ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 50
1. და დაემხო იოსები თავის მამას სახეზე და დასტიროდა მას და ეამბორებოდა მას.
2. და უბრძანა იოსებმა თავის მსახურებს, შემმურველებს, თავისი მამის შემურვა და
შემურეს შემმურველემა ისრაელი.
3. და შეუსრულეს მას ორმოცი დღე, რადგან ასე აღირაცხება დასაფლავების დღეები. და
იგლოვა იგი ეგვიპტემ სამოცდაათი დღე.
4. და როგორც კი გავიდა გლოვის დღეები, დაელაპარაკა იოსეი ფარაონის დიდებულებს
და უთხრა: თუ ვპოვე მადლი თქვენ წინაშე, თქვით ფარაონის ყურადსაღებად და უთხარით:
5. მამაჩემმა დამაფიცა მე და მითხრა: სამარახში, რომელიც გავთხარე ჩემთვის
ქანაანის ქვეყანაში, იქ დამასაფლავე მე; ამიტომ ახლა ავალ და დავასაფლავებ მამაჩემს
და დაბრუნდები.
6. და უთხრა ფარაონმა: ადი, დაასაფლავე მამაშენი, როგორც დაგაფიცა შენ.
7. და ავიდა იოსები, რათა დაესაფლავებინა თავისი მამა, და ავიდნენ მასთან ერთად
ფარაონის ყველა მსახური და მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა
უხუცესი
8. და იოსების მთელი სახლეული და მისი ძმები და მთელი მისი მამისეული სახლი; და
ნათესაობა და ცხვარი და ძროხა დატოვეს გესემის მიწაზე.
9. და ავიდნენ მასთან ერთად ეტლებიც და მხედრებიც და გახდა ბანაკი ძლიერ დიდი.
10. და მივიდა ატადის კალოებზე, რომელიც არის იორდანის გაღმა, და გოდებდნენ
მასზე დიდი გოდებით და მეტად ძლიერ; და მოუწყო გლოვა თავის მამას შვიდი დღე.
11. და დაინახეს ქანაანის ქვეყნის მცხოვრებლებმა გლოვა ატადის კალოებზე და
თქვეს: დიდი გლოვაა ეს ეგვიპტელთათვის; ამის გამო ეწოდა იმ ადგილს სახელი ეგვიპტის
გლოვა, რომელიც არის იორდანის გაღმა.
12. და გაუკეთეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უბრძანა მათ.
13. და წაიღეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში და დაასაფლავეს იგი ორმაგ
გამოქვაბულში, გამოქვაბულში, რომელიც შეიძინა აბრაამმა საკუთრებად სამარხისათვის
ეფრონ ქეტელისგან მამბრეს პირდაპირ.
14. და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, ის და მისი ძმები და ვინც მასთან ერთად
ავიდა, რათა დაესაფლავებინათ მისი მამა.
15. და როცა დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, თქვეს: ვაითუ
გაგვიხსენოს ჩვენ უკეთურება იოსებმა და მოსააგებელი მოგვაგოს ჩვენ ყველა
უკეთურებისათვის, რაც ვაჩვენეთ მას.
16. და მივიდნენ იოსებთან და უთხრეს: მამაშენმა დაიფიცა, ვიდრე აღესრულებოდა იგი
და თქვა:
17. ასე უთხარით იოსებს: მიუტევე მათ მათი უსამართლობა და ცოდვა, რადგან
ბოროტება გაჩვენეს შენ; და ახლა შეიწყალე მამაშენის ღვთის მსახურთა უსამართლობა. და
ატირდა იოსები, როცა ელაპარაკებოდნენ ისინი მას.
18. და მივიდნენ მასთან და უთხრეს: აჰა, ჩვენ შენი მონები ვართ.
19. და უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ, რადგან ღვთისა ვარ მე.
20. თქვენ განიზრახეთ ჩემთვის ბოროტი, ხოლო ღმერთმა განიზრახა ჩემთვის კეთილი,
რომ ყოფილიყო, როგორც დღეს, რათა გამოკვებილიყო მრავალი ერი.
21. და უთხრა მათ: ნუ გეშინიათ, მე გამოგკვებავთ თქვენ და თქვენს სახლებს. და
ანუგეშა ისინი და ელაპარაკა, როგორც მათ გულებს უნდოდათ.
22. და დამკვიდრდა იოსები ეგვიპტეში, ის და მისი ძმები და მისი მამის მთელი
სახლეული. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.
23. და ნახა იოსებმა ეფრემის შვილები მესამე თაობამდე და მანასეს ძის, მაქირის,
ძეები იშვნენ იოსების მუხლებზე.
24. და უთხრა იოსებმა თავის ძმებს და თქვა: მე ვკვდები; მოხედვით მოგხედავთ
თქვენ ღმერთი და გაგიყვანთ თქვენ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც შეჰფიცა
ღმერთმა ჩვენს მამებს: აბრაამს და ისააკს და იაკობს.
25. და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძეები და უთხრა: მოხედვისას, რომლითაც
მოგხედავთ თქვენ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები თქვენ აქედან.
26. და აღესრულა იოსები ას ათი წლისა; და დაასაფლავეს იგი და ჩადეს იგი
ლუსკუმაში, ეგვიპტეში.
წინა - - - სარჩევი - - -
|