლდა წყალი, და დაფარა ყველა მაღალი მთა.
21. და მოკვდა ყველა ხორციელი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, ფრინველთაგან და
პირუტყვთაგან და მხეცთაგან, და ყველა ქვეწარმავალი, რომელიც მოძრაობს მიწაზე, და
ყველა ადამიანი.
22. და ყველაფერი, რასაც აქვს სიცოცხლის სული, და ყველაფერი, რაც იყო ხმელეთზე,
მოკვდა.
23. და აღგავა ყველა აღმდგომი, რაც იყო მთელი მიწის პირზე, კაციდან პირუტყვამდე,
და ქვეწარმავალთაგან და ცის ფრინველთაგან; და აღიხოცნენ ქვეყნიდან; და დარჩა მხოლოდ
ნოე და მასთან მყოფნი კიდობანში.
24. და მაღლდებოდა წყალი ქვეყანაზე ას ორმოცდაათი დღე.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|