ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 40


1. და იყო, ამ ამბების შემდეგ შესცოდეს ეგვიპტის მეფის მეღვინეთმთავარმა და მეპურეთმთავარმა თავის ბატონს, ეგვიპტის მეფეს.

2. და განურისხდა ფარაონი თავის ორივე საჭურისს, მეღვინეთმთავარს და მეპურეთმთავარს,

3. და ჩასხა ისინი ციხეში მცველთმთავართან საპყრობილეში, იმ ადგილას, იქ, სადაც იოსები იყო შეპყრობილი.

4. და ჩააბარა საპყრობილის მთავარმა იოსებს ისინი, და ემსახურებოდა მათ; და იყვნენ მრავალი დღე ციხეში.

5. და ნახა ორივემ სიზმარი, თითოეულმა - სიზმარი; ერთ ღამეს ჰქონდათ ხილვა თავისი სიზმრისა - ეგვიპტის მეფის მეღვინეთმთავარს და მეპურეთმთავარს, რომლებიც იყვნენ საპყრობილეში.

6. და შევიდა მათთან იოსები განთიადისას და ნახა ისინი, და იყვნენ შეძრწუნებულნი.

7. და ჰკითხა ფარაონის საჭურისებს, რომლებიც იყვნენ მასთან ერთად ციხეში მის ბატონთან, და უთხრა: რატომ არის თქვენი სახეები დამწუხრებული დღეს?

8. ხოლო მათ უთხრეს მას: სიზმარი ვნახეთ და მისი ამხსნელი არ არის. და უთხრა მათ იოსებმა: განა ღვთისაგან არ არის მათი განმარტება? მიამბეთ მე.

9. და უამბო მეღვინეთმთავარმა თავისი სიზმარი იოსებს და უთხრა: ჩემს სიზმარში იყო ვაზი ჩემ წინაშე;

10. ხოლო ვაზზე იყო სამი რტო, და იგი ყვაოდა და გამოეღო ყლორტები; მწიფე იყო ყურძნის მტევნები.

11. და ფარაონის სასმისი ჩემს ხელში იყო; და ავიღე ყურძენი და ჩავწურე იგი სასმისში და მივეცი სასმისი ხელში ფარაონს.

12. და უთხრა მას იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი რტო სამი დღეა;

13. კიდევ სამი დღე და გაახსენდება ფარაონს შენი გამგებლობა და ისევ დაგადგენს შენ შენს მეღვინეთმთავრობაზე და მისცემ სასმისს ფარაონს ხელში შენი პირველი გამგებლობისამებრ, როგორც იყავი მწდე.

14. მაშინ გამიხსენე მე შენ თვითონ, როცა სიკეთე მოგეგება შენ, და მოიღე ჩემზე წყალობა და გაახსენე ჩემ შესახებ ფარაონს და გამომიყვანე მე ამ დილეგიდან;

15. რადგან პარვით მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია, მაგრამ ჩამაგდეს მე ამ ორმოში.

16. და ნახა მეპურეთმთავარმა, რომ სწორად ახსნა, და უთხრა იოსებს: მეც ვნახე სიზმარი: და თითქოს მარცვლეულის სამი კალათი მედგა თავზე;

17. ხოლო ზედა კალათში იყო მეპურის ნახელავის ყველა სახეობა, რასაც მეფე ფარაონი ჭამს, და ცის ფრინველები ჭამდნენ მათ კალათიდან, რომელიც იყო ჩემს თავზე.

18. და მიუგო იოსებმა და უთხრა მას: ეს არის მაგისი ახსნა: სამი კალათი სამი დღეა;

19. კიდევ სამი დღე და მოგკვეთს ფარაონი შენ თავს და ჩამოგკიდებს შენ ხეზე, და შეჭამენ ცის ფრინველები შენს ხორცს.

20. და იყო, მესამე დღეს ფარაონის შობის დღე იყო და გამართა სმა ყველა თავისი მსახურისთვის. და გაახსენდა მეღვინეთმთავრის გამგებლობა და მეპურეთმთავრის გამგებლობა თავის მსახურთა შორის.

21. და ისევ დაადგინა მეღვინეთმთავარი მის გამგებლობაზე, და მისცა სასმისი ხელში ფარაონს,

22. ხოლო მეპურეთმთავარი ჩამოახრჩო, როგორც აუხსნა მათ იოსებმა.

23. და აღარ გაახსენდა მეღვინეთმთავარს იოსები, არამედ დაავიწყდა იგი.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი