ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 47
1. და მივიდა იოსები და აუწყა ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები და
საქონელი და მათი ძროხა და ყოველივე, რაც არის მათი, მოვიდნენ ქანაანის ქვეყანიდან,
და აჰა, არიან გესემის მიწაზე.
2. და თავისი ძმებიდან წაიყვანა ხუთი კაცი და წარადგინა ისინი ფარაონის წინაშე.
3. და უთხრა ფარაონმა იოსების ძმებს: რა არის თქვენი საქმიანობა? ხოლო მათ
უთხრეს ფარაონს: ცხვრის მწყემსები ვართ შენი მონები, ჩვენც და ჩვენი მამებიც.
4. და უთხრეს ფარაონს: მწირობისათვის მოვედით ქვეყანაში, რადგან არ არის
საძოვარი შენი მონების საქონლისათვის, რადგან გაძლიერდა შიმშილი ქანაანის
ქვეყანაში; ამიტომ ახლა დავსახლდებით შენი მონები გესემის მიწაზე.
5. და უთხრა ფარაონმა იოსებს: დასახლდნენ გესემის მიწაზე, ხოლო თუ იცი, რომ
არიან მათ შორის ძლიერი კაცები, დაადგინე ისინი ჩემი საქონლის მთავრებად.
და მივიდნენ ეგვპტეში იოსებთან იაკობი და მისი ძეები და გაიგო ფარაონმა,
ეგვიპტის მეფემ. და უთხრა ფარაონმა იოსებს და თქვა: მამაშენი და შენი ძმები
მოვიდნენ შენთან,
6. აჰა, ეგვიპტის ქვეყანა შენ წინაშეა; საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და
შენი ძმები.
7. და შეიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა, და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე
და აკურთხა იაკობმა ფარაონი.
8. და უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წელია შენი სიცოცხლის დღეები?
9. და უთხრა იაკობმა ფარაონს: დღეები ჩემი სიცოცხლის წლებისა, რასაც ვმწირობ, ას
ოცდაათი წელია. მცირე და ცუდი იყო დღეები ჩემი სიცოცხლის წლებისა, ვერ მიაღწიეს
დღეებამდე ჩემი მამების სიცოცხლის წლებისა, რა დღეებსაც მწირობდნენ.
10. და აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა მისგან.
11. და დაასახლა იოსებმა თავისი მამა და ძმები და მისცა მათ სამკვიდრებელი
ეგვიპტის ქვეყანაში, საუკეთესო მიწაზე, რამესეს მიწაზე, როგორც უბრძანა ფარაონმა.
12. და უნაწილებდა იოსები თავის მამას და ძმებს და თავისი მამის მთელ სახლს
ხორბალს სულადობის მიხედვით.
13. ხოლო ხორბალი არ იყო მთელ ქვეყანაში, რადგან გაძლიერდა შიმშილი ძლიერ; და
დაილია ეგვიპტის ქვეყანა და ქანააქნის ქვეყანა შიმშილისაგან.
14. და შეაგროვა იოსებმა მთელი ვერცხლი, რაც მოიპოვებოდა ეგვიპტის ქვეყანაში და
ქანაანის ქვეყანაში, ხობლით, რომელსაც ყიდულობდნენ, და უნაწილებდა მათ; და შეიტანა
იოსებმა მთელი ვერცხლი ფარაონის სახლში.
15. და გამოილია ვერცხლი ეგვიპტის ქვეყანაში და ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა
ყველა ეგვიპტელი იოსებთან და ეუბნებოდა: მოგვეცი ჩვენ პური; და რატომ დავიხოცოთ შენ
წინაშე, რადგან გამოილია ჩვენი ვერცხლი?
16. და უთხრა მათ იოსებმა: მორეკეთ თქვენი საქონელი და მოგცემთ თქვენ პურს
თქვენი საქონლის სანაცვლოდ, თუ გამოილია თქვენი ვერცხლი.
