ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 43


1. და შიმშილი გაძლიერდა ქვეყანაზე.

2. და იყო, როცა დაამთავრეს ჭამა ხორბლისა, რომელიც წამოიღეს ეგვიპტიდან, უთხრა მათ მათმა მამამ: ისევ წადით და გვიყიდეთ ჩვენ ცოტაოდენი საზრდო.

3. და უთხრა მას იუდამ და თქვა: მოწმობით დაგვიმოწმა ჩვენ კაცმა და თქვა: ვერ იხილავთ ჩემს პირს, თუ არ იქნება თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად.

4. თუ გამოუშვებ ჩვენს ძმას ჩვენთან ერთად, ჩავალთ და გიყიდით შენ საზრდოს;

5. ხოლო თუ არ გამოუშვებ ჩვენს ძმას ჩვენთან ერთად, არ წავალთ, რადგან კაცმა გვითხრა ჩვენ და თქვა: ვერ იხილავთ ჩემს პირს, თუ არ იქნება თქვენი უმცროსი ძმა თქვენთან ერთად.

6. და თქვა ისრაელმა: რად გამიკეთეთ მე ბოროტება და უთხარით იმ კაცს, რომ გყავთ თქვენ ძმა?

7. ხოლო მათ უთხრეს: კითხვით გამოგვკითხა ჩვენ კაცმა ჩვენს ნათესაობაზეც და თქვა: ისევ ცოცხალია მამათქვენი? თუ გყავთ თქვენ ძმა? და ვუთხარით ამ კითხვის შესაბამისად. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა ჩვენ: მოიყვანეთ თქვენი ძმა?

8. და უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გამოუშვი ყრმა ჩემთან ერთად და ავდგებით და წავალთ, რათა ვიცოცხლოთ და არ მოვკვდეთ ჩვენც და შენც და ჩვენი მონაგარიც.

9. და მე ჩავიბარებ მას, ჩემი ხელიდან მოიძიე იგი; თუ არ მოვიყვან მას შენთან და არ დავაყენებ მას შენ წინაშე, ცოდვილი ვიქნები შენ წინაშე დღენიადაგ.

10. რომ არ დავყოვნებულიყავით, უკვე მობრუნებულები ვიქნებოდით ორგზის.

11. და უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ეგრეა, ასე გააკეთეთ: წაიღეთ მიწის ნაყოფთაგან თქვენი ჭურჭლებით და ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვენი - მკვრისკევი და თაფლი, საკმეველი და შტახსი და ბელეკონი და კაკალი.

12. და ვერცხლი ორმაგად აიღეთ თქვენს ხელში; ვერცხლი, რომელიც დაგიბრუნდათ თქვენს აბგებში, დაუბრუნეთ თქვენ; იქნებ შეცდომაა;

13. და თქვენი ძმა წაიყვანეთ და ადექით და ჩადით იმ კაცთან.

14. და ჩემმა ღმერთმა მოგცეთ თქვენ მადლი იმ კაცის წინაშე. და გამოუშვებს თქვენს ერთ ძმას და ბენიამინს, რადგან მე, როგორც უშვილო, უშვილოდ დავრჩები.

15. და აიღეს კაცებმა ის ძღვენი და ვერცხლი ორმაგად თავის ხელში და წაიყვანეს ბენიამინი და ადგნენ და ჩავიდნენ ეგვიპტეში და წარდგნენ იოსების წინაშე.

16. და დაინახა იოსებმა ისინი და ბენიამინი, თავისი ძმა, დედით ერთი, და უთხრა თავის სახლთუხუცესს: შეიყვანე ეს კაცები სახლში და დაკალი საკლავი და მოამზადე, რადგან ჩემთან ერთად შეჭამენ ეს კაცები პურს შუადღისას.

17. და გააკეთა კაცმა, როგორც უთხრა იოსებმა, და შეიყვანა კაცები იოსების სახლში.

18. და როცა დაინახეს კაცებმა, რომ შეიყვანეს იოსების სახლში, თქვეს: დაბრუნებული ვერცხლისათვის, რომელიც იყო ჩვენს აბგებში თავდაპირველად, შევყავართ ჩვენ, რათა ცილი დაგვწამონ და ბრალი დაგვდონ და წაგვიყვანონ ჩვენ მონებად და ჩვენი სახედრებიც.

19. და მივიდნენ კაცთან, იოსების სახლთუხუცესთან, და ელაპარაკნენ მას სახლის კარიბჭესთან

20. და უთხრეს: გევედრებით, ბატონო, ჩამოვედით თავდაპირველად საზრდოს საყიდლად;

21. და იყო, როცა მივედით დასასვენებლად და გავხსენით ჩვენი აბგები, და აჰა, თითოეულის ვერცხლი იყო მის აბგაში. ჩვენი ვერცხლი წონით დავაბრუნეთ ახლა ჩვენი ხელით;

22. და სხვა ვერცხლი წამოვიღეთ საზრდოს საყიდლად; არ ვიცით, ვინ ჩადო ვერცხლი ჩვენს აბგებში.

23. და უთხრა მათ: წყალობა იყოს თქვენზე, ნუ გეშინიათ; თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა მოგცათ თქვენ განძი თქვენს აბგებში, ხოლო თქვენს ვერცხლს, გამორჩეულს, ვიღებ. და გამოიყვანა მათთან სიმეონი.

24. და მიუტანა წყალი მათ ფეხების დასაბანად და მისცა საკვები მათს სახედრებს.

25. და მოამზადეს ძღვენი იოსების მოსვლამდე შუადღისას, რადგან გაიგეს, რომ იქ აპირებს სადილობას.

26. და შევიდა იოსები სახლში და მიართვეს მას ძღვენი, რომელიც ხელთ ჰქონდათ მათ, სახლში და თაყვანი სცეს მას პირით მიწამდე.

27. და ჰკითხა მათ: როგორ ხართ? და უთხრა მათ: ჯანმრთელად არის თქვენი მოხუცი მამა, ვის შესახებაც მითხარით? ისევ ცოცხალია?

28. ხოლო მათ უთხრეს: ჯანმრთელად არის შენი მონა, ჩვენი მამა, ისევ ცოცხალია. და თქვა: კურთხეულია ის კაცი ღვთისაგან. და მოდრეკით თაყვანი სცეს მას.

29. და აახილა თვალები და დაინახა ბენიამინი, თავისი ძმა, დედით ერთი, და თქვა: ეს არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც თქვით, რომ მოიყვანდით ჩემთან? და უთხრა: ღმერთმა შეგიწყლოს შენ, შვილო.

30. და აღელდა იოსები, რადგან გულ-მუცელი დაეწვა მას თავისი ძმის გამო და მოუნდა ტირილი; და შევიდა საგანძურში და ატირდა იქ.

31. და დაიბანა პირი და როცა გამოვიდა, თავი შეიკავა და თქვა: დააწყეთ პურები.

32. და დაუწყეს მას ცალკე და მათ ცალკე და ეგვიპტელებს, რომლებიც სადილობდნენ მასთან, ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად პურის ჭამა, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის.

33. და დასხდნენ მის წინ, პირმშო - თავისი უპირატესობის მიხედვით და უმცროსი - თავისი უმცროსობის მიხედვით; განცვიფრებას გამოხატავდნენ კაცები, თითოეული თავის ძმასთან.

34. და იღებდნენ ისინი მისგან წილს; და გაიზარდა ბენიამინის წილი ყველას წილზე ხუთჯერ. და სვეს და დათვრნენ მასთან ერთად.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი