ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 42
1. და ნახა იაკობმა, რომ არის გასაყიდი ხორბალი ეგვიპტეში და უთხრა თავის ძეებს:
რატომ ხართ უქმად?
2. აჰა, გავიგე, რომ არის ხორბალი ეგვიპტეში; ჩადით იქ და იყიდეთ ჩვენთვის
ცოტაოდენი საზრდო, რათა ვიცოცხლოთ და არ მოვკვდეთ.
3. და ჩავიდა იოსების ათი ძმა ხორბლის საყიდლად ეგვიპტეში;
4. ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გაუშვა მის ძმებთან ერთად, რადგან თქვა:
ვაითუ შეუძლოდ შეიქნას იგი.
5. და მივიდნენ ისრაელის ძეები საყიდლად მიმსვლელებთან ერთად, რადგან იყო
შიმშილი ქანაანის ქვეყანაში.
6. ხოლო იოსები იყო ქვეყნის მთავარი, იგი ყიდდა ქვეყნის ყველა ხალხზე; და
მივიდნენ იოსების ძმები და თაყვანი სცეს მას პირით მიწამდე.
7. და როცა დაინახა იოსებმა თავისი ძმები, იცნო და არ გამოეცნაურა მათ და
დაელაპარაკა მათ მკაცრად და უთხრა მათ: საიდან მოხვედით? ხოლო მათ უთხრეს: ქანაანის
ქვეყნიდან საზრდოს საყიდლად.
8. და იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
9. და გაახსენდა იოსებს სიზმრები, რომლებიც ნახა მან, და უთხრა მათ: მსტოვრები
ხართ; ქვეყნის გზა-კვალის გასაგებად მოხვედით.
10. ხოლო მათ უთხრეს: არა, ბატონო, შენი მონები მოვედით საზრდოს საყიდლად;
11. ყველანი ვართ ერთი კაცის ძეები; მშვიდობიანები ვართ; არ არიან შენი მონები
მსტოვრები.
12. და უთხრა მათ: არა, ქვეყნის გზა-კვალის სანახავად მოხვედით.
13. ხოლო მათ უთხრეს: თორმეტი ძმა ვართ შენი მონები ქანაანის ქვეყანაში, და აჰა,
უმცროსი ჩვენს მამასთან არის დღეს, ხოლო ერთი აღარ არის.
14. და უთხრა მათ იოსებმა: ეს არის, რაც გითხარით თქვენ და ვთქვი, რომ მსტოვრები
ხართ;
15. ამით გამოჩნდებით: ვფიცავ ფარაონის ჯანმრთელობას, ვერ გახვალთ აქედან, თუ
თქვენი უმცროსი ძმა არ მოვა აქ.
16. გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანეთ თქვენი ძმა, ხოლო თქვენ დაკავებული
იქნებით, ვიდრე ცხადი გახდება თქვენი სიტყვები, მართალს ამბობთ თუ არა; ხოლო თუ
არა, ვფიცავ ფარაონის ჯანმრთელობას, ნამდვილად მსტოვრები ხართ.
17. და ჩასხა ისინი ციხეში სამი დღე.
18. და უთხრა მათ მესამე დღეს: ასე გააკეთეთ და იცოცხლებთ, რადგან მე ღვთისა
მეშინია.
19. თუ მშვიდობიანები ხართ, ერთი თქვენი ძმა დარჩეს ციხეში, ხოლო თქვენ
წადით და წაიღეთ თქვენი ნაყიდი ხორბალი,
20. და თქვენი უმცროსი ძმა მოიყვანეთ ჩემთან და სარწმუნო იქნება თქვენი
სიტყვები; ხოლო თუ არა, დაიხოცებით. და გააკეთეს ასე.
21. და უთხრა თითოეულმა თავის ძმას: ჰო, რადგან ცოდვაში ვართ ჩვენი ძმის გამო,
რადგან უგულებელვყავით მისი სულის გასაჭირი, როცა გვევედრებოდა ჩვენ და არ
შევისმინეთ მისი; ამის გამო მოიწია ჩვენზე ეს გასაჭირი.
