ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 38


1. და იყო, იმ დროს წამოვიდა იუდა თავისი ძმებისგან და მივიდა ვიღაც ოდოლამელ კაცთან, რომლის სახელია ირასი.

2. და დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის ასული, რომლის სახელია სავა, და მოიყვანა იგი და შევიდა მასთან.

3. და მუცლადიღო და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი ერი.

4. და მუცლადიღო კვლავ და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი ავნანი.

5. და შემატა კვლავ და შვა ძე, და უწოდა მისი სახელი სელომი. და იგი იყო ქაზბიში, როცა შვა ისინი.

6. და მოუყვანა იუდამ ერს, თავის პირმშოს, ცოლი, რომლის სახელია თამარი.

7. და იყო ერი, იუდას პირმშო, ბოროტი უფლის წინაშე და მოკლა იგი ღმერთმა.

8. და უთხრა იუდამ ავნანს: შენი შენი ძმის ცოლთან და შეირთე იგი და აღუდგინე თესლი შენს ძმას.

9. და იცოდა ავნანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი; და იყო, როცა შედიოდა თავისი ძმის ცოლთან, ღვრიდა მიწაზე, რომ არ მიეცა თესლი თავის ძმისთვის.

10. და ბოროტად გამოჩნდა ღვთის წინაშე, რადგან გააკეთა ეს; და მოკლა ისიც.

11. და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: დაჯექი ქვრივად შენი მამის სახლში, ვიდრე დიდი გახდება სელომი, ჩემი ძე; რადგან თქვა: ვაითუ მოკვდეს ისიც, როგორც მისი ძმები. და წავიდა თამარი და დაჯდა თავისი მამის სახლში.

12. და გავიდა მრავალი დღე და მოკვდა სავა, იუდას ცოლი; და ინუგეშა იუდამ და ავიდა თავისი ცხვრის მპარსავებთან, ის და ირასი, მისი ოდოლამელი მწყემსი, თამნაში.

13. და შეატყობინეს თამარს, მის რძალს, და უთხრეს: აჰა, შენი მამამთილი ადის თამნაში თავისი ცხვრის გასაპარსად.

14. და გაიხადა ქვრივობის სამოსი და შემოისხა მოსასხამი და მოირთო და დაჯდა კარიბჭესთან ენანისა, რომელიც არის თამნას გზაზე, რადგან ნახა, რომ დიდი გახდა სელომი, ხოლო მან არ მისცა იგი მას ცოლად.

15. და დაინახა იგი იუდამ და ეგონა, რომ იგი მეძავია, რადგან დაეფარა თავისი პირი, და ვერ იცნო იგი.

16. და გადაუხვია მისკენ გზაზე და უთხრა მას: ნება მომეცი მე, რომ შემოვიდე შენთან; - რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. ხოლო მან უთხრა: რას მომცემ მე, თუ შემოხვალ ჩემთან?

17. და მან უთხრა: მე შენ გამოგიგზავნი თხის თიკანს ფარიდან. ხოლო მან უთხრა: მომეცი წინდი, ვიდრე გამომიგზავნი შენ.

18. და მან უთხრა: რა წინდი მოგცე შენ? ხოლო მან უთხრა: შენი ბეჭედი და მძივი და კვერთხი, რომელიც შენს ხელშია. და მისცა მას და შევიდა მასთან, და მუცლადიღო მისგან.

19. და ადგა და წავიდა და მოიხსნა მოსასხამი და ჩაიცვა თავისი ქვრივობის სამოსი.

20. და გაუგზავნა იუდამ თიკანი თხებიდან თავისი ოდოლამელი მწყემსის ხელით, რათა მიეღო წინდი დედაკაცისგან, და ვერ იპოვა იგი.

21. და ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის მეძავი, რომელიც იყო ენანში, გზაზე? და უთხრეს: არ ყოფილა აქ მეძავი.

22. და დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე; და იმ ადგილის კაცები ამბობენ: არ არის აქ მეძავი.

23. და თქვა იუდამ: ჰქონდეს ისინი, მაგრამ ნუღარ დაგვცინებენ; მე გავუგზავნე ეს თიკანი, ხოლო შენ ვერ იპოვე.

24. და იყო, სამი თვის შემდეგ შეატყობინეს იუდას და უთხრეს: ისიძვა თამარმა, შენმა რძალმა, და აჰა, მუცლადიღო სიძვით. და თქვა იუდამ: გამოიყვანეთ იგი და დაიწვას.

25. ხოლო როცა იგი გამოიყვანეს, გაუგზავნა თავის მამამთილს და თქვა: იმ კაცისთან, ვისიც არის ესენი, ვარ მე მუცლადღებული, და უთხრა: ამოიცანი, ვისია ბეჭედი და მძივი და ეს კვერთხი.

26. და ამოიცნო იუდამ და თქვა: გამართლდა თამარი ჩემზე მეტად, რადგან არ მივეცი იგი სელომს, ჩემს ძეს. და მეტად აღარ შეუცვნია იგი.

27. და იყო, როცა შობდა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.

28. და იყო, როცა შობდა იგი, ერთმა წინ გამოყო ხელი; და აიღო ყრმის ამქმელმა და შეაბა მის ხელს მეწამული და თქვა: ეს გამოვა პირველი.

29. და როგორც კი შეყო ხელი, მაშინვე გამოვიდა მისი ძმა. და მან თქვა: რად გაირღვა შენთვის ზღუდე? და უწოდა მისი სახელი ფარეზი.

30. და ამის შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომლის ხელზეც იყო მეწამული; და უწოდა მისი სახელი ზარა.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი