ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 37
1. და დამკვიდრდა იაკობი ქვეყანაში, სადაც მწირობდა მისი მამა, ქანაანის
ქვეყანაში.
2. ხოლო ესენი არიან იაკობის შთამომავლები; იოსები ჩვიდმეტი წლის ჭაბუკი იყო და
მწყემსავდა თავის ძმებთან ერთად ცხვარს, თავისი მამის ცოლების: ბალას, ძეებთან და
ზელფას, ძეებთან ერთად; და მიუტანეს იოსებზე ცუდი ამბები ისრაელს, თავის მამას.
3. ხოლო იაკობს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან სიბერის ძე იყოს
მისთვის; და დაუმზადა მას ჭრელი სამოსი.
4. და როცა ნახეს ძმებმა, რომ ის უყვარს მამას თავის ყველა ძეზე მტად, შეიძულეს
იგი და არ შეეძლოთ მისთვის რაიმეს თქმა მშვიდობიანად.
5. და ესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო იგი თავის ძმებს
6. და უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა:
7. თითქოს ჩვენ ვკრავდით ძნებს შუაგულ მინდორში და ადგა ჩემი ძნა და წამოიმართა
და გარშემოერტყნენ თქვენი ძნები და თაყვანი სცეს ჩემს ძნას.
8. და უთხრეს მას ძმებმა: განა მეფობით იმეფებ ჩვენზე ან ბატონობით გვიბატონებ
ჩვენ? და კიდევ მოემატათ მისი სიძულვილი მისი სიზმრების გამო და მისი სიტყვების
გამო.
9. და ნახა სხვა სიზმარი და უამბო იგი თავის მამას და თავის ძმებს და უთხრა:
აჰა, მესიზმრა სხვა სიზმარი, თითქოს მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი თაყვანს
მცემდნენ მე.
10. და გაკიცხა იგი მისმა მამამ და უთხრა მას: რა არის ეგ სიზმარი, რომელიც
გესიზმრა? ნუთუ მოსვლით მოვალთ მე და დედაშენი და შენი ძმები და თაყვანს გცემთ შენ
მიწამდე?
11. და შეშურდათ მისი მის ძმებს, ხოლო მისმა მამამ დაიმარხა ეს სიტყვა.
12. და წავიდნენ მისი ძმები, რომ ეძოვებინათ თავისი მამის ცხვარი, სიქემში.
13. და უთხრა ისრაელმა იოსებს: შენი ძმები არ მწყემსავენ სიქემში? მოდი,
გაგგზავნი შენ მათთან. და უთხრა მას: აჰა, მე.
14. და უთხრა მას ისრაელმა: წადი და ნახე, ჯანმრთელად თუ არიან შენი ძმები და
ცხვარი და შემატყობინე მე. და გაგზავნა იგი ქებრონის ხევიდან, და მივიდა სიქემში.
15. და ნახა იგი კაცმა გზააბნეული ველზე; და ჰკითხა მას კაცმა და უთხრა: რას
ეძებ?
16. ხოლო მან უთხრა: ჩემს ძმებს ვეძებ; მითხარი მე, სად აძოვებენ.
17. და უთხრა მას კაცმა: წავიდნენ აქედან, რადგან გავიგონე, რომ ისინი
ამბობდნენ: წავიდეთ დოთაიმში. და გაჰყვა იოსები კვალდაკვალ თავის ძმებს და იპოვა
ისინი დოთაიმში.
18. და დაინახეს იგი შორიდან, ვიდრე მიუახლოვდებოდა იგი მათ და ბოროტად
განიზრახეს მისი მოკვლა.
19. და უთხრა თითოეულმა თავის ძმას: აჰა, ის მესიზმრე მოდის;
20. ახლა მოდი, მოვკლათ იგი და ჩავაგდოთ იგი ერთ-ერთ ჭაში და ვთქვათ: ბოროტმა
მხეცმა შეჭამა იგი; და ვნახავთ, რა იქნება მისი სიზმრებიდან.
21. და გაიგონა რუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან და თქვა: არ მოვკლათ მისი
სული.
22. და უთხრა მათ რუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს; ჩააგდეთ იგი ამ ჭაში, რომელიც
უდაბნოშია, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე. - რათა დაეხსნა იგი მათი ხელიდან და
გადაეცა იგი თავისი მამისთვის.
23. და იყო, როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს ჭრელი სამოსი,
რომელიც ემოსა,
24. და წაიყვანეს იგი და ჩააგდეს ჭაში; ხოლო ჭა ცარიელი იყო, წყალი არ იდგა.
25. და დასხდნენ პურის საჭმელად და აახილეს თვალები და დაინახეს: აჰა, მოგზაური
ისმაელელები მოდიოდნენ გალაადიდან და მათი აქლემები დატვირთულები იყვნენ საკმევლით
და მკვრისკევით და შტახსით; და მიდიოდნენ, რომ ჩაეტანათ ეგვიპტეში.
26. და უთხრა იუდამ თავის ძმებს: რა სარგებელია, თუ მოვკლავთ ჩვენს ძმას და
დავფარავთ მის სისხლს?
27. მოდი მივყიდოთ იგი ამ ისმაელელებს და ჩვენი ხელი ნუ იქნება მასზე, რადგან
ჩვენი ძმა და ჩვენი ხორცია. და ისმინეს ძმებმა მისი.
28. და გამოიარეს კაცებმა, მადიამელმა ვაჭრებმა, და გამოსწიეს და ამოიყვანეს
იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელელებს ოც ოქროდ; და ჩაიყვანეს იოსები
ეგვიპტეში.
29. და დაბრუნდა რუბენი ჭასთან და ვერ ნახა იოსები ჭაში და შემოიხია თავისი
სამოსი.
30. და დაბრუნდა თავის ძმებთან და უთხრა: ყრმა არ არის; და მე სადღა წავიდე?
31. და აიღეს იოსების სამოსი და დაკლეს თხის თიკანი და ამოსვარეს სამოსი
სისხლში.
32. და გაგზავნეს ჭრელი სამოსი და შეუტანეს თავის მამას და უთხრეს: ეს ვიპოვეთ;
ამოიცანი, შენი ძის სამოსია თუ არა.
33. და ამოიცნო იგი და თქვა: სამოსი ჩემი ძისაა; ბოროტმა მხეცმა შეჭამა იგი,
მხეცმა მოიტაცა იოსები.
34. და შემოიხია იაკობმა თავისი სამოსი და შეიმოსა ძაძა თავის წელზე და გლოვობდა
თავის ძეს მრავალ დღეს.
35. და შეიკრიბა მისი ყველა ძე და ასული და მივიდნენ მის სანუგეშებლად, და არ
ისურვა ნუგეშისცემა და თქვა: ჩავალ ჩემს ძესთან მგლოვიარე ჯოჯოხეთში. და დასტიროდა
მას მისი მამა.
36. ხოლო მადიამელებმა მიჰყიდეს იოსები ეგვიპტეში პეტეფრას, ფარაონის საჭურისს,
მცველთმთავარს.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|