ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 41
1. და იყო, ორი წლის შემდეგ ფარაონმა ნახა სიზმარი: თითქოს იდგა მდინარეზე,
2. და აჰა, თითქოს მდინარიდან ამოდიოდა შვიდი ძროხა, კარგი შესახედად და რჩეული
ხორცით, და ძოვდნენ ნაპირზე;
3. და სხვა შვიდი ძროხა ამოდიოდა მათ შემდეგ მდინარიდან, საძაგელი შესახედად და
მჭლე ხორცით, და ძოვდნენ იმ ძროხებთან ერთად მდინარის პირას.
4. და შეჭამა შვიდმა საძაგელმა და ხორცით მჭლე ძროხამ შვიდი შესახედად კარგი და
რჩეული ძროხა. და გამოეღვიძა ფარაონს.
5. და ესიზმრა მეორედ: და აჰა, შვიდი თავთავი ამოდიოდა ერთ ღეროზე, რჩეული და
კარგი;
6. და აჰა, შვიდი თავთავი, წვრილი და ქარცემული, იზრდებოდა მათ შემდეგ;
7. და შთანთქა შვიდმა თავთავმა, წვრილმა და ქარცემულმა, შვიდი თავთავი, რჩეული
და სავსე. და გამოეღვიძა ფარაონს, და იყო სიზმარი.
8. და იყო განთიადი და შეძრწუნდა მისი სული და გაგზავნა და მოუხმო ეგვიპტის
ყველა განმმარტებელს და მის ყველა ბრძენს; და უამბო მათ ფარაონმა სიზმარი და არავინ
იყო, ვინც აუხსნიდა მას ფარაონს.
9. და ელაპარაკა მეღვინეთმთავარი ფარაონს და უთხრა: ჩემს ცოდვას ვიხსენებ დღეს:
10. ფარაონი განურისხდა თავის მსახურებს და ჩაგვსხა ჩვენ ციხეში მცველთმთავრის
სახლში, მე და მეპურეთმთავარი.
11. და ვნახეთ სიზმარი ერთ ღამეს მე და მან; თითოეულმა ჩვენ-ჩვენი სიზმარი
ვნახეთ.
12. და იყო იქ ჩვენთან ერთად ჭაბუკი, მცველთმთავრის ებრაელი მონა, და ვუამბეთ
მას და აგვიხსნა ჩვენ.
13. და იყო, როგორც აგვიხსნა ჩვენ, ისე მოხდა: მე ისევ დამადგინეს ჩემს
გამგებლობაზე, ხოლო იგი ჩამოახრჩეს.
14. და გაგზავნა ფარაონმა და მოუხმო იოსებს და გამოიყვანეს იგი დილეგიდან და
გაკრიჭეს იგი და გამოუცვალეს მას სამოსი და მივიდა ფარაონთან.
15. და უთხრა ფარაონმა იოსებს: სიზმარი ვნახე და მისი ამხსნელი არ არის; ხოლო მე
მსმენია, შენ შესახებ რომ ამბობენ: ისმენ შენ სიზმრებს და ხსნი მათ.
16. და მიუგო იოსებმა ფარაონს და უთხრა: ღვთის გარეშე არ მიეგება ხსნა ფარაონს.
17. და ელაპარაკა ფარაონი იოსებს და უთხრა: ჩემს სიზმარში თითქოს ვიდექი
მდინარის პირას
18. და თითქოს მდინარიდან ამოდიოდა შვიდი ძროხა, კარგი შესახედად და რჩეული
ხორცით, და ძოვდნენ ნაპირზე;
19. და აჰა, სხვა შვიდი ძროხა ამოდიოდა მათ უკან მდინარიდან, ცუდი და საძაგელი
შესახედად და მჭლე ხორცით, როგორებიც არ მინახავს მთელ ეგვიპტის ქვეყანაში, ისეთი
საძაგელნი;
20. და შეჭამა შვიდმა ძროხამ, მჭლემ და საძაგელმა, პირველი შვიდი ძროხა, კარგი
და რჩეული,
21. და შევიდნენ მათ მუცლებში; და უჩინარნი გახდნენ, რადგან შევიდნენ მათ
მუცლებში; და მათი შესახედაობა იყო საძაგელი, როგორც თავდაპირველად. გამომეღვიძა და
ისევ დამეძინა.
22. და ვნახე ისევ ჩემს სიზმარში, თითქოსდა შვიდი თავთავი ამოდიოდა ერთ ღეროზე,
სავსე და კარგი;
23. ხოლო სხვა შვიდი თავთავი, წვრილი და ქარცემული, იზრდებოდა მათ შემდეგ;
24. და შთანთქა შვიდმა თავთავმა, წვრილმა და ქარცემულმა, შვიდი თავთავი, კარგი
და სავსე. ვუთხარი განმმარტებლებს და არავინ იყო, ვინც ამიხსნიდა მე.
25. და უთხრა იოსებმა ფარაონს: ფარაონის სიზმარი ასეთია: რასაც ღმერთი აკეთებს,
უჩვენა ფარაონს.
26. შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელიწადია და შვიდი კარგი თავთავი შვიდი წელიწადია;
ფარაონის სიზმარი ერთია.
27. და შვიდი მჭლე ძროხა, მათ უკან ამომავალი, შვიდი წელიწადია და შვიდი
თავთავი, წვრილი და ქარცემული, იქნება შიმშილობის შვიდი წელიწადი.