22. და მიუგო რუბენმა და უთხრა მათ: არ გითხარით თქვენ და ვთქვი: ნუ მოექცევით
უსამართლოდ ყრმას? და არ შეისმინეთ ჩემი; და აჰა, მისი სისხლი შურს იძიებს.
23. ხოლო მათ არ იცოდნენ, რომ ესმის იოსებს, რადგან მთარგმნელი იყო მათ შორის.
24. და მიბრუნდა მათგან და ატირდა იოსები. და ისევ მივიდა მათთან და უთხრა მათ;
და გამოიყვანა სიმეონი მათგან და შეკრა იგი მათ წინაშე.
25. და ბრძანა იოსებმა, რომ აევსოთ მათი ჭურჭელი ხორბლით და ჩაედოთ ვერცხლი
თითოეულისთვის მის ტომარაში და მიეცათ მათთვის საგზალი. და გაუკეთეს მათ ასე.
26. და აჰკიდეს ხორბალი თავის სახედრებს და წავიდნენ იქიდან.
27. და გახსნა ერთმა თავისი აბგა, რომ მიეცა საკვები თავისი სახედრებისთვის,
სადაც შეისვენეს, და დაინახა თავისი ვერცხლის შეკვრა, და იყო აბგის პირზე;
28. და უთხრა თავის ძმებს: დამიბრუნდა მე ვერცხლი, და აჰა, იგი ჩემს აბგაშია. და
შეკრთა მათი გული და შეშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს რა გვიყო ჩვენ
ღმერთმა?
29. და მივიდნენ იაკობთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში და უამბეს მას
ყველაფერი, რაც შეემთხვათ მათ და უთხრეს:
30. გველაპარაკა კაცი, ქვეყნის ბატონი, ჩვენ მკაცრად და ჩაგვსხა ჩვენ ციხეში,
როგორც ქვეყნის მსტოვრები.
31. და ვუთხარით მას: მშვიდობიანები ვართ, არა ვართ მსტოვრები;
32. თორმეტი ძმა ვართ, ჩვენი მამის ძეები; ერთი აღარ არის, ხოლო უმცროსი ჩვენს
მამასთან არის დღეს ქანაანის ქვეყანაში.
33. და გვითხრა ჩვენ კაცმა, ქვეყნის ბატონმა: ამით გავიგებ, რომ მშვიდობიანები
ხართ; ერთი ძმა დატოვეთ აქ ჩემთან, ხოლო თქვენი სახლისთვის ნაყიდი ხორბალი წაიღეთ
და წადით,
34. და მოიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა ჩემთან და გავიგებ, რომ არა ხართ
მსტოვრები, არამედ მშვიდობიანები ხართ, და თქვენს ძმას დაგიბრუნებთ თქვენ, და
ქვეყანაში ივაჭრეთ.
35. და იყო, როცა დაცალეს მათ თავისი ტომრები, იყო ვერცხლის შეკვრა თითოეული
მათგანის ტომარაში; და დაინახეს თავისი ვერცხლის შეკვრები მათ და მათმა მამამ და
შეეშინდათ.
36. და უთხრა მათ იაკობმა, მათმა მამამ: მე უშვილოდ დამტოვეთ; იოები აღარ არის,
სიმეონი აღარ არის, ბენიამინიც მიგყავთ; ჩემზე მოიწია ეს ყველაფერი.
37. და უთხრა რუბენმა თავის მამას და თქვა: ჩემი ორი ძე მოკალი, თუ არ მოვიყვანო
იგი შენთან; მომეცი იგი მე ხელში და მე ამოვიყვან მას შენთან.
38. ხოლო მან უთხრა: არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან ერთად, რადგან მისი ძმა მოკვდა
და იგი მარტო დამრჩა; და დაუძლურდება იგი გზაზე, რომელზეც მიდიხართ, და ჩაიყვანთ
ჩემს სიბერეს მწუხარებით ჯოჯოხეთში.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|