ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 39
1. ხოლო იოსები ჩავიდა ეგვიპტეში და იყიდა იგი პეტეფრამ, ფარაონის საჭურისმა,
მცველთმთავარმა, ეგვიპტელმა კაცმა, ისმაელელთა ხელიდან, რომლებმაც ჩაიყვანეს იგი
იქ.
2. და იყო უფალი იოსებთან და იყო კაცი წარმატებული და იყო სახლში ეგვიპტელ
ბატონთან.
3. და იცოდა მისმა ბატონმა, რომ უფალი არის მასთან და რასაც გააკეთებს, უფალი
წარუმართავს გზას.
4. და პოვა იოსებმა მადლი თავისი ბატონის წინაშე და სათნო იყო მისთვის და
დაადგინა იგი თავის სახლზე და ყოველივე, რაც ჰქონდა მას, მისცა ხელში იოსებს.
5. და იყო მისი დადგენის შემდეგ მის სახლზე და ყოველივეზე, რაც ჰქონდა მას,
აკურთხა უფალმა ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა მთელ მის
ქონებაზე სახლში და მინდორში.
6. და გადასცა ყოველივე, რაც ჰქონდა მას, ხელში იოსებს და არ იცოდა იმის
შესახებ, რაც ჰქონდა მას, არაფერი, გარდა პურისა, რასაც ჭამდა იგი. და იყო იოსები
ლამაზი სახით და ძლიერ შვენიერი შესახედად.
7. და იყო, ამ ამბების შემდეგ დაადგა მისი ბატონის ცოლმა თვალი იოსებს და უთხრა:
დაწექი ჩემთან.
8. ხოლო მან არ ისურვა და უთხრა თავისი ბატონის ცოლს: თუ ჩემმა ბატონმა არ იცის
ჩემი წყალობით არაფერი თავის სახლში და ყველაფერი, რაც აქვს მას, მომცა მე ხელთ
9. და არ აღმემატება ამ სახლში არავინ, არც დაუჭერია ჩემთვის არაფერი შენ გარდა,
რადგან შენ მისი ცოლი ხარ, როგორღა ჩავიდინო ეს ბოროტი საქმე და შევცოდო ღვთის
წინაშე?
10. და როცა ელაპარაკებოდა იოსებს დღიდან დღემდე, აღარ უსმენდა მას, რომ
დაწოლილიყო მასთან და ყოფილიყო მასთან.
11. და იყო ერთი ასეთი დღე და შევიდა იოსები სახლში თავის საქმეების
გასაკეთებლად და არავინ იყო სახლეულთაგან შინ.
12. და ჩაეჭიდა მას სამოსზე და უთხრა: დაწექი ჩემთან. და შეატოვა სამოსი მას
ხელებში და გაიქცა და გავიდა გარეთ.
13. და იყო, როგორც კი დაინახა, რომ შეატოვა თავისი სამოსი მას ხელებში და
გაიქცა და გავიდა გარეთ,
14. მოუხმო სახლში მყოფებს და უთხრა მათ და თქვა: შეხედეთ, შემოიყვანა ჩვენთან
ებრაელი მონა ჩვენს დასაცინად; შემოვიდა ჩემთან და მითხრა: დაწექი ჩემთან. და
ვიყვირე დიდი ხმით;
15. ხოლო როცა გაიგონა მან, რომ ავიმაღლე ხმა და ვიყვირე, შემატოვა თავისი
სამოსი მე და გაიქცა და გავიდა გარეთ.
16. და დაიტოვა სამოსი თავისთან, ვიდრე არ მოვიდა ბატონი თავის სახლში.
17. და ელაპარაკა მას ამ სიტყვებით და უთხრა: შემოვიდა ჩემთან ებრაელი მონა,
რომელიც შემოიყვანე ჩვენთან, ჩემს დასაცინად და მითხრა მე: დავწვები შენთან.
18. ხოლო როგორც კი გაიგონა, რომ ავიმაღლე ხმა და ვიყვირე, შემატოვა სამოსი მე
და გაიქცა და გავიდა გარეთ.
19. და იყო, როგორც კი გაიგონა მისმა ბატონმა თავისი ცოლის სიტყვები, რაც
ელაპარაკა მას და უთხრა: ასე მომექცა მე შენი მონა, - განრისხდა გულისწყრომით.
20. და წაიყვანა ბატონმა იოსები და შეაგდო იგი დილეგში, იმ ადგილას, სადაც მეფის
პატიმრები იყვნენ დაჭერილები, იქ, იმ დილეგში.
21. და იყო უფალი იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა და მისცა მას მადლი
საპყრობილის მცველთა მთავრის წინაშე.
22. და მისცა საპყრობილის მცველთა მთავარმა საპყრობილე ხელში იოსებს და ყველა
პყრობილი, და ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ იქ.
23. არ იცოდა საპყრობილის მცველთა მთავარმა მისი წყალობით არაფერი, რადგან
ყველაფერი იყო იოსების ხელში, იმიტომ რომ უფალი იყო მასთან, და რასაც იგი აკეთებდა,
უფალი წარმართავდა მისი ხელით.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|