17. და მოიყვანეს საქონელი იოსებთან და მისცა მათ იოსებმა პური ცხენების
სანაცვლოდ და ცხვრების სანაცვლოდ და ძროხების სანაცვლოდ და სახედრების სანაცვლოდ და
გამოკვება ისინი პურის მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ იმ წელიწადს.
18. და გავიდა ის წელიწადი და მივიდნენ მასთან მეორე წელიწადს და უთხრეს მას: ნუ
გავწყდებით ჩვენი ბატონისგან; რადგან, თუ გამოილია ვერცხლი და ქონება, და პირუტყვი
შენთან არის, ბატონთან, არაფერი გვრჩება ჩვენ ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა საკუთარი
სხეულისა და ჩვენი მიწისა.
19. ამიტომ, რომ არ დავიხოცოთ შენ წინაშე და ქვეყანა არ გაუდაბურდეს, გვიყიდე
ჩვენ და ჩვენი მიწა პურის სანაცვლოდ და ვიქნებით ჩვენ და ჩვენი მიწა ფარაონის
მონები; მოგვეცი თესლი, რათა ვთესოთ და ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ და ქვეყანა არ
გაუდაბურდეს.
20. და შეიძინა იოსებმა ეგვიპტელთა მთელი მიწა ფარაონისთვის, რადგან აძლევდნენ
ეგვიპტელები თავის მიწას ფარაონს, რადგან მოიცვა ისინი შიმშილმა; და გახდა მიწა
ფარაონისა;
21. და ერი დაუმონა მას მონად ეგვიპტის საზღვრების კიდიდან კიდემდე,
22. გარდა მღვდლების მიწისა; არ შეიძინა იგი იოსებმა, რადგან მიცემით მისცა
ძღვენი მღვდლებს ფარაონმა და ჭამდნენ მიცემულს, რაც მისცა მათ ფარაონმა; ამის გამო
არ აძლევდნენ თავის მიწას.
23. და უთხრა იოსებმა ყველა ეგვიპტელს: აჰა, გიყიდეთ თქვენ და თქვენი მიწა დღეს
ფარაონისთვის; აიღეთ თქვენთვის თესლი და დათესეთ მიწაზე;
24. და იქნება, მისი მოსავლის მეხუთედი მიეცით ფარაონს, ხოლო ოთხი წილი იქნება
თქვენთვის მიწის თესლად და საჭმელად თქვენთვის და მთელი თქვენი სახლეულისთვის.
25. და უთხრეს: გადაგვარჩინე ჩვენ, ვპოვეთ მადლი ჩვენი ბატონის წინაშე და
ვიქნებით ფარაონის მონები.
26. და დაუდგინა მათ იოსებმა წესად ამ დღემდე ეგვიპტის ქვეყანაში მეხუთედის
მიცემა ფარაონისთვის, გარდა მღვდლების მიწისა; იგი არ იყო ფარაონისა.
27. და დასახლდა ისრაელი ეგვიპტის ქვეყანაში, გესემის მიწაზე, და დაიმკვიდრეს
იგი და აღორძინდნენ და გარმავლდნენ ძლიერ.
28. და იცოცხლა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი; და იყო დღეები იაკობს
სიცოცხლის წლებისა ას ორმოცდაშვიდი წელი.
29. და მოახლოვდა ისრალის სიკვდილის დღეები და მოუხმო თავის ძეს, იოსებს, და
უთხრა მას: თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, დამადე შენი ხელი ჩემი საზარდულის ქვეშ და
მოიღე ჩემზე წყალობა და ჭეშმარიტება - არ დამასაფლავო მე ეგვიპტეში,
30. არამედ დავიძინებ ჩემს მამებთან; და წამიღე მე ეგვიპტიდან და დამასაფლავე მე
მათს საფლავში. ხოლო მან უთხრა: მე გავააკეთებ შენი სიტყვისამებრ.
31. და უთხრა: შემომფიცე მე. და შეჰფიცა მას. და თაყვანი სცა ისრაელმა მისი
კვერთხის წვერს.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|