ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 45


1. და ვეღარ შეძლო იოსებმა მოთმენა თავისი ყველა თანმხლების წინაშე, ამიტომ თქვა: გაიყვანეთ ყველა ჩემგან. და აღარავინ იდგა იოსების წინაშე, როცა გამოეცნაურა თავის ძმებს.

2. და ამოუშვა ხმა ტირილით; და გაიგო ყველა ეგვიპტელმა, და გაიგეს ფარაონის სახლში.

3. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: მე ვარ იოსები; ისევ ცოცხალია მამაჩემი? და ვერ შეძლებს ძმებმა პასუხი გაეცათ მისთვის, რადგან შეძრწუნდნენ.

4. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: მომიახლოვდით მე. და მიუახლოვდნენ. და თქვა: მე ვარ იოსები, თქვენი ძმა, რომელიც გაყიდეთ ეგვიპტეში.

5. ამიტომ ახლა ნუ დამწუხრდებით, ნურც სასტიკად მოგეჩვენებათ თქვენ, რომ გამყიდეთ მე აქ, რადგან სიცოცხლისთვის გამომგზავნა მე ღმერთმა თქვენ წინაშე;

6. რადგან ეს მეორე წელია, შიმშილობაა ქვეყანაზე, და კიდევ დარჩა ხუთი წელი, როცა არ იქნება ხვნა, არც მკა;

7. რადგან გამომგზავნა მე ღმერთმა თქვენ წინაშე, რომ დარჩეს თქვენი დანატოვარი ქვეყანაზე, და გამოიკვებოს თქვენი დიდი დანატოვარი.

8. ამიტომ არა თქვენ გამომგზავნეთ მე აქ, არამედ ღმერთმა, და გამხადა მე ფარაონის მამად და მთელი მისი სახლის ბატონად და ეგვიპტის მთელი ქვეყნის მთავრად.

9. ამიტომ იჩქარეთ და ადით მამაჩემთან და უთხარით მას: ამას ამბობს შენი ძე, იოსები: გამხადა მე ღმერთმა ეგვპტის მთელი ქვეყნის ბატონად; ამიტომ ჩამოდი ჩემთან და ნუ დაყოვნდები;

10. და დამკვიდრდები არაბეთის გესემის მიწაზე და იქნები ჩემთან ახლოს შენ და შენი ძეები და შენი ძეთა ძეები და შენი ცხვარი და შენი ძროხა და რაც შენია,

11. და გამოგკვებავ შენ იქ, რადგან კიდევ ხუთი წელიწადი იქნება შიმშილობა, რათა არ მოისპო შენ, და შენი ძეები და მთელი შენი ქონება.

12. აჰა, თქვენი თვალები ხედავენ და ბენიამინის, ჩემი ძმის, თვალებიც, რომ ჩემი პირი გელაპარაკებათ თქვენ.

13. აუწყეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების შესახებ ეგიპტეში და რასაც ხედავთ; და იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი აქ.

14. და მოეხვია ბენიამინს, თავის ძმას, ქედზე და ტიროდა და ბენიამინი ტიროდა მის ქედზე.

15. და ეამბორა თავის ყველა ძმას და ტიროდა მათთან ერთად; და ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მისი ძმები მას.

16. და გავარდა ხმა ფარაონის სახლში და თქვეს: მოვიდნენ იოსების ძმები. და გაუხარდა ფარაონს, და მის ყველა მსახურს.

17. და უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს: ასე გააკეთეთ; აავსეთ თქვენი საზიდრები და წადით ქანაანის ქვეყანაში

18. და წამოიყვანეთ მამათქვენი და წამოიღეთ თქვენი ქონება და მოდით ჩემთან და მოგცემთ თქვენ ეგვიპტის ყველა სიკეთეს და შეჭამთ მიწის ღალას.

19. ხოლო შენ აცნობე ეს, რომ წაიღონ თავისთვის ეტლები ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი ბავშვებისა და ცოლებისათვის, და ამოიყვანეთ მამათქვენი და მოდით;

20. და ნუ დაგრჩებათ თვალი თქვენს ჭურჭელზე, რადგან ეგვიპტის ყველა სიკეთე თქვენთვის იქნება.

21. და გააკეთეს ასე ისრაელის ძეებმა; და მისცა იოსებმა მათ ეტლები ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ნათქვამისაებრ, და მისცა მათ საგზალი,

22. და ყველას მისცა წყვილი სამოსი, ხოლო ბენიამინს მისცა სამასი ოქრო და ხუთი სხვადასხვა სამოსი

23. და თავის მამას გაუგზავნა ამგვარადვე: და ათი სახედარი, დატვირთული ეგვიპტის ყველა სიკეთით, და ათი ჯორი, დატვირთული პურით, - თავის მამას გზისთვის.

24. და გაუშვა თავისი ძმები და წავიდნენ; და უთხრა მათ: ნუ განრისხდებით გზაში.

25. და ავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავის მამასთან,

26. და აუწყეს მას და უთხრეს: შენი ძე, იოსები, ცოცხალია და იგი მართავს ეგვიპტის მთელ ქვეყანას. და განცვიფრდა იაკობის გონება, რადგან არ ირწმუნა მათი.

27. და უთხრეს მას იოსების ნათქვამი, ყველაფერი, რაც უთხრა მათ. და როცა დაინახა ეტლები, რომლებიც გამოგზავნა იოსებმა მის წასაყვანად, გამოცოცხლა იაკობის, მათი მამის, სული.

28. და თქვა ისრაელმა: დიდი რამ არის ჩემთვის, თუ ისევ ცოცხალია ჩემი ძე, იოსები; წავალ და ვნახავ მას, ვიდრე მოვკვდები მე.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი