ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 49
1. და მოუხმო იაკობმა თავის ძეებს და უთხრა:
შემოიკრიბეთ, რათა გამცნოთ თქვენ, რა შეგემთხვევათ თქვენ უკანასკნელ დღეებში;
2. შეგროვდით და ისმინეთ იაკობის ძეებმა, ისმინეთ ისრაელისა, თქვენი მამისა.
3. რუბენი, პირმშო ჩემი, შენ ხარ ძალა ჩემი და დასაბამი ჩემი შვილებისა, სასტიკი
გამოჩნდი, სასტიკი და თავხედი.
4. აზვირთდი, როგორც წყალი, ნუ ადუღდები; რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე;
მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელზეც ახვედი.
5. სიმეონმა და ლევიმ, ძმებმა, აღასრულეს უსამართლობა თავისი თავდასხმით.
6. მათ ზრახვაში ნუ შევა სული ჩემი, და მათ კრებას ნუ აჰყვება ღვიძლი ჩემი,
რადგან თავისი გულისწყრომით დახოცეს კაცები და თავისი გულისთქმით ძარღვები
გადაუჭრეს კუროს.
7. წყეული იყოს მათი გულისწყრომა, რადგან თავხედობაა, და მათი მრისხანება,
რადგან გასასტიკდა. დავანაწილებ მათ იაკობში და გავფანტავ მათ ისრაელში.
8. იუდა, შენ შეგაქებენ შენი ძმები; შენი ხელები შენი მტრების ზურგზე იქნება;
თაყვანს გცემენ შენ მამაშენის ძეები.
9. ლომის ბოკვერია იუდა; ყლორტისგან, ძემო ჩემო, ამოხვედი, დაწოლილმა მიიძინე,
როგორც ლომმა და როგორც ბოკვერმა; ვინ აღადგენს მას?
10. არ მოაკლდება მთავარი იუდასგან და წინამძღვარი მისი საზარდულიდან, ვიდრე არ
მოვა, ვისთვისაც გამზადებულია, და იგი არის მოლოდინი წარმართთა.
11. გამოაბამს ვაზს თავის კვიცს და რქას - თავისი სახედრის კვიცს; გარეცხავს
ღვინით თავის სამოსს და ყურძნის სისხლით - თავის შემოსახვევს;
12. მხიარულია მისი თვალები ღვინისაგან, და თეთრია მისი კბილები რძეზე მეტად.
13. ზაბულონი ზღვის პირას დამკვიდრდება, და იგი იქნება ნავსაყუდელთან და
მიაღწევს სიდონამდე.
14. ისაქარმა კეთილი ისურვა, დაისვენა წილხვედრთა შორის;
15. და იხილა დასვენება, რომ კარგია, და მიწა, რომ ნოყიერია, იტვირთა თავის
მხრებზე შრომა, და გახდა კაცი მიწათმოქმედი.
16. დანი განსჯის თავის ერს, როგორც ერთი ტომი ისრაელში.
17. და იყოს დანი გველი გზაზე, მჯდომარე ბილიკზე, დამგესლავი ცხენის ტერფისა, და
გადავარდება მხედარი უკან,
18. მომლოდინე უფლის ხსნისა.
19. გადი, გამოცდა გამოსცდის მას, ხოლო იგი გამოსცდის მათ ფეხდაფეხ.
20. ასერი, ნოყიერია მისი პური, და იგი მისცემს საზრდოს მთავრებს.
21. ნეფთალი გაშლილი ხეა, გამოიღებს ნაყოფით სიკეთეს.
22. ძე აღორძინებული, იოსები, ძე აღორძინებული, შესაშური, ძე ჩემი, უმცროსი;
ჩემთან დაბრუნდი.
23. ვის შესახებაც ბჭობდნენ და კიცხავდნენ, და შეიპყრეს იგი მშვილდოსნებმა;
24. და შეიმუსრა ძლიერებით მათი მშვილდები, და მოდუნდა ძარღვები მათ ხელთა
მკლავებისა ძლიერი იაკობის ხელით, იქიდან გაძლიერდა ისრაელი, ღვთისაგან მამაშენისა,
25. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი, და გაკურთხა შენ ზემოდან კურთხევით ზეცისა და
კურთხევით ყველაფრის მქონე ქვეყნისა, კურთხევის გამო ძუძუთა და საშოსი,
26. კურთხევით მამაშენისა და დედაშენისა; გაძლიერდა მყარი მთების კურთხევაზე
მეტად, და საუკუნო ბორცვთა კურთხევაზე მეტად, და იქნება იოსების თავზე და თხემზე,
რომლითაც უძღოდა ძმებს.
27. ბენიამინი მტაცებელი მგელია, ცისკარზე შეჭამს კიდევ, და მწუხრზე გაანაწილებს
საზრდოს.
28. ყველა ეს ძე იაკობისა თორმეტია. და ეს უთხრა მათ მათმა მამამ და აკურთხა
ისინი, თითოეული მისი კურთხევისამებრ, აკურთხა ისინი.
29. და უთხრა მათ: მე შევუერთდები ჩემს ერს; დამასაფლავეთ მე ჩემს მამებთან
გამოქვაბულში, რომელიც არის ეფრონ ქეტელის მიწაზე,
30. ორმაგ გამოქვაბულში, მამბრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, გამოქვაბულში,
რომელიც შეიძინა აბრაამმა საკუთრებად ეფრონ ქეტელისგან სამარხისათვის.
31. იქ დაასაფლავეს აბრაამი და სარრა, მისი ცოლი, და იქ დაასაფლავეს ისააკი და
რებეკა, მისი ცოლი, და იქ დაასაფლავეს ლია,
32. ქეტის ძეებისგან შეძენილ მიწაზე და გამოქვაბულში, რომელიც მასზეა.
33. და დაისვენა იაკობმა, როცა უბრძანა თავის ძეებს, და დააწყო ფეხები საწოლზე
და დაილია და შეუერთდა თავის ერს.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|