ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 6
1. და იყო, როცა დაიწყეს ადამიანებმა გამრავლება ქვეყანაზე, და ასულები შეეძინათ
მათ,
2. და ნახეს რა ღვთის ძეებმა ადამიანთა ასულები, რომ მშვენიერნი არიან,
მოიყვანეს თავისთვის ცოლებად ყველა, ვინც ამოირჩიეს.
3. და თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება სული ჩემი ამ ადამიანებში უკუნისამდე,
რადგან არიან ისინი ხორციელნი, და იქნება მათი დღეები ას ოცი წელი.
4. და გმირები იყვნენ ქვეყანაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, რაც შედიოდნენ
ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან, და შობდნენ თავისთვის; ისინი იყვნენ გმირები
ოდითგანვე, სახელოვანი ადამიანები.
5. და იხილა უფალმა ღმერთმა, რომ გამრავლდა ადამიანთა უკეთურება ქვეყანაზე და
თითოეული გულმოდგინედ განიზრახავს თავის გულში ბოროტებას ყოველდღე,
6. და დაფიქრდა ღმერთი, რომ შექმნა კაცი ქვეყანაზე, და განსაჯა.
7. და თქვა ღმერთმა: აღვგვი კაცს, რომელიც შევქმენი, მიწის პირიდან, კაციდან
პირუტყვამდე და ქვეწარმავლიდან ცის ფრინველამდე, რადგან ვინანე, რომ შევქმენი
ისინი.
8. ხოლო ნოემ ჰპოვა მადლი უფალი ღმერთის წინაშე.
9. ეს არის ნოეს წარმომავლობა; ნოე კაცი მართალი, სრულყოფილი იყო თავის
მოდგმაში; ღვთისათვის სათნო იყო ნოე.
10. და შვა ნოემ სამი ძე: სემი, ქამი, იაფეთი.
11. და გაიხრწნა ქვეყანა ღვთის წინაშე, და აივსო ქვეყანა უსამართლობით.
12. და იხილა უფალმა ღმერთმა ქვეყანა, და იყო გახრწნილი, რადგან გახრწნა ყოველმა
ხორციელმა თავისი გზა ქვეყანაზე,
13. და უთხრა ღმერთმა ნოეს: დრო ყოველი კაცისა მოვიდა ჩემ წინაშე, რადგან აივსო
ქვეყანა მათგან უსამართლობით, და აჰა, მე გავანადგურებ მათ და ქვეყანას.
14. ამიტომ გააკეთე შენთვის კიდობანი ოთხკუთხა ძელებისგან; ბუდეებად გააკეთებ
კიდობანს, და მოგოზავ მას შიგნიდან და გარედან ფისით.
15. და ასე გააკეთებ კიდობანს: სამი წყრთა - კიდობნის სიგრძე, და ორმოცდაათი
წყრთა - სიგანე, და ოცდაათი წყრთა - მისი სიმაღლე;
16. შეკრავ და გააკეთებ კიდობანს, და წყრთით ზემოთ დაასრულებ მას; ხოლო კიდობნის
კარს გააკეთებ გვერდიდან; ქვედა, მეორე სართულს და მესამ სართულს გაუკეთებ მას.
17. ხოლო მე, აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე ყოველი ხორციელის
გასანადგურებლად, რომელშიც არის სიცოცხლის სული ცის ქვეშ; და რაც არის ქვეყანაზე,
აღესრულება.
18. და დავდებ ჩემს აღთქმას შენთან; და შეხვალ კიდობანში, შენ და შენი ძეები და
შენი ცოლი და შენი ძეების ცოლები შენთან ერთად.
19. და ყოველი პირუტყვისგან და ყოველი ქვეწარმავლისგან და ყოვეილ მხეცისგან და
ყოველი ხორციელისგან, ორ-ორს ყველასაგან შეიყვან კიდობანში, რათა გამოკვებო შენთან
ერთად; მამალი და დედალი იქნება.
20. ყოველი ფრთოსანი ფრინველისგან გვარის მიხედვით და ყოველი პირუტყვისგან
გვარის მიხედვით და ყოველი ქვეწარმავლისგან, რომელიც დახოხავს მიწაზე, თავისი
გვარის მიხედვით, ორ-ორი ყველასაგან შევა შენთან, რათა გამოიკვებოს შენთან ერთად,
მამალი და დედალი.
21. ხოლო შენ აიღებ შენთვის ყოველგვარი საჭმლიდან, რასაც შეჭამთ, და შეაგროვებ
შენთან; და იქნება შენთვის და მათთვის საჭმელად.
22. და გააკეთა ნოემ ყველაფერი, რაც უბრძანა მას უფალმა ღმერთმა; ისე გააკეთა.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|