ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 46
1. და დაიძრა ისრაელი, ის და ყოველივე, რაც იყო მისი, და მივიდა ფიცის ჭასთან და
შესწირა მსხვერპლი თავისი მამის ისააკის, ღმერთს.
2. და უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამის ჩვენებისას და თქვა: იაკობ, იაკობ. ხოლო მან
თქვა: რა არის?
3. და უთხრა: მე ვარ ღმერთი შენი მამებისა; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლისა,
რადგან დიდ ხალხად გაქცევ შენ იქ,
4. და მე ჩამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მე ამოგიყვან შენ ბოლოს და იოსები
დაგიხუჭავს თავისი ხელით შენ თვალებს.
5. და ადგა იაკობი ფიცის ჭასთან და აიყვანეს იაკობის ძეებმა ისრაელი, თავისი
მამა, და ჭურჭელი და თავისი ცოლები ეტლებზე, რომლებიც გამოგზავნა იოსებმა მის
წასაყვანად,
6. და წაიღეს თავისი ქონება და მთელი მონაგები, რომელიც მოიგეს ქანაანის
ქვეყანაში, და შევიდა ეგვიპტეში იაკობი, და მთელი მისი მოდგმა მასთან ერთად:
7. ძეები და მისი ძეების ძეები მასთან ერთად, ასულები და მისი ასულების ასულები;
და მთელი მისი მოდგმა შეიყვანა ეგვიპტეში.
8. ეს არის სახელები ისრაელის ძეებისა, რომლებიც შევიდნენ ეგვიპტეში - იაკობი და
მისი ძეები: იაკობის პირმშო, რუბენი.
9. და რუბენის ძეები: ენოქი და ფალუ, ასრონი და ქარმი.
10. და სიმეონის ძეები: იემუელი და იამინი და აოდი და იაქინი და საარი და საული,
ქანაანელი დედაკაცის ძე.
11. და ლევის ძეები: გერსონი, კაათი და მერარი.
12. და იუდას ძეები: ერი და ავნანი და სელომი და ფარეზი და ზარა; და დაიხოცნენ
ერი და ავნანი ქანაანის ქვეყანაში; და იყვნენ ფარეზის ძეები ასრონი და იემუელი.
13. და ისაქარის ძეები: თოლა და ფუა და იასუბი და ზამბრამი.
14. და ზაბულონის ძეები: სერედი და ალონი და ალოელი.
15. ესენი არიან ლიას ძეები, რომლებიც უშვა იაკობს ასურეთის შუამდინარეთში, და
დინა, მისი ასული; ყველა სული, ძეები და ასულები - ოცდაცამეტი.
16. და გადის ძეები: საფონი და ანგისი და სავნისი და თასობანი და აედისი და
აროედისი და არიელისი.
17. და ასერის ძეები: იემნა და იესუა და იეული და ბარია და სარა, მათი და. და
ბარიას ძეები: ქობორი და მელქიელი.
18. ესენი არიან ძეები ზელფასი, რომელიც მისცა ლაბანმა ლიას, თავის ასულს,
რომელმაც უშვა ესენი იაკობს - თექვსმეტი სული.
19. და რაქელის, იაკობის ცოლის, ძეები: იოსები და ბენიამინი.
20. და იყვნენ იოსების ძეები ეგვიპტის ქვეყანაში, რომლებიც უშვა მას ასენეთმა,
პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასულმა, მანასე და ეფრემი. და იყვნენ მანასეს
ძეები, რომლებიც უშვა მას ასურელმა ხარჭამ, მაქირი. ხოლო მაქირმა შვა გალაადი. და
ეფრემის, მანასეს ძმის, ძეები: სუტალაამი და ტაამი, და სუტალაამის ძეები: ედემი.
21. და ბენიამინის ძეები: ბალა და ქობორი და ასბელი. და იყვნენ ბალას ძეები:
გერა და ნოემანი და ანქისი და როსი და მამფინი და ოფიმი; ხოლო გერამ შვა არადი.
22. ესენი არიან რაქელის ძეები, რომლებიც უშვა იაკობს: ყველა სული - თვრამეტი.
23. და დანის ძეები: ასომი.
24. და ნეფთალის ძეები: ასიელი და გოვინი და ისაარი და სილემი.
25. ესენი არიან ძეები ბალასი, რომელიც მისცა ლაბანმა რაქელს, თავის ასულს,
რომელმაც უშვა ესენი იაკობს: ყველა სული - შვიდი.
26. და ყველა სული, რომელიც შევიდა იაკობთან ერთად ეგვიპტეში, გამოსულები მისი
საზარდულიდან, გარდა იაკობის ძეთა ცოლებისა, ყველა სული - სამოცდაექვსი.
27. და იოსების ძეები, რომლებიც ჰყავდა მას ეგვიპტის ქვეყანაში - ცხრა სული.
იაკობის სახლის ყველა სული, რომელიც შევიდა ეგვიპტეში - სამოცდათხუთმეტი.
28. და იუდა გაგზავნა თავისზე წინ იოსებთან, რათა შეხვედროდა მას ქალაქ
ეროონთან, რამესეს ქვეყანაში.
29. და შეაბა იოსებმა თავისი ეტლები და ავიდა ისრაელთან, თავის მამასთან,
შესაგებებლად ქალაქ ეროონთან; და როცა დაინახა იგი, მოეხვია მას ქედზე და ბევრი
იტირა ტირილით.
30. და უთხრა ისრაელმა იოსებს: მოვკვდე ამიერიდან, რადგან ვიხილე შენი სახე,
რადგან შენ ისევ ცოცხალი ხარ.
31. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: ავალ და ვაუწყებ ფარაონს და ვეტყვი მას: ჩემი
ძმები და მამაჩემის სახლი, რომლებიც იყვნენ ქანაანის ქვეყანაში, მოვიდნენ ჩემთან;
32. და ეს კაცები არიან მწყემსები, რადგან მესაქონლე კაცები იყვნენ; და საქონელი
და ძროხა და ყოველივე, რაც იყო მათი, წამოიყვანეს.
33. ამიტომ, თუ გიხმობთ თქვენ ფარაონი და გეტყვით თქვენ: რა არის თქვენი
საქმიანობა?
34. თქვით: მესაქონლე კაცები ვართ შენი მონები სიყრმიდან აქამდე, ჩვენც და ჩვენი
მამებიც; - რათა დამკვიდრდეთ არაბეთის გესემის მიწაზე, რადგან საძაგელია
ეგვიპტელთათვის ცხვრის ყოველი მწყემსი.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|