28. და ეს არის სიტყვა, რომელიც ვუთხარი ფარაონს: რასაც ღმერთი აკეთებს, უჩვენა
ფარაონს;
29. აჰა, შვიდ წელიწადს მოდის დიდი სიუხვე მთელ ეგვიპტის ქვეყანაში;
30. ხოლო მოვა შიმშილობის შვიდი წელიწადი მათ შემდეგ და დაავიწყდებათ სიმაძღრე
მთელ ეგვიპტის ქვეყანაში და მოსპობს შიმშილი ქვეყანას,
31. და არ ეცოდინებათ სიუხვე ქვეყანაზე შიმშილის გამო, რომელიც იქნება მათ
შემდეგ, რადგან მეტად ძლიერი იქნება.
32. ხოლო გამეორდა ფარაონის სიზმარი ორჯერ იმის გამო, რომ ჭეშმარიტი იქნება
სიტყვა, რომელიც ღვთისაგან არის, და დააჩქარებს ღმერთი მის აღსრულებას.
33. ამიტომ ახლა მოძებნე კაცი გონიერი და გულისხმიერი და დაადგინე იგი ეგვიპტის
ქვეყანაზე;
34. და ასე გააკეთოს ფარაონმა და დაადგინოს ადგილის მთავრები ქვეყანაზე და აიღონ
ეგვიპტის ქვეყნის სიუხვის შვიდი წლის მთელი მოსავლის მეხუთედი
35. და დააგროვონ იმ მომავალი შვიდი კარგი წლის მთელი საზრდო და დაგროვდეს
ხორბალი ფარაონის ხელქვეშ, საზრდო ქალაქებში შეინახონ.
36. და იქნება საზრდო შენახული ქვეყნისათვის შიმშილობის შვიდ წელიწადს, რომელიც
იქნება ეგვიპტის ქვეყანაში, და არ განადგურდება ქვეყანა შიმშილით.
37. მოსაწონი იყო ეს სიტყვები ფარაონისთვის და მისი ყველა მსახურისთვის;
38. და უთხრა ფარაონმა თავის ყველა მსახურს: განა ვიპოვით ასეთ კაცს, რომელშიც
არის ღვთის სული?
39. და უთხრა ფარაონმა იოსებს: რადგან გიჩვენა ღმერთმა შენ ეს ყველაფერი, არ
არის კაცი შენზე გონიერი და გულისხმიერი;
40. შენ იქნები ჩემს სახლზე და შენს სიტყვას შეისმენს მთელი ჩემი ერი; მხოლოდ
ტახტით აღგემატები მე შენ.
41. და უთხრა ფარაონმა იოსებს: აჰა, გადგენ შენ დღეს ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
42. და წაიძრო ფარაონმა ბეჭედი თავისი ხელიდან და გაუკეთა იგი ხელზე იოსებს და
შემოსა იგი ბისონის სამოსით და გაუკეთა ოქროს ყელსაბამი ყელზე;
43. და აიყვანა იგი თავის მეორე ეტლზე და აცხადებდა მის წინ მაცნე; და დაადგინა
იგი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
44. და უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ვარ ფარაონი; შენ გარეშე ვერავინ გაანძრევს
ხელს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
45. და უწოდა ფარაონმა სახელი იოსებს, ფსინთომფანექი; და მისცა მას ასენეთი,
პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასული, ცოლად.
46. ხოლო იოსები იყო ოცდაათი წლისა, როცა წარდგა ფარაონის, ეგვიპტის მეფის,
წინაშე. და გამოვიდა იოსები ფარაონისგან და მოიარა ეგვიპტის მთელი ქვეყანა.
47. და მისცა მიწამ სიუხვის შვიდ წელიწადს მოსავალი;
48. და დააგროვა შვიდი წლის მთელი საზრდო, როცა იყო სიუხვე ეგვიპტის ქვეყანაში,
და დადო საზრდო ქალაქებში, ქალაქის შემოგარენის მინდვრების საკვები დადო იქ.
49. და დააგროვა იოსებმა ხორბალი, როგორც ზღვის ქვიშა, ძალიან ბევრი, ვიდრე
შეუძლებელი არ გახდა აღრიცხვა, რადგან იყო ურიცხვი.
50. ხოლო იოსებს ჰყავდა ორი ძე შიმშილობის შვიდი წლის მოსვლამდე, რომლებიც უშვა
მას ასენეთმა, პეტეფრეს, მზის ქალაქის მღვდლის, ასულმა.
51. და უწოდა იოსებმა პირმშოს სახელი მანასე, რადგან თქვა: დამავიწყა მე ღმერთმა
ჩემი ყველა ტკივილი და ყველაფერი მამაჩემისა.
52. ხოლო მეორეს უწოდა სახელი ეფრემი, რადგან თქვა: ამაღორძინა მე ღმერთმა ჩემი
დამდაბლების ქვეყანაში.
53. და გავიდა სიუხვის შვიდი წელიწადი, რომელიც იყო ეგვიპტის ქვეყანაში,
54. და დაიწყო შიმშილობის შვიდმა წელიწადმა მოსვლა, როგორც თქვა იოსებმა. და იყო
შიმშილი მთელ ქვეყანაზე, ხოლო ეგვიპტის მთელ ქვეყანაში იყო პური.
55. და დაიმშა ეგვიპტის მთელი ქვეყანა და შეჰღაღადა ერმა ფარაონს პურის გამო; და
უთხრა ფარაონმა ყველა ეგვიპტელს: წადით იოსებთან და რასაც გეტყვით თქვენ, გააკეთეთ.
56. და შიმშილი იყო მთელი ქვეყნის პირზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და
ჰყიდდა ყველა ეგვიპტელზე.
57. და მთელი ქვეყანა მიდიოდა ეგვიპტეში საყიდლად იოსებთან, რადგან გაძლიერდა
შიმშილი მთელ ქვეყანაზე.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|