ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 48
1. და იყო, ამ სიტყვების შემდეგ აუწყეს იოსებს: მამაშენი შეუძლოდ არის. და
წაიყვანა თავისი ორი ძე, მანასე და ეფრემი, და მივიდა იაკობთან.
2. და აუწყეს იაკობს და უთხრეს: აჰა, შენი ძე, იოსები, მოდის შენთან. ძალა
მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
3. და უთხრა იაკობმა იოსებს: ჩემი ღმერთი მეჩვენა მე ლუზაში, ქანაანის
ქვეყანაში, და მაკურთხა მე
4. და მითხრა მე: აჰა, მე აგაღორძინებ შენ და გაგამრავლებ შენ და გაქცევ შენ
ხალხთა კრებულად და მოგცემ შენ, და შენს თესლს შენ შემდეგ ამ ქვეყანას საუკუნო
სამფლობელოდ.
5. ამიტომ ახლა შენი ორი ძე, რომლებიც გყავდა ეგვიპტეში, ვიდრე მე მოვიდოდი
შენთან ეგვიპტეში, ჩემია; ეფრემი და მანასე, როგორც რუბენი და სიმეონი, იქნებიან
ჩემი;
6. ხოლო შთამომავლობა, რომელიც გეყოლება ამის შემდეგ, შენი იქნება; თავისი
ძმების სახელით იწოდებიან თავ-თავის წილხვედრში.
7. ხოლო მე როცა მოვდიოდი ასურეთის შუამდინარეთიდან, მოკვდა რაქელი, დედაშენი,
ქანაანის ქვეყანაში, როცა მივუახლოვდი მე ცხენთსარბიელის მიწას ქაბრათაზე, ვიდრე
მივიდოდი ეფრათაში; და დავმარხე იგი ცხენთსარბიელის გზაზე - ეს არის ბეთლემი.
8. და როცა დაინახა ისრაელმა იოსების ძეები, თქვა: ვინ არისნ შენთვის ესენი?
9. და უთხრა იოსებმა თავის მამას: ჩემი ძეები არიან, რომლებიც მომცა მე ღმერთმა
აქ. და უთხრა იაკობმა: მომიყვანე მე ისინი, რათა ვაკურთხო ისინი.
10. ხოლო მისი თვალები დამძიმებული იყო სიბერისგან და არ შეეძლო დანახვა; და
მიუახლოვა ისინი მას და ეამბორა მათ და მოეხვია მათ.
11. და უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, შენი სახის ხილვა არ მომაკლდა და, აჰა,
მაჩვენა მე ღმერთმა შენი თესლიც.
12. და გამოიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და თაყვანი სცეს მას პირით
მიწამდე.
13. და მიიყვანა იოსებმა თავისი ორი ძე, ეფრემი მარჯვენით ისრაელის მარცხნივ,
ხოლო მანასე მარცხენით ისრაელის მარჯვნივ და მიუახლოვა ისინი მას.
14. და გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა ხელი და დაადო თავზე ეფრემს და ეს იყო
უმცროსი, და მარცხენა - თავზე მანასეს, შეცვალა რა ხელები.
15. და აკურთხა ისინი და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშეც სათნო იყვნენ ჩემი
მამები: აბრაამი და ისააკი, ღმერთმა, რომელმაც გამომზარდა მე სიჭაბუკიდან ამ
დღემდე,
16. ანგელოზმა, რომელმაც დამიცვა მე ყოველგვარი ბოროტებისგან, აკურთხოს ეს
ყრმები და იწოდებოდეს მათზე ჩემი სახელი და სახელი ჩემი მამებისა, აბრაამისა და
ისააკისა, და გამრავლდნენ დიდ სიმრავლედ ქვეყანაზე.
17. და როცა დაინახა იოსებმა, რომ დაადო მამამ თავისი მარჯვენა თავზე ეფრემს,
მძიმე აღმოჩნდა მისთვის და მოჰკიდა იოსებმა თავის მამას ხელი, რათა გადაეტანა იგი
ეფრემის თავიდან მანასეს თავზე.
18. და უთხრა იოსებმა თავის მამას: ასე არა, მამა, რადგან ეს არის პირმშო; დაადე
შენი მარჯვენა მას თავზე.
19. და არ ისურვა, არამედ უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი; ესეც იქნება ერი და ესეც
ამაღლდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე დიდი იქნება და მისი თესლი იქცევა ხალხთა
სიმრავლედ.
20. და აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით იკუთხება ისრაელი და იტყვიან:
გაქციოს შენ ღმერთმა, როგორც ეფრემი და როგორც მანასე; და დააყენა ეფრემი მანასეს
წინ.
21. და უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები და იქნება ღმერთი თქვენთან და
დაგაბრუნებთ თქვენ ღმერთი ამ ქვეყნიდან თქვენი მამების ქვეყანაში;
22. ხოლო მე გაძლევ შენ სიკიმას, გამორჩეულს, შენს ძმებზე მეტს, რომელიც მივიღე
ამორელთა ხელიდან ჩემი მახვილით და მშვილდით.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|