ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 44
1. და უბრძანა იოსებმა თავის სახლთუხუცესს და უთხრა: გაავსეთ ამ კაცების აბგები
საზრდოთი, რამდენის წაღებასაც შეძლებენ და დადეთ თითოეულის ვერცხლი აბგის პირზე
2. და ჩემი ვერცხლის სასმისი ჩადეთ უმცროსის აბგაში და მისი ხორბლის საფასურიც.
და გააკეთეს იოსების სიტყვისამებრ, როგორც თქვა.
3. დილა გათენდა და კაცები გაუშვეს, ისინი და მათი სახედრები.
4. და გავიდნენ ისინი ქალაქიდან და არ იყვნენ შორს წასულები და იოსებმა უთხრა
თავის სახლთუხუცესს: ადექი და დაედევნე უკან იმ კაცებს და დაეწიე მათ და უთხარი
მათ: რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის სანაცვლოდ? რად მომპარეთ მე ვერცხლის სასმისი?
5. განა ეს არ არის, რომლითაც სვამს ჩემი ბატონი? და იგი მისნობით მისნობს
მაგით. ბოროტება აღასრულეთ იმით, რაც ჩაიდინეთ.
6. და როცა იპოვა ისინი, უთხრა მათ ამ სიტყვებისამებრ.
7. ხოლო მათ უთხრეს მას: რად ამბობს ბატონი მაგნაირ სიტყვებს? ნუ იქნება, რომ
შენმა მონებმა გააკეთონ ამ სიტყვისამებრ.
8. თუ ვერცხლი, რომელიც ვიპოვეთ ჩვენს აბგებში, დაგიბრუნეთ შენ ქანაანის
ქვეყნიდან, როგორ მოვიპარავდით შენი ბატონის სახლიდან ვერცხლს არ ოქროს?
9. რომელთანაც მოინახება სასმისი შენ მონათაგან, მოკვდეს; ხოლო ჩვენ ვიქნებით
ჩვენი ბატონის მონები.
10. და მან თქვა: და ახლა როგორც ამბობთ, ისე იქნება: კაცი, რომელთანაც
მოინახება სასმისი, ის იქნება ჩემი მონა, ხოლო თქვენ იქნებით უბრალო.
11. და აჩქარდნენ და გადმოიღო თითოეულმა თავისი აბგა მიწაზე და გახსნა თითოეულმა
თავისი აბგა.
12. და ჩხრეკდა, უფროსით დაწყებული, ვიდრე არ მივიდა უმცროსამდე, და იპოვა
სასმისი ბენიამინის აბგაში.
13. და შემოიხიეს თავისი სამოსი და აჰკიდა თითოეულმა თავისი აბგა თავის სახედარს
და დაბრუნდნენ ქალაქში.
14. და შევიდა იუდა, და მისი ძმები იოსებთან, რომელიც ისევ იქ იყო, და დაემხნენ
მის წინაშე მიწაზე.
15. და უთხრა მათ იოსებმა: რა არის ეს საქმე, რაც ჩაიდინეთ? არ იცით, რომ
მისნობით მისნობს ჩემნაირი კაცი?
16. და უთხრა იუდამ: რა მივუგოთ ბატონს ან რა ვთქვათ, ან რით გავმართლდეთ?
რადგან ღმერთმა ნახა შენი მონების უსამართლობა. აჰა, ვართ ჩვენი ბატონის მონები
ჩვენც და ვისთანაც მოინახა სასმისი.
17. და თქვა იოსებმა: ნუ იქნება, რომ მე შევასრულო ეს სიტყვა: კაცი, რომელთანაც
მოინახა სასმისი, ის იქნება ჩემი მონა, ხოლო თქვენ ადით მშვიდობით თქვენს მამასთან.
18. და მიუახლოვდა მას იუდა და უთხრა: გევედრები, ბატონო, თქვას შენმა მონამ
სიტყვა შენ წინაშე და ნუ განურისხდები შენს მონას, რადგან შენ ხარ ფარაონის შემდეგ.
19. ბატონო, შენ ჰკითხე შენს მონებს და უთხარი: თუ გყავთ მამა ან ძმა?
20. და ვუთხარით ბატონს: გვყავს ჩვენ მოხუცი მამა და სიბერის შვილი, უმცროსი,
ჰყავს მას, და მისი ძმა მოკვდა, ხოლო ის მარტო დარჩა თავის დედას და მამამ იგი
შეიყვარა.
21. და უთხარი შენს მონებს: ჩამოიყვანეთ იგი ჩემთან და ვიზრუნებ მასზე.
22. და ვუთხარით ბატონს: ვერ შეძლებს ყრმა მამის დატოვებას, ხოლო თუ დატოვებს
მამას, მოკვდება.
23. ხოლო შენ უთხარი შენს მონებს: თუ არ ჩამოიყვანთ თქვენს უმცროს ძმას თქვენთან
ერთად, ვეღარ იხილავთ ჩემს პირს.
24. და იყო, როცა ავედით შენს მონასთან და ჩვენს მამასთან, ვუთხარით მას ბატონის
სიტყვები.
25. და გვითხრა ჩვენ ჩვენმა მამამ: წადით ისევ, იყიდეთ ჩვენთვის ცოტაოდენი
საზრდო.
26. ხოლო ჩვენ ვუთხარით: ვერ შევძლებთ ჩასვლას; მაგრამ, თუ ჩვენი უმცროსი ძმა
წამოვა ჩვენთან ერთად, ჩავალთ; რადგან ვერ შევძლებთ იმ კაცის პირის ხილვას, თუ
ჩვენი უმცროსი ძმა არ იქნება ჩვენთან ერთად.
27. და გვითხრა შენმა მონამ, ჩვენმა მამამ, ჩვენ: თქვენ იცით, რომ ორი მიშვა მე
ცოლმა;
28. და გავიდა ერთი ჩემგან და თქვით, რომ მხეცის ლუკმა გახდა, და აღარ მინახავს
იგი აქამდე.
29. ამიტომ, თუ წაიყვანთ ამასაც ჩემგან და დაუძლურდება იგი გზაში, ჩაიყვანთ
მწუხარებით ჩემს სიბერეს ჯოჯოხეთში.
30. ამიტომ, ახლა თუ წავალ შენს მონასთან და ჩვენს მამასთან და ყრმა არ იქნება
ჩვენთან ერთად - მისი სული კი დაკავშირებულია ამის სულთან -
31. და იქნება, როცა ნახავს იგი, რომ არ არის ყრმა ჩვენთან ერთად, აღესრულება;
და ჩაიყვანენ ტკვილით შენი მონები შენი მონის და ჩვენი მამის სიბერეს ჯოჯოხეთში.
32. რადგან შენს მონას ჩაბარებული ჰყავს ყრმა მამისგან, და ვუთხარი: თუ არ
მოვიყვან მას შენთან და არ დავაყენებ მას შენ წინაშე, ცოდვილი ვიქნები მამის წინაშე
დღენიადაგ, -
33. ამიტომ ახლა დავრჩები შენთან მონად ყრმის ნაცვლად, ბატონის მონად, ხოლო ყრმა
ავიდეს ძმებთან ერთად,
34. რადგან, როგორ ავალ მამასთან, თუ ყრმა არ იქნება ჩვენთან ერთად? რათა არ
ვიხილო ძვირი, რაც ეწევა მამაჩემს.